ვახო ხუზმიაშვილი ,,რ 2″-დან წასულ ჟურნალისტებს: ,,ჩვენი ადგილების დაკავება მოსულა?”

ვახო ხუზმიაშვილი ,,რ 2"-დან წასულ ჟურნალისტებს: ,,ჩვენი ადგილების დაკავება მოსულა?"ნიკა გვარამიას ,,მთავარი არხი” მაუწყებლობას 9 სექტემბერს, ტელეკომპანია ,,იბერიის” შენობიდან დაიწყებს.

,,იბერიის” ყოფილმა ჟურნალისტებმა ამის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს, მათ შორის ვახო ხუზმიაშვილმა, რომელიც ამ არხზე საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა. მან სოციალურ ქსელში დაწერა:

,,იმ ეზოდან, საიდანაც დღეს ლაივებს გვთავაზობენ, ბევრი ისტორია მაკავშორებს. ჯერ კიდევ 2004 წლის 19 თებერვალს, როცა სპეცდანიშნულების რაზმი შემოვარდა, ,,იბერია” დაარბიეს და ავტომატიანი სპეცრაზმელების წინ მოკროფონით ხელში ვიდექი. ამის მერე მეორე ისტორია დაიწყო, როდესაც სექტემბერში, როცა პირადად მეგონა, რომ სიტყვის თავისუფლებას ვიცავდი, აღმოჩნდა, რომ ოქუაშვილს სინამდვილეში თავისუფალი სიტყვა კი არა,  მილიონები აინტერესებდა.

თითქმის ერთი წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში, როგორც ჟურნალიატოსთვის, ყველა კარი ჩაკეტილი აღმოჩნდა. იმის მაგივრად, რომ მე და ჩემს კოლეგებს, რომლებიც ,,იბერიაში” ვმუშაობდით, კოლეგების მხრიდან სოლიდარობა მიგვეღო, დღეს ჩვენს ადგილებზე, ჩვენს სამუშაო მაგიდებთან, ჩვენს მოკრძალებულ ნიუსრუმში და სტუდიებში დასხდნენ.

ძალიან გულსატკენია მაშინ, როცა ჩვენი ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია, ,,იბერიის” შენობაში ასე შესვლა და იქიდან მაუწყებლობის დაწყების დაანონსება. თქვენს ადგილებზე თუ ,,რუსთავი 2″-ში მისვლა არ შეიძლება, ჩვენი ადგილების დაკავება მოსულა?”.

ოქუაშვილის ცოლმა, დეპუატატმა ნატო ჩხეიძემ  ყოფილ ჟურნალისტებს  სოციალური ქსელით უპასუხა.

,,რადგან ჟურნალისტი თამარ ურუშაძე მე მომმართავს და პასუხს ჩემგან ელის, ცხადია, კიდეც გავცემ პასუხს.

ისე კი ძალიან დასანანია, რომ ლამაზ სხეულში ყოველთვის ვერ ყოფილა ლამაზი სული… მივყვეთ მოვლენებს:
ნიუსების ჟურნალისტებმა მიკროფონები დადეს და ოპერატორებმა კამერები დააწყვეს 16 ოქტომბერს – გუშინ, 15 ოქტომბერს ბოლო 2 კვირის ხელფასის ჩარიცხვა 1 დღით რატომ დაგვიანდაო… და სანამ არ ჩაგვერიცხება, ვერც მოვალთო, არც ტრანსპორტის თანხა არ გვაქვსო, არც პატარის პამპერსის საყიდელი თანხა აღარ გვაქვს ოჯახში დასატოვებლად და არც მოხუცისთვის წამლის თანხაო და არც პურის საყიდელი თანხაო. 2 კვირიდან 2 კვირამდე ვცხოვრობთ და ვერც ერთ დღეს დაგვიანებას ვერ მოვითმენთო და… სუს-ის მიერ მიწოდებული მესიჯებით დაიწყეს აქციები პროფკავშირის დახმარებით და მათთან ერთად.

ამას ჰქვია, ჟურნალისტ ურუშაძის შეფასებით, „იბერიის“ მხრიდან კარის გამოჯახუნება.

შეხვედრისას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პათეტიკურად მკითხა, ჩვენ რომ აქ ჯარისკაცებივით ვართ, ამას ვერ ხედავთო?

ვხედავ, როგორ ვერ ვხედავ-მეთქი, ვუპასუხე, მაგრამ ჯარისკაცი რომ იარაღს დადებს, იმას დეზერტირი ჰქვია, ასე გამიგია-მეთქი, დავამატე.

მე ახლაც იგივე აზრის ვარ.

პ.ს. როგორც ჩანს, მორალს, ისევე, როგორც ბევრ სხვა რამეს, სხვადასხვა კუთხიდან უყურებენ ახვადასხვა მორალის ადამიანები.

პ.პ.ს.
ყველა თანამშრომელმა, უკლებლივ ყველამ, მათაც, სიუჟეტების მომზადების ნაცვლად „იბერიის“ წინააღმდეგ აქციებს რომ აწყობდნენ, მიიღეს მთელი ოქტომბრის ანაზღაურება.

„იბერიის“ წინააღმდეგ აქციების მომწყობ 18 ჟურნალისტსა და 39 ოპერატორ-მენონტაჟეს ახლა დავა აქვს სასამართლოში კომპენსაციაზე.

ჩვენი სასამართლოს სამართლიანობა ყველას მოეხსენება, მით უფრო, პოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითხებზე.
როგორც ჩანს, მაინც ერთულებათ, რადგან თებერვლის მერე პროცესი არ განუახლებიათ.

უმუშევრად დარჩენილმა ამ ჟურნალისტ-ოპერატორ-მემონტაჟეებმა (ორგანიზატორებმაც და აყოლილებმაც) კარგი იქნება, იცოდნენ, რომ სანამ ნაბიჯს გადადგამენ, გაიაზრონ იმ ნაბიჯის მნიშვნელობა და გაიხსენონ ქართული ანდაზა: ვირმა პალო ამოაძრო, ერთი სხვასა ჰკრა და ათი თვითონ იკრაო”.