სახელმწიფო ვალს არ აპატიებს ,,რუსთავი 2″-ს, ,,იმედს” და ,,მაესტროს” – ,,ეს მანკიერება უნდა დამთავრდეს!”

სახელმწიფო ვალს არ აპატიებს ,,რუსთავი 2"-ს, ,,იმედს" და ,,მაესტროს" - ,,ეს მანკიერება უნდა დამთავრდეს!"ტელეკომპანიებისგან, რომლებსაც წლების განმავლობაში საგადასახადო დავალიანებები დაუგროვდათ, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ძველი დავალიანებების რესტრუქტურიზაციისა და დაფარვის გრაფიკის საკუთარი წინადადებების წარდგენას ითხოვს.

მაჭავარიანის თქმით, საკმაოდ დიდი საგადასახადო დავალიანება აქვს „იმედს“. „რუსთავი 2“-ის დავალიანება დაახლოებით 28 მლნ ლარის ფარგლებშია, „იმედის“ – 19 მლნ-ს ფარგლებში, ხოლო „მაესტროს“ – 8 მილიონზე მეტი.

ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სხვადასხვა ხელისუფლებების დროს დამკვიდრებული იყო მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ტელევიზიები აგროვებენ ვალებს და შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან ხდება მათი ჩამოწერა. მინისტრის თქმით, ამჯერად ასე არ მოხდება და ეს მანკიერი პრაქტიკა უნდა დასრულდეს. ივანე მაჭავარიანი მოუწოდებს ტელევიზიებს, მაქსიმუმ ორი კვირის ვადაში მიაწოდონ მათი შეთავაზებები. მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ტელევიზიებმა არ უნდა დააგროვონ ახალი ვალები. ის მოუწოდებს ტელევიზიებს, რომ მიმდინარე გადასახადები გადაიხადონ.
-ზოგადად, ისტორიას თუ გადავხედავთ, სხვადასხვა პერიოდში საქართველოში ეს მანკიერი პრაქტიკა, სამწუხაროდ, არსებობდა. ტელეკომპანიები იგროვებდნენ ვალებს, მერე ხდებოდა რაღაც ამნისტიის მსგავსი ჩამოწერა. ეს ხდებოდა სხვადასხვა ხელისუფლების დროს.

ვფიქრობ, დადგა დრო, რომ აღნიშნული საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გასწორდეს და გეტყვით, რა არის ჩვენი ხედვა ამის მოგვარებისა და გასწორების. მოტივი არის ის, რომ არიან ტელევიზიები, გაცილებით მცირე ზომის, მაგრამ არ აგროვებენ დავალიანებას და იხდიან პატიოსნად. ვფიქრობ, ეს საერთოდ არ არის სამართლიანი და მგონი, უხერხულიცაა.

მაგალითად, აქ ვხედავ „ტვ პირველის“ წარმომადგენელს და მიკროფონს. აღნიშნული ტელევიზია ამ წლების განმავლობაში პატიოსნად იხდიდა, ასევე იყო მაგალითად, „კავკასია“.

ვფიქრობ, ერთ საკანონმდებლო სივრცეში ვართ, ვერავინ იტყვის, რა დააშავეს ამ ადამიანებმა, რომლებიც პატიოსნად იხდიან გადასახადებს. შესაბამისად, რასაკვირველია, პირველ რიგში, მოტივაცია არის, რომ ეს ამბავი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს, გასწორდეს და ყველამ უნდა დაიწყოს გადასახადის გადახდა. ჩვენ, ამ შემთხვევაში, მე, ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის სახელით მინდა, მივმართო და მოვუწოდო ტელევიზიებს, რომ უახლოეს ვადაში, უახლოესი ერთი, მაქსიმუმ ორი კვირა, მოვიდნენ თავიანთი შემოთავაზებებით, როგორ ხედავენ ძველი ვალის რესტრუქტურიზაციას, შეთანხმებას, გრაფიკს.

თუმცა პირველ რიგში, რაც არის ყველაზე მთავარია და დღეიდანვე უნდა მოხდეს, ეს არის, რომ მიმდინარე დავალიანებები გადაიხადოს ყველამ, აღარ დააგროვონ ვალი. ეს არის მთავარი პირობა.

მესმის, რომ პოლიტიკურად სენსიტიური სექტორია, მაგრამ ამასთან ერთად, ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესსექტორი და არაფრით უპირატესი და გამორჩეული სხვა ბიზნესსექტორისგან. ხვალიდანვე და უახლოეს პერიოდშიც უნდა დავინახოთ, რომ გადამხდელი იწყებს მიმდინარე დავალიანების გადახდას, ანუ აღარ აგროვებს ვალებს, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.