მათიკაშვილი: ,,აშკარად გამოჩნდა სიძულვილი და რეგულაცია ამოხსნის ამ ამოცანას”

მათიკაშვილი: ,,აშკარად გამოჩნდა სიძულვილი და რეგულაცია ამოხსნის ამ ამოცანას",,წინა არჩევნებზე აშკარად გამოჩნდა სიძულვილი, რამაც საზოგადოება შეაწუხა. იქნება ისეთი რეგულაცია, რომელიც სწორად ამოხსნის ამოცანას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ იმ ცვლილებაზე განაცხადა, რომელიც კამპანიის ფარგლებში სიძულვილის ენის გამოყენებას ეხება.

დეპუტატის თქმით, სიტყვის თავისუფლება ხელისუფლების პრიორიტეტს წარმოადგენს.

-სიტყვის და მედიათავისუფლება წარმოადგენს პრიორიტეტს, ასევე საარჩევნო კანონმდებლობაში შესაბამისი ჯანსაღი გარემოების შექმნა წარმოადგენს ხელისუფლების პრიორიტეტს.

ჩვენ უნდა დავადგინოთ ისეთი რეგულაცია, რომელიც, ერთი მხრივ, იქნება შესაბამისობაში სიტყვის თავისუფლების ძირითად პრინციპებთან და მეორე მხრივ, მოაწესრიგებს ისეთ საკითხს, რაც აწუხებს ჩვენს საზოგადობას. წინა არჩევნებზე აშკარად გამოჩნდა სიძულვილი, რამაც საზოგადოება შეაწუხა. იქნება ისეთი რეგულაცია, რომელიც სწორად ამოხსნის ამოცანას,- განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „საარჩევნო კოდექსში“ ინიცირებული ცვლილებებით, “საარჩევნო პროგრამა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი მოწოდება/განცხადება/ქმედება, არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, სიძულვილის ენასა და ქსენოფობიურ განცხადებებს” და მედიასაშუალებებს ეკისრება ვალდებულება, შეამოწმონ, შეესაბამება თუ არა სარეკლამო რგოლი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხომ არ არის სიძულვილის ენა გამოყენებული, დაცულია თუ არა პროპორციულობა ანტირეკლამისა რეკლამასთან და ა.შ.

ამასთან, მედიაექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ, რომ ხელისუფლება სიძულვილის ენაში ხშირად არასწორად მოიაზრებს შეურაცხმყოფელ ტერმინებს, ამიტომ კარგად უნდა იყოს განმარტებული, რა იგულისხმება ამ ტერმინში, ამასთან, ეს იყოს პარტიების ეთიკის ნაწილი და არა მაუწყებლის პასუხისმგებლობის საკითხი.
ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი