მაიკო მაჩაბელი: ,,ბრალდებულო ნიკა გვარამია, ჩემი შვილი შენი ახირების გამო დაიჭირეს”

მაიკო მაჩაბელი: ,,ბრალდებულო ნიკა გვარამია, ჩემი შვილი შენი ახირების გამო დაიჭირეს"ხელოვნებათმცოდნე მაიკო მაჩაბელი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას მიმართავს და მისი შვილის დაჭერის ისტორიას ახსენებს.

„ბრალდებულო ნიკა გვარამია, ახლა, როცა შენ გასამართლებენ და იგივე მოსამართლესთან აღმოჩნდი პირისპირ, ვისთანაც შარშან რწმენისა და ტრადიციების დამცველი შვიდი ახალგაზრდის, მათ შორის, ჩემი შვილის გასამართლება მიმდინარეობდა შენი ნება-ახირებით, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემმა შვილმა და მისმა მეგობრებმა ბოდიშის მოხდა მოგთხოვეს სრულიად საქართველოს წინაშე თქვენი ტელეეთერიდან მართლმადიდებელთა შეურაცხყოფისათვის.

მერე, თქვენგან პროვოცირებისას მომხდარი შეკამათების დროს, ჩვენს ბიჭებს დააბრალე, ვითომ მოგივარდნენ და გაგინეს, სინამდვილეში მშვიდობიანად მოვიდნენ და ამის გამო დააჭერინე, თან ქილიკობდი, ხომ დავიჭირეთ და ჩავყარეთ ციხეში მართლმადიდებლობის დამცველი დამნაშავეებიო, გახსოვს?!

მაშინ ჩვენი ბიჭების მიმართ აღძრეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, მერე კი ისევ თქვენი დამსახურებით, გადააკვალიფიცირეს სისხლის სამართლის საქმედ, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და ყველა დოკუმენტაცია ამას ადასტურებს!

სამი თვით სრულიად უდანაშაულო ბიჭებს ციხეში უკრეს თავი თქვენი ყალბი და ცილისმწამებლური ჩვენებებითა და მოთხოვნებით, რითიც შვიდივე ბიჭის ოჯახები სიკვდილის პირად მიგვიყვანეთ, სასიკვდილო შიმშილობით ვაპროტესტებდით ჩვენ გარეთ და ჩვენი შვილები ციხის კედლებში მათ უსამართლო დატუსაღებას, სასწრაფოები არ წყდებოდა ჩვენ ირგვლივ, ვიხოცებოდით!

ყველასთვის ცნობილია, მთელი საქართველო გვიცხადებდა სოლიდარობას, მთელი მსოფლიოდან გვიგზავნიდნენ მხარდამჭერ წერილებს ჩვენი ემიგრანტები…

მადლობა უფალს, საგანგებო შეხვედრა მოგვიწყო ჩვენმა მადლმოსილმა პატრიარქმა, დაგვამშვიდა დედები და დაგვილოცა ჩვენი უსამართლოდ დაპატიმრებული ბიჭები, იმავდროულად, ჩვენი პოლიტიკოსებისაგან მივიღეთ მხარდაჭერა და შუამდგომლობები, რათა მიგვეღწია სამართლიანობამდე და ეს შენგან მოწყობილი ჯოჯოხეთი, როგორც იქნა, ღვთის ნებითა და მთელი საქართველოს თანადგომით, სამ თვეში დასრულდა!
ახლა თუ ამბობ, რომ არ შეიძლება სამოქალაქო სამართლის საქმე შეჩხირო სისხლის სამართლის საქმეში და კიდევ იმასაც აცხადებ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ვითომდ  სასამართლო ავგიას თავლააო, შარშან რას ფიქრობდი, როცა, სრულიად უსამართლოდ, გინების გამო გამოაკეტინე ჩვენი ბიჭები სამი თვით ციხეში, შენ, რომელიც ბოლო თვეებია, ტელეეთერიდან, გამუდმებით გვაგინებდი უშვერი სიტყვებით მთელ საქართველოს, რომ აღარაფერი ვთქვა იმ სისტემურ ცოდვებზე, რომლის დროსაც, საპასუხისმგებლო პოსტებს იკავებდი.

თუმცა ახლა სულ სხვა რამეს გედავებიან, როგორც კანონთან შეუსაბამობაში მყოფ ბრალდებულს…
ღმერთმა იცის და ნებისმიერი ჩემიანი დამიდასტურებს, რომ არასოდეს არავისთვის ვყოფილვარ ავისმოსურნე, პირიქით, სულ იმას ვნატრობ, ყოველმა ადამიანმა მიაღწიოს იმ ნიშნულამდე, რომ სამართლიანი და ჰუმანური ცხოვრებით ეზიაროს ბედნიერებას… სამართალი ურმით დადისო, უთქვამთ…”, – წერს მაიკო მაჩაბელი.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა განცხადება, რომლითაც ბოდიში მოიხადა იესო ქრისტეზე ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ხუმრობის გამო და საზოგადოებას შეატყობინა გაბუნიასთვის საყვედურის გამოცხადების შესახებ.

„არხის სახელით მინდა, ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც უნებურად შეილახა ჩვენი ჟურნალისტის განცხადებებით”, აღნიშნა საგანგებო ბრიფინგზე გვარამიამ, რომლის თქმითაც, გიორგი გაბუნიას საყვედური გამოუცხადეს მას შემდეგ, რაც ამ თემაზე იმსჯელა ტელეკომპანიის ეთიკის კომისიამ. 18 მარტის გადაცემაში, აჭარაში ხეების მოჭრის ფაქტზე საუბრისას, გიორგი გაბუნიამ იხუმრა: იესო ქრისტე 2000 წლის წინ ისრაელში კი არ უნდა მოსულიყო, არამედ ახლა აჭარაში – ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ იმიტომ, რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, ბიძინა ივანიშნვილმა ყველა ხე თავის ეზოში გადარგოო.

ამის გასაპროტესტებლად 19 მარტს თბილისში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მოხდა დაპირისპირება (იხილეთ ვიდეო ქვემოთ), რომლის დროსაც პოლიციამ ექვსი ადამიანი დააკავა.