მომღერალ თიკა ჯამბურიას გუშინ მძიმე დღე ჰქონდა. ის თავისუფლების მოედანზე დედასთან ერთად, შვილის თვალწინ დააკავეს, მაგრამ მალევე გამოუშვეს.
ამ ინციდენტის შესახებ მომღერალი ფეისბუქში წერს და დეტალურად აღწერს, რა მოხდა.
,,პირველ რიგში, დიდი მადლობა ყველას, ვინც დაინტერესდით და მგულშემატკივრობდით… მეორე, მინდა, მოგიყვეთ, რა მოხდა.
მოკლედ, მე ვცხოვრობ რუსთაველის 1 ნომერში, ზუსტად იმ სადარბაზოში, რომელიც მიბმულია ,,პანორამა თბილისის” მშენებლობას. აქედან გამომდინარე, ჩვენ, ანუ მცხოვრებლებს აღარ გაგვაჩნია პარკინგის ზონა, არც ეზო, ამიტომ მანქანას ფიზიკურად ვერსად ვაჩერებთ.
ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის მიჩვენებია ჩემი პირადობა, სადაც წერია ჩემი საცხოვრებელი მისამართი და ამის შემდეგ დაურთიათ ნება მანქანის გაჩერების.
მოკლედ, დღეს მე, მამაჩემი დედაჩემი, ჩემი და და ჩემი შვილი ნინა ვისხედით უკვე დაქოქილ მანქანაში და მივდიოდით ჩვენს გზაზე, როდესაც ჩვენთან მოვიდა ახალგაზრდა გოგონა პატროლის თანამშრომელი. დედაჩემმა დაიწყო პირადობის მოძიება ჩანთაში, რადგან როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ, ეს ხერხი პირადობის და საცხოვრებელი სახლის ჩვენება „ჭრის”. არ გვაცადა ამ გოგომ ახსნა, რომ ეს ჩვენი სახლია, რომ აქ ვცხოვრობთ, რომ არ გვაქვს პარკინგი, რომ უკვე გავდივართ და დედაჩემს და ამ გოგონას შორის მოხდა შელაპარაკება სიტყვიერი.
ამასობაში პატრულის მანქანიდან გადმოხტა მეორე თანამშრომელი, ასევე ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც პირველივე წამიდან იყო აგრესიული. არც მამაჩემის წინაშე მოერიდა უხეში ლაპარაკი (მამაჩემი გენერალია და ძალიან დიდი პატივისცემა აქვს ყველა პატრულის და პოლიციის თანამშრომელს მის მიმართ). ამასობაში შეიყარა ხალხი, ატყდა ერთი ამბავი. დედაჩემს გაუკეთეს ხელბორკილები (დედას შაქარი აქვს ძალიან მძიმე ფორმებში, მისთვის არ შეიძლება ჭრილობა და დაბეჟილობები).
ამაზე ნერვიულობით გადმოვხტი მანქანიდან და ვთხოვდი, მისთვის ბორკილები მოეხსნათ. ეს ბიჭი, რომლის სახელს შეგნებულად არ დავწერ, იყო აგრესიული. მოუვიდა შელაპარაკება ჩემთანაც და იმ წამსვე დამადო ბორკილები.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ქვეყნის კანონის და ღმერთის წინაშე, რომ მე მათთვის არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია.
რაც შეეხება ნინას. ნინამ დღეს მიიღო ზუსტად ის ტრავმა, რომელიც მე 13 წლის ასაკში სააკაშვილის რეჟიმის დროს დაღად დამადეს, როდესაც ზუსტად ამავე ადგილას მამაჩემი ჩემთან ერთად დაიჭირეს!!! არასოდეს დამავიწყდება ეს ტკივილი და ძალიან დიდი დრო დამჭირდება ნინას რეაბილიტაციისთვის.
ასევე აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო სხვა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან ადამიანურად და თავაზიანად გვექცეოდნენ, მეც დედასაც და ნინასაც… თუმცა ეს დღე ჩემთვის და ჩემი ყველაზე კანონმორჩილი ოჯახისთვის ძალიან მძიმე და შეურაცხმყოფელია“.


მომღერალ თიკა ჯამბურიას გუშინ მძიმე დღე ჰქონდა.