ქუცნაშვილი: ,,სახელმწიფო პირნათელია თავის მოქალაქეებთან”

ქუცნაშვილი: ,,სახელმწიფო პირნათელია თავის მოქალაქეებთან"დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მთავარმა მასპინძელმა 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას და სპეცრაზმელებს დააკისრა.
„ქართული ოცნების“ წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ აქციის დარბევის დროს სპეცრაზმელებმა რეზინის ტყვიების სროლის და ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღეს. ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, სახელმწიფო თავის მოქალაქეებთან დამნაშავე არ არის.

-რომ არ ყოფილიყო ოპოზიციის მხრიდან უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და საქართველოს წარმატების გადაზრდა საქართველოს პრობლემაში, საქართველოს წარმატების გადაზრდა საქართველოს პრობლემაში ნიშნავდა იმ მოწოდებებს, რაც გაკეთდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებების სახით, ისე არავინ დაზარალდებოდა. ასე რომ, სრულად პასუხისმგებლობა განვითარებულ მოვლენებზე ეკისრება უპასუხისმგებლო ოპოზიციას, რომელმაც უბიძგა მოქალაქეებს იმ ძალადობისკენ, რა ძალადობაც ჩვენ ვიხილეთ მთელი საათების განმავლობაში.

პასუხისმგებლობა პოლიციის რეაქციაზე თავიდან ბოლომდე აქვს ინსპირატორებს, ვინც გაუკეთა ინსპირირება ამ ძალადობას. გამოდის წინა პლანზე არა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, არამედ პოლიციელების ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, რომელი იქცეოდა პროპორციული ძალის გამოყენების ფარგლებში და რომელი გასცდა პროპორციული ძალის ფარგლებს. სახელმწიფო პირნათელია თავის მოქალაქეებთან, ცალკეული გადაცდომები იყო და ამაზე არავინ მალავს, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი სახელმწიფო ინსტიტუტებს იცავდა და კანონის შესაბამისად მოქმედებდა.

-გახარია იცავდა სახელმწიფო ინსტიტუტებს, მოქმედებდა კანონის სრული შესაბამისობით. თქვენ ფიქრობთ ან ვინმე ფიქრობს, რომ დანაშაულის ფაქტის დანახვის შემთხვევაში პოლიციელმა ზემდგომს უნდა დაურეკოს და შეუთანხმოს, რომ გამომიგზავნე წერილობითი თანხმობა ან სიტყვიერი ბრძანება, რომ დანაშაული აღვკვეთო, ძალიან ცდებით, კანონმა მიანიჭათ ეს უფლება, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

რუსთავი 2