ნოდარ სარჯველაძე გიორგი გახარიას: ,,გამაგრდით! არ შეუშინდეთ! გადადექით! ღმერთი გფარავდეთ!”

ნოდარ სარჯველაძე გიორგი გახარიას: ,,გამაგრდით! არ შეუშინდეთ! გადადექით! ღმერთი გფარავდეთ!"ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე ფეისბუქით შს მინისტრს, გახარიას მიმართავს:

,,ბატონო გიორგი, მოგესალმებათ ნოდარ სარჯველაძე, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორი. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ. ასაკობრივად თქვენზე ბევრად უფროსი გახლავართ. ბოლო 40 წელია ვეხმარები ადამიანებს, ვისაც კრიტიკული ცხოვრებისეული სიტუაცია აქვთ, განიცდიან კრიზისს, რის გამოც ექმნებათ არა მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემები, არამედ პიროვნული კატასტროფისა და თვითნგრევისაკენაც კი მიექანებიან. მათ შორის მქონია შეხება მაღალი თანამდებობის პირებთანაც კი.

ჩემი გამოცდილება მეუბნება, რომ თქვენ ღრმა პიროვნული კრიზისისა და ჩიხის წინაშე დგახართ. ერთი მხრივ, თქვენს გადადგომას მოითხოვს ასობით და ათასობით თანამოქალაქე, რომელთა უმეტესობა ახალგაზრდებია. მათი მოთხოვნა სამართლიანიც არის და იმავე დროს გადადგომა ნამდვილი ხსნაა თქვენთვის. მეორე მხრივ, თქვენს უკან დგას თქვენი გულშემატკივრები, რომელთა უმეტესობა ისტებლიშმენტის წარმომადგენელი, პარტიული ან საპარლამენტო ფუნქციონერია, რომელთა პოზიციები საკმაოდ შერყეულია ჩვენს საზოგადოებაში. ისინი ხარკს უხდიან პარტია “ქართულ ოცნებას” და მის შემქმნელს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და არსებულ პრორუსულ ძალებს.

ისინი ცდილობენ, დაგტოვონ თქვენს თანამდებობაზე და ამით თქვენი ჩიხური სიტუაცია კიდევ უფრო გაამაგრონ, რაც თქვენ ახალი შეცდომებისა და გადაცდომებისაკენ წაგიყვანთ. მოგიწოდებთ, აირჩიოთ ხსნის გზა, რაც გადადგომაზე გადის და განერიდოთ მინისტრის სკამს, რაც თვითნგრევის, პიროვნული რღვევისა და ახალი კატასტროფებისაკენ წაგიყვანთ.

პიროვნული რღვევის პატარა ნიშნები უკვე თუნდაც იმაში ჩანს, რომ, თქვენი თქმით, აპირებთ თან დარჩეთ მინისტრად და თანაც სამართლებრივი თვალსაზრისით მიუკერძოებლად გამოიკვლიოთ 20 ივნისის სისხლიანი პროცესები. თქვენი ეს პოზიცია არაადეკვატურია, ეს არ არის ჯანსაღი მსჯელობა. ეს იგივეა, რომ 9 აპრილის შემდეგ სისხლიან როდიონოვს ჩაეტარებინა მიუკერძოებელი გამოძიება.

ამის ნაცვლად, მოგეხსენებათ, რომ სობჩაკს დაეკისრა ასეთი გამოძიების ჩატარების ხელმძღვანელობა. 20 ივნისის ღამის პროცესები და მანამდე კი გავრილოვთან დაკავშირებული მოვლენები არა თქვენ უნდა გამოიკვლიოთ, არამედ სპეციალისტთა ჯგუფმა, რომელთაც შეხება არ ჰქონდათ სისხლისღვრასთან და არ იყო დაპირისპირებულთა რომელიმე ბანაკში.

ბატონო გიორგი! არსებობს ძალიან მარტივი კანონზომიერება: თუკი დღეს იმასვე აკეთებთ თავისი შეცდომებითა და გადაცდომებით ან თუნდაც კარგი საქმეებით, რასაც აკეთებდით გუშინ, გუშინწინ და იმის წინ, მაშინ ხვალაც იგივეს გაიმეორებთ და იგივე შედეგებს მიიღებთ. ამიტომ უკვე დღესვე უნდა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, თუკი გინდათ სიკეთე მოუტანოთ თქვენს თავს და სხვებსაც. თქვენ ახლა იმას იმკით, რასაც აქამდე სთესდით. ამ ცხოვრებაში ყოველთვის ის ხდება, რაც უნდა მომხდარიყო. მიზეზ-შედეგობრივი კანონი ყველგან და ყველაფერში და მათ შორის თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში მკაცრად მოქმედებს.

მოგიწოდებთ გადადგეთ დაკავებული თანამდებობიდან. გასაგებია, რომ თქვენ რკინისებურად მტკიცე ვალდებულებებით ხართ დაკავშირებული იმათთან, ვინაც ამ თანამდებობაზე მოგიყვანათ. მაგრამ ერთი წუთით შეწყვიტეთ მათზე ფიქრი და დაფიქრდით იმ ახალგაზრდებზე, ვისაც თვალები დასთხარა იმ არამზადების ნასროლმა ტყვიამ, თქვენმა ბრძანებამ თუ მოქმედებამ რომ გზა გაუხსნა თავში დამიზნებით ესროლათ უდანაშაულო ადამიანებისათვის.

სანამ 20 ივნისის პროცესების სამართლებრივ გამოძიებაზე იზრუნებთ, იმაზეც დაფიქრდით, თუ რამდენად სამართლიანი იყო თვითონ თქვენი ქმედება, როცა იცოდით, რომ სისხლისღვრა აუცილებლად მოჰყვებოდა მას. ვიცი, რომ დიდი ვაჟკაცობა სჭირდება თქვენს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, მიიღოს გადადგომის გადაწყვეტილება. მაშ, არ შეუშინდეთ, გამაგრდით და გადადგით კიდეც თქვენი ხსნის ეს ნაბიჯი! ღმერთი გფარავდეთ!”.