ნიკა გვარამია: ,,ლავროვმა გიორგი გაბუნიას თავი პირდაპირ მოითხოვა”

ნიკა გვარამია: ,,ლავროვმა გიორგი გაბუნიას თავი პირდაპირ მოითხოვა",,რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება საქართველო-რუსეთს შორის ავიარეისების აღდგენის თაობაზე და ფეისბუქში წერს:

,,ხვალ ,,რუსთავი 2″-ზე გადაწყვეტილება ცხადდება, სადაც, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას არანაირი ლეგიტიმური შანსი არ ექნება, რამენაირად შეეხოს არსებულ სტატუს კვოს. ერთადერთი, თუ თავზე გადაისკორავს და ნაჯახით გადაჭრის ამ საკითხს (მძიმე ფასს რომ გადაიხდის, ეგ მეორე სერიაშია).

ჰოდა, აგერ, დილიდან, არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთის საგარეო საქმეთა  მინისტრმა, ავიარეისების აღდგენის სანაცვლოდ, პირდაპირ მოითხოვა გაბუნიას თავი და პრაქტიკულად პირდაპირ – ჩვენი არხის დახურვა (აბა, ისე გაბუნიას არავინ მოხსნის და არც ანტირუსული, და არა რუსოფობიული, რიტორიკა შეწყდება). აქვე, ასევე პირდაპირ მოთხოვნილია რუსთაველზე არსებული მიტინგის დაშლა (ნუ, დაშლას ჩვენი ხელისუფლება რას ეძახის, ეგ უკვე გავიგეთ).

და ახლა რას უნდა ველოდოთ? აღშფოთებული მგზავრების მიტინგს ჩვენს შენობასთან? თუ პირდაპირ არხის დახურვას ავიათავისუფლების სანაცვლოდ?

ბოდიში, მაგრამ, ჩვენს ქვეყანას სუვერენიტეტი ისევ აქვს? ისევ ბოდიში, და ამგვარ ჩარევას სახელმწიფოს საშინაო საქმეებში, თან ულტიმატუმის ფორმით, რა ჰქვია? და როგორ რეაგირებას მოახდენს ამაზე საქართველოს მთავრობა – იქნება სუვერენიტეტის შელახვის თაობაზე საპროტესტო წერილები, თუ პირიქით – დავალებად აღიქვამენ და მიხედავენ ამ დავალების ზემოთმოყვანილი პირობების შერულებას?

მოკლედ. ქვეყანა აღარ გვაქვს, დროზე თუ არ ვუშველეთ. უზურპატორი უნდა წავიდეს!”.