გიორგი ოთხმეზური: ,,პუტინმა ისტორიული ფაქტები ამოაყირავა”

გიორგი ოთხმეზური: ,,პუტინმა ისტორიული ფაქტები ამოაყირავა",,რუსეთის პრეზიდენტის განცხადება ისტორიული ფაქტების ამოყირავებაა”, – ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებას.

-აფხაზეთი ისეთივე კუთხე იყო საქართველოსთვის, როგორც კახეთი, ქართლი და სხვა კუთხეები. მართალია, მე-19 და მე-20 საუკუნეში რუსეთის ხელშეწყობით აფხაზი ერად ჩამოყალიბდა, მაგრამ ქართველები იქ სულ მეტნი იყვნენ. პუტინს ისიც აქვს ნათქვამი, რომ სამხრეთ ოსეთი სტალინმა აჩუქა საქართველოს და ეგ ხომ აბსურდია. სამხრეთ ოსეთი ყოველთვის იყო შიდა ქართლის ცენტრალური რეგიონი,- განაცხადა ოთხმეზურმა.

მეფის რუსეთის დროს სოხუმის ოკრუგი შედიოდა ქუთაისის გუბერნიაში, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს ნაწილად მოიაზრებოდა.

-შემდეგ აფხაზმა ბოლშევიკებმა, ისევე როგორც ოსმა ბოლშევიკებმა, მოინდომეს გამოყოფა. ეს ხდებოდა მაშინ, როცა საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ფაქტობრივად, ცხელი წერტილები გაგვიჩინეს ისევე, როგორც ახლა, ამ ბოლო პერიოდში.

მაშინ აფხაზებთან მოგვარდა მოლაპარაკებით საკითხი, ხოლო ოსებმა კი სამი აჯანყება მოაწყვეს და სანამ ვალიკო ჯუღელის მეთაურობით ქართველმა ჯარმა ფიზიკურად არ გააჩერა ისინი, მანამდე ყაჩაღობდნენ და აწიოკებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. ცხინვალის რეგიონში, სამწუხაროდ, ძალის გამოყენება გახდა საჭირო. აღსანიშნავია, რომ იქ ქართველები ცხოვრობდნენ.

აი, როდესაც სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შექმნეს, მაშინაც იქ ქართველები მეტნი ცხოვრობდნენ და ასევე ცხოვრობდა ჩამოსახლებული 22 ოსი ოჯახი, სულ 613 სული, ხოლო 1989 წლის აღწერით, ოსების რაოდენობამ 31 000 ათასს გადააჭარბა, რადგან ხელოვნურად ასახლებდნენ. ასევე, აფხაზეთში ქართველები იყვნენ ყოველთვის მეტნი, ვიდრე აფხაზები, – აღნიშნა ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა.

გუშინ პუტინმა განაცხადა, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არანაირი საქართველო არ ყოფილა, ეს იყო თბილისის გუბერნია.

ინტერპრესნიუსი