,,ერთმორწმუნე ბიზანტია სვეტიცხოვლის შენებასა და საქართველოს ნგრევას ერთნაირად აგრძელებდა, მაშინ ხმალი აიღო ეპისკოპოსმა საბამ” – ისტორიკოსის პასუხი მეუფე სპირიდონს

,,ერთმორწმუნე ბიზანტია სვეტიცხოვლის შენებასა და საქართველოს ნგრევას ერთნაირად აგრძელებდა, მაშინ ხმალი აიღო ეპისკოპოსმა საბამ" - ისტორიკოსის პასუხი მეუფე სპირიდონსისტორიკოს სიმონ მასხარაშვილს სხალთელი ეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის პასუხად საქართველოს ისტორიიდან ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი მოჰყავს, თუ როგორ ცდილობდა ბიზანტია საქართველოს დაპყრობას, რომ ერთი ხელით ტაძრებს გვიშენებდა, მეორე ხელით მიწებს გვართმევდა.

,,სხალთელი მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის პასუხად – მტბევარის ხმალი.

მე-11-ე საუკუნის დასაწყისში სვეტიცხოვლის გორგასლისდროინდელი ტაძარი დაზიანებული იყო. კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკის თაოსნობით ხუროთმოძღვარმა არსუკის ძემ ტაძრის ახალი პროექტი შექმნა. ჯერი აშენებაზე მიდგა. ამ დროს ქართველთა სახსრებით უკვე აგებულ იყო დიდებული ბაგრატის ტაძარი და ასევე ალავერდიც შენდებოდა.

სვეტიცხოვლის სამშენებლო ხარჯები მთლიანად თავის თავზე აიღო ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი მეორემ და მისმა ძმამ კონსტანტინემ. მათ სვეტიცხოველს კესტორიის მონასტერი და 105 სოფელი შესწირეს. იმპერატორთა სახსრებით სვეტიცხოვლის ახალი ტაძრის აღმართვა სვეტიცხოვლის სიწმიდის კიდევ ერთი დასტური იყო. თუმცა ამ ფაქტმა მრავალ ქართველს ელინოფილური “გრძნობები” გაუღვივა.

ბიზანტიის ერთმორწმუნე იმპერატორები თან სვეტიცხოვლის მშენებლობას აფინანსებდნენ და თან ქართულ მიწებსაც ისაკუთრებდნენ. მიიტაცეს სპერი, ბასიანი, იმიერ ტაო, თვალი ეჭირათ ამირ ტაოზეც და სრულიად საქართველოზეც…

1027 წელს ჭაბუკი მეფე გიორგი პირველი გარდაიცვალა და ტახტზე მის ცხრა წლის ვაჟი ბაგრატ მეოთხე ავიდა. ამ დროს ბიზანტიის ტახტზე იჯდა კონსტანტინე, რომელიც სვეტიცხოვლის “შენებასა” და ქართული სახელმწიფოს ნგრევას თანაბარი ძალისხმევით აგრძელებდა.

საქართველოს ჩვილ მეფეს განუდგა და იმპერატორს ეახლა ბანელი ეპისკოპოსი იოანე, საბერძნეთის გზას გაუდგა ტაო-კლარჯეთის აზნაურთა დიდი ნაწილი. ისინი იმპერატორის ქვეშევრდომობას ანუ ბიზანტიის მოქალაქეობას ითხოვდნენ.

ეს საქართველოს სრული დაპყრობის ლეგიტიმურ საბაბად მიიჩნია იმპერატორმა კონსტანტინემ და პარკიმანოზ პრუედრიოსის სარდლობით საქართველოში უძლიერესი არმია გამოგზავნა. ტაოს, კლარჯეთის, ჯავახეთის, კოლას, არტაანის, თრიალეთის აზნაურების დიდი ნაწილი ერთმორწმუნე და სვეტიცხოვლის დამაფინანსებელი “დიდი მეზობლის” მხარეს გადავიდა.

ამ დროს ხმალი აიღო ტბეთის ეპისკოპოსმა საბამ, მას შეუერთდა ეზრა ანჩელი. საბამ და ეზრამ მამულიშვილ აზნაურთა მცირე ჯგუფთან ერთად ტბეთის ტაძართან მცირე სიმაგრე ციხე აღმართეს, რომელსაც სუეტი უწოდეს, იქ გამაგრდნენ და ომი გამოუცხადეს ბიზანტიის იმპერიას.

პრუედრიოსმა იოვანე ხარტულარის შენაერთი გაგზავნა ტბეთის ასაღებად. ტბეთის სვეტი არ დაეცა. მაშინ ბიზანტიელებმა დემეტრე გურგენის ძე ბაგრატიონი (კონსტანტინოპოლში გადახვეწილი კლარჯი უფლისწული) გამოაცხადეს საქართველოს ტახტის კანონიერ პრეტენდენტად და ტბეთისკენ წარგზავნეს. დიდძალი საფასურიც შესთავაზეს საბა მტბევარის რაზმელებს, თან სვეტიცხოვლის შენებაც არ შეუწყვეტიათ!

ვერც მტრის მრავალრიცხოვნებამ, ვერც დემეტრე ბაგრატიონის ფსევდოლეგიტიმურობამ, ვერც ქრთამმა და ბიზანტიელთა ერთმორწმუნეობამ ვერ გასტეხა საბა მტბევარი. ის ხმლით ხელში ებრძოდა მტერს და სიტყვით აფხიზლებდა ქართველებს: ,,მტერი, რომელიც ერთმორწმუნეობით, ქველმოქმედებითა და ლეგიტიმურობით ვაჭრობს, გაცილებით ბილწია, ვიდრე ურჯულო მტარვალი!” – ეს იყო საბა მტბევარის კრედო.

ტბეთის სვეტი ვერ აიღო ბიზანტიის ლაშქარმა. იმპერატორი კონსტანტინე სასიკვდილო სენმა შეიპყრო, არმია უკან გაიწვია, საბა მტბევარის ხმლის წყალობით საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩა!

მას მერე დაწესდა, რომ ტბეთის ეპისკოპოსი ხმალშემორტყმული უნდა ყოფილიყო საეკლესიო რიტუალთა შესრულებისასაც, საეკლესიო კრებაზეც და სამეფო დარბაზობაზეც. ასეთი პატივი თვით ჭყონდიდელებსა და გვიანი საუკუნეების კახეთის სარდალ მთავარეპისკოპოსებსაც კი არ ღირსებიათ.

მიზეზი მარტივია: ჭყონდიდელიც და კახელი მღვდელმთავრები ურწმუნოებს ებრძოდნენ, ხოლო საბა მტბევარი სვეტიცხოვლის აშენებითა და ერთმორწმუნეობით მოვაჭრე მაცდურს შეერკინა. მტბევარის ხმალს მარად უნდა შეეხსენებინა ქართველთათვის, რომ მტერთა შორის ყველაზე საშიში, გამრყვნელი და ბილწი, ერთმორწმუნეობით მოვაჭრე მტერია!”, – წერს სიმონ მასხარაშვილი.

ეს არის პასუხი სხალთის ეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის ქადაგებაზე, რომელმაც მრევლს ასე მიმართა:

,,სახელმწიფო მეთაურმა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, მართლმადიდებელი ქვეყნის, განაცხადა ასეთი რამე, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არასდროს ყოფილა ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაშიო. საერთოდ ქართველებსო ჰქონდათ თუ არა დამოუკიდებლობაო, ესეც… რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ღმერთმა არ ქნას. მაგრამ მე გეტყვით თქვენ, ეს მისი განცხადებები შედეგია ჩვენი ცოდვების.

ორი სისტემა ებრძვის ერთმანეთს. ერთია დასავლური სისტემა, მეორე აღმოსავლური, რუსული სისტემა. ერთი სისტემა აკანონებს იმ გათახსირებას, უბედურებას, ერთსქესიანთა ქორწინებას… მეორე სისტემა ამას ეწინააღმდეგება. ერთი სისტემა ზნეობას ეწინააღმდეგება, მეორე შეძლებისდაგვარად ცდილობს, რომ ის კანონმდებლობის დონეზე დაიცვას…

დედაღვთისმშობლის არის საქართველო და შენ ამ ჯოჯოხეთში არ გაგიშვებს. ის ნატო და ევროკავშირი, ეს არის ქვეყნები რომლებიც ამ გათახსირებას აკანონებენ. იძახიან ოკუპანტი, ოკუპანტი რუსეთიო. ფარისევლობაა, თურქეთი ორჯერ მეტი ოკუპანტი არ არის? ორჯერ მეტი ტერიტორია აქვს წაღებული. რატომ იმას არ ეძახი? ე.წ. შენ არ გაინტერესებს ეს. შენი მიზანი სხვა არის. იგივე არ არის, აგერ ყველაზე ძვირფასს გედავებიან დავითგარეჯს. შემოდიან და უნდათ, რომ ეს წაიღოს აზერბაიჯანმა.

თუ შენ იძახი, რომ ოკუპანტი, ოკუპანტიო, აგერ გართმევს, ის არ არის ოკუპანტი?! გვეყოფა ეს ფარისევლობა, ძმებო და დებო. ჩვენ უნდა მოვიდეთ ეკლესიაში.

ჩვენ შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ასეთი ამოკვიატება ქვეყნის, ისტერიკული და ვაკხანალიური გინება რუსეთის და ა.შ. ეს მიმართულია პირდაპირ მართლმადიდებლობის დანგრევისკენ და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ”.