თამუნა ჩიხლაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს ამბავს, რომელიც მის შვილს საბავშვო ბაღ ,,გარდენიაში” შეემთხვა. აღწერს, რომ მისი შვილი და სხვა ბავშვები საშინელი ბულინგის მსხვერპლი გახდნენ, თან, არც მეტი, არც ნაკლები, 8 წლის გოგონასგან, რომელსაც, მისი თქმით, ბაღის აღსაზრდელები ჰყავდა მიბარებული.
,,ბევრი ვიფიქრე, ვიდრე დავწერდი, მაგრამ ბავშვების ჩაგვრა, ბულინგი არის თემა, რომელზეც ვერ გავჩუმდები. ჰკითხეთ თქვენს შვილებს, უთამაშიათ თუ არა თამაში, სადაც ერთ გუნდს „სუნიანი ნასკები“ ჰქვია და მეორეს „ბუს კვერცხები“. ჰკითხეთ, ტოვებენ თუ არა მათ მასწავლებლები მარტოებს 8 წლის გოგონასთან, რომელიც მათ ამ თამაშს ათამაშებს და თუ რამე არ მოეწონება, სჯის!
სასჯელი – იატაკზე ჯდომა მუხლებში ჩახრილი თავით, სკამზე გაუნძრევლად ჯდომა უკან შემოწყობილი ხელებით, ტუალეტში გასვლის აკრძალვა, წყლის დალევის აკრძალვა. სპეციალურად არ ვწერ გოგონას სახელს, და იმას, რატომ არის ის მარტო მცირეწლოვან ბავშვებთან, მასწავლებლების გარეშე. ამაზე ადმინისტრაციამ გიპასუხოთ.
გუშინ ჩემმა შვილმა მითხრა, რომ „ამ გოგონამ“ ცუდი ცეკვის გამო დასაჯა, იატაკზე დასვეს მოხრილი, მუხლებში თავჩარგული. მითხრა, რომ სხვა ბავშვები სათამაშოების ხალიჩაზე ისხდნენ, მას იქ ადგილი არ შეხვდა, იატაკზე ფეხები დაუბუჟდა და ტკიოდა, მაგრამ ადგომის შეეშინდა. წარმოგიდგენიათ, რამდენი ხანი იყვნენ პატარები მარტო, ბავშვი ფეხების დაბუჟებამ რომ შეაწუხა? სად იყვნენ ამ დროს მასწავლებლები?
არ ვწერ მხოლოდ ჩემს შვილზე დაყრდნობით, რამდენიმე მშობელს ვესაუბრე. ერთის შვილი ამბობს, რომ კინაღამ ჩაიფისა, იმიტომ, რომ „იმ გოგონამ“ ტუალეტში არ გაუშვა, მეორემ თქვა, რომ ხელები ეტკინა, რადგან დიდი ხნის განმავლობაში უკან ზურგზე ჰქონდა დაწყობილი, მესამე მეუბნება, რომ „გოგონას“ ყველაფერს უჯერებს და არ დაისაჯა, რომ ის „ტკბილი სუფრის გაშლას“ შეჰპირდა, მაგრამ სხვები ისჯებიან. ერთნაირად ასახელებენ გუნდების სახელებსაც. ჰკითხეთ თქვენს შვილებს!
არ ვერჩი „გოგონას“, რომელსაც თვითონაც კარგად აქვს გასააზრებელი, რას აშავებდა. პრეტენზია მაქვს მასწავლებლებთან, რომლებსაც ჩემი შვილების უსაფრთხოება ჩავაბარე. მასწავლებლებთან, რომლებსაც ბავშვების ნაწილმა უთხრა, რაც ხდებოდა და მათ არ მოუსმინეს, უთხრეს, რომ „იქით აქვთ ბოდიში მოსახდელი“.
აქვე უნდა ვთქვა, რომ მომხდარის გამო ადმინისტრაციისგან უდიდესი ბოდიში მივიღე და ნამდვილად მჯერა, რომ მათი გულისტკივილი გულწრფელია, მაგრამ ეს ჩემი შვილის უზარმაზარ სტრესს არ ამსუბუქებს. არც ის მგონია, რომ მხოლოდ ბოდიში იყოს საკმარისი. მათ ადგილზე სულ მცირე იმ მასწავლებელს გავუშვებდი, ვისაც ბავშვების მეთვალყურეობა ევალებოდა. ბავშვი ბაღიდან მიმყავს და ვფიქრობ, რომ ვალდებული ვარ ეს მეთქვა მათთვის, ვინც დარჩენას ან აქ მოსვლას აპირებს. ყურადღება და საკუთარ შვილებთან საუბარი არასდროს არის ზედმეტი”.
ზოგადი ფოტო

