ბუბა კუდავა: ,,ჩემი ცოლ-შვილი სასტუმროდან გამოყარეს” – რა გადახდათ თავს ცნობილი ისტორიკოსის ტყუპებს და მეუღლეს

ბუბა კუდავა: ,,ჩემი ცოლ-შვილი სასტუმროდან გამოყარეს" - რა გადახდათ თავს ცნობილი ისტორიკოსის ტყუპებს და მეუღლეს,,დაუჯერებელი ისტორია შეემთხვა ჩემს ცოლ-შვილს” – ასე იწყებს წერილს ცნობილი ისტორიკოსი და გამომცემელი ბუბა კუდავა და მართლაც დაუჯერებელ ამბავს ყვება. მისი მეუღლე და შვილები, 3 წლის ტყუპი გოგონები, თუთა და მარია, რომლებსაც ფეისბუქით და მამიკოს მოყოლილი ისტორიებით უამრავი ადამიანი იცნობს, სტეფანწმინდის ერთ-ერთი სასტუმროდან გამოუშვეს.

ბატონი ბუბა წერს:

,,დაუჯერებელი ისტორია შეემთხვა ჩემს ცოლ-შვილს დღეს სტეფანწმინდაში.

საოჯახო სასტუმროს მეპატრონემ სასტუმროდან გამოყარა ჩემი მეუღლე, ძიძა და 3 წლის ტყუპი გოგონა.

მიზეზი არ გაინტერესებთ?

ბავშვები ხმაურობენო (!). ახლა მალე უცხოელებს ველოდები და ამ ხმაურის გამო ბუქინგზე უარყოფით შეფასებას დამიწერენო (!).

როცა მეუღლემ მეპატრონეს აუხსნა, რომ ასე არ მოსულა ან უკიდურეს შემთხვევაში მაგიერი სასტუმრო მაინც შემოეთავაზებინა, პასუხად ასეთი ფრაზები მიიღო:

„ჩემი სახლია და წადით ჩემი სახლიდან“, „მოუსვით აქედან“, „თქვენ თვითონ შეარჩიეთ სხვა სასტუმრო…”.

ქალბატონო ეთერ, დარწმუნებული ვარ, ვერ ხვდებით, რა გააკეთეთ.

ვერც იმას ხვდებით, რომ 3 წლის ბავშვების კისკისისა და ჟივილ-ხივილის გამო არცერთი უცხოელი უარყოფით შეფასებას არ წერს. ვერც იმას, რომ ცხოვრებასა და ბიზნესში მთავარი რამ ადამიანისა და საქმის სიყვარულია. რაც არ უნდა გიხსნათ, ვერაფერს გაიგებთ, რადგან თქვენ 3 წლის ორი გოგონა გამოაგდეთ სასტუმროდან.

მხოლოდ ამის შემდეგ გექნებათ შანსი, რომ რამე გაიგოთ:

1. როცა თქვენი სასტუმროს რეპუტაციაზე სათანადოდ ვიზრუნებ (გპირდებით!).

2. როცა ბავშვთა უფლებების ფეხქვეშ გათელვისთვის სათანადო პასუხს აგებთ (გპირდებით!).

ჩემო ძვირფასებო, უამრავო ნაცნობ-უცნობებო, არასოდეს მითხოვია ჩემი პოსტების გაზიარება. ახლა გთხოვთ. (გაზიარებისას გთხოვთ ტექსტიც დააკოპიროთ). ყველას გთხოვთ, ვისაც ჩემნაირად გსურთ, რომ ღირსეულ ქვეყანაში ვიცხოვროთ.

პატივისცემით, ბუბა კუდავა, #თუთამარიამი-ს მამა

18 ივლისი, 2019″.