ბატიაშვილი: ,,დედა ენით” სწავლება სავალდებულო არ იქნება”

ბატიაშვილი: ,,დედა ენით" სწავლება სავალდებულო არ იქნება"იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენით” სწავლება დაწყებით კლასში სავალდებულო არ იქნება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

განათლების მინისტრის განმარტებით, უკვე არსებული ,,დედა ენის” 6-მდე გრიფირებული სახელმძღვანელო კვლავ რჩება მოხმარებაში და მას დაემატება გოგებაშვილის ,,დედა ენაც”.

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, კონკრეტულ სკოლას შეეძლება გოგებაშვილის ავტორობით შექმნილი წიგნი როგორც ძირითად, ასევე დამხმარე სახელმძღვანელოდაც აირჩიოს. სხვა წიგნების მსგავსად, გოგებაშვილის ,,დედა ენაც” მოსწავლეებს სახელმწიფოსგან უფასოდ გადაეცემათ.

-მოგეხსენებათ, რომ არსებობს გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომელიც შეტანილია სკოლაში. პედაგოგები წყვეტენ რომელი გრიფირებული სახელმძღვანელო აირჩიონ კლასში სასწავლებლად.

ღონისძიებაზე, რომელიც ეძღვნებოდა იაკობ გოგებაშვილის დაბრუნებას, საუბარი იყო იმაზე, რომ გვაქვს სხვადასხვა ავტორის მიერ შედგენილი დედა ენის 6-მდე სახელმძღვანელო, რომლითაც სკოლაში როგორც აქამდე, ისე გააგრძელებენ სწავლას ამ სახელმძღვანელოებით… სხვა ავტორების გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომლებიც არსებობდა, რჩება და ამას ემატება გოგებაშვილის “დედა ენა”, რომლითაც შესაძლებელია, რომ პედაგოგმა ისარგებლოს როგორც დამხმარე რესურსად, ისე ძირითად რესურსად. ამას უკვე ადგილზე წყვეტს კონკრეტული პედაგოგი კონკრეტულ კლასში”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

სოფელ ვარიანში გამართულ ღონისძიებაზე პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ 2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი გახდება.

„დედა ენის“ სკოლებში დაბრუნებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კრიტიკული მოსაზრებებიც გაისმა. მაგალითად, ლევან ბერძენიშვლმა განაცხადა, რომ გოგებაშვილის სახელმძღვანელოს სკოლაში დაბრუნება მავნებლობაა. მისი თქმით, ენა ყოველღიურად იცვლება და ბავშვმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლოს. „დაბრმავება არ იკმარეს და ახლა ჩვენს შვილებს დამუნჯებას უპირებენ. ბატონო ლინგვისტებო, მეცნიერებო, ამოიღეთ ხმა ამ უვიცობის წინააღმდეგ“, – დაწერა ბერძენიშვილმა.

იმედინიუსი 

დატოვეთ თქვენი კომენტარი