ზურა ხაჩიძე: ,,სადაც ჩემს ქვეყანას ვჭირდები, მეც იქ ვარ”

ზურა ხაჩიძე: ,,სადაც ჩემს ქვეყანას ვჭირდები, მეც იქ ვარ"მომღერალი ზურა ხაჩიძე დღეს, 12 ივნისს, სამცხე-ჯავახეთში მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილედ დაინიშნა. ზურა „პრაიმტაიმთან“ თანამდებობის დანიშვნის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს:

– გუბერნატორს უამრავი პროექტი აქვს დაგეგმილი და ამ პროექტების განხორციელებაში გუნდს ვუერთდები. ჩემი ძირითადი მიმართულება იქნება კულტურა, სპორტი, განათლება, ტურისტული პოტენციალის მოზიდვა. ასევე, ღონისძიებების გამართვა. პოპულარიზაციაში ამ ლამაზ და ღირსშესანიშნავ კუთხეს მინდა, ხელი შევუწყო, გამოვაცოცხლო და აქტივობებით დავტვირთო. მოდის ზაფხული, ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი. სადაც ჩემს ქვეყანას ვჭირდები, მეც იქ ვარ.

– რაბათშია კონცერტი უკვე დაიგეგმა…

ეს კონცერტი დაგეგმილი იყო. მასში „ქუჩის ბიჭები“, როგორც ჯგუფი, არ მონაწილეობენ, ცალკეულ სოლისტებად იმღერებენ გურამ ლომიძე, პაატა ხაჩიძე, ივანა მელაი, ასევე მსახიობი პაატა გულიაშვილი… მე დავესწრები როგორც გუბერნატორის მოადგილე.

მინდა, ჩემი გამოცდილება და ჯგუფში ჩადებული მენეჯმენტის ცოდნა გამოვიყენო. მგონია, რომ მმართველმა გუნდმა ჩემში სწორედ მენეჯმენტის კეთების უნარი დაინახა. ამიტომ ამ საქმეში უნდა გადავიტანო და მეტად პოპულარული გავხადო ტურისტულად მიმზიდველი კუთხე.

– სად იცხოვრებ?

– მთელი ცხოვრება ვცდილობდი ბორჯომიდან წამოვსულიყავი და თავი თბილისში და მსოფლიოში დამემკვიდრებინა და ახლა, სიბერეში უკან ვუბრუნდები ჩემს ბორჯომს.

– ოჯახი?

– ოჯახი თბილისში დარჩა. ჯერჯერობით არა მგონია, მათი ჩამოსვლის საჭიროება იდგეს. თუმცა ნებისმიერ დროს ჩამოვლენ ჩემთან.

ავტორი თამარ გონგაძე, პრაიმტაიმი