,,უცხოეთში რადგან ვცხოვრობდი, ქართველ ბიჭება აღვირახსნილი ვეგონე”

,,უცხოეთში რადგან ვცხოვრობდი, ქართველ ბიჭება აღვირახსნილი ვეგონე"ძალიან რთული ყოფილა ქართველ ბიჭებთან ბრძოლა და არა მარტო ბიჭებთან, გოგოებთანაც. მათთვის არაფერია, ვინმეზე თქვან, რომ აღვირახსნილი, ცუდი ყოფაქცევისაა. ჭორები დაუყარონ და სიცოცხლე გაუმწარონ. საქართველოში საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, სხვების ცხოვრება მოწამლონ. 17 წლის გოგოს ათასი ცილისწამებით თავი მომაბეზრეს.

6 წლის რომ გავხდი, სკოლაში საქართველოში მივედი. მაშინ ჩემი მშობლები უკვე უცხოეთში იყვნენ, იქ მუშაობდნენ. მეოთხე კლასში რომ გადავედი, ევროპაში წამიყვანეს და სკოლაშიც იქ მივედი. ჩემს მშობლებს საზღვარგარეთ დარჩენა არ აქვთ გადაწყვეტილი, უნდათ, რომ საქართველოში დაბრუნდნენ.

თბილისში ბინაც ვიყიდეთ, ბიზნესის წამოსაწყებადაც მოაგროვეს ფული. ამიტომ ევროპიდან ისევ საქართველოში გამომიშვეს, თბილისის რომელიმე უნივერსიტეტში უნდა ჩააბარო და ჯობია, იქ მოემზადო ამისთვისო.

ძალიან გამიხარდა, საქართველოში, ბებოსთან და პაპასთან რომ დავბრუნდი. ყველა აქ მყავს – ბიძაშვილები, დეიდაშვილები. ჩემს ქვეყანაში ძალიან ბედნიერი ვარ. ქართულ სკოლაში რომ მივდიოდი, მიხაროდა, კარგ მეგობრებს გავიჩენ-მეთქი. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო. გოგოებიც დამიახლოვდნენ და ბიჭებიც. ასეთი ყურადღება ძალიან მსიამოვნებდა, მაგრამ მერე ყველაფერი აირია.

ერთმა ბიჭმა, რომელიც ყველაზე მეტად დამიმეგობრდა, საშინელება ჩაიდინა. ერთ დღეს დააპირა, ჩემთვის ეკოცნა. ჯერ დავიბენი, მერე კი საშინელ დღეში ჩავაგდე, ვუთხარი, როგორ ბედავ-მეთქი. მან ირონიულად მითხრა, ვითომ ევროპაში არავისთვის გიკოცნია და მეგობარი ბიჭი არ გყოლიაო. გადავირიე, ჩემთან სიახლოვე ავუკრძალე.

მერე როგორც გავიგე, ბიჭებთან ხმა დაუყრია, ვაკოცეო. ამის მერე სხვა ბიჭებმაც მოინდომეს ჩემთან იმავეს გაკეთება, მათთანაც ბრძოლა დამჭირდა და თავის დაცვა. ამ ყველაფერს გოგოების ჭორაობა მოჰყვა, რომ ვითომ მე ევროპაში აღვირახსნილად ვცხოვრობდი.

ასეთ ადამიანებთან ვერ ვისწავლიდი და სკოლა გამოვიცვალე. ახალ სკოლაში არავის ვუმეგობრდები. აღარავის მივცემ უფლებას, ასე მომექცნენ.

ევროპაში ისე ვისწავლე წლები, რომ ჩემთვის შეურაცხყოფა არავის მოუყენებია. იქ ნამდვილად ჰყავთ მეგობარი ბიჭები, მაგრამ შენ თუ არ გინდა, კუთხეში არავინ მიგიმწყვდევს და ასეთ შეურაცხყოფას არავინ მოგაყენებს.

,,სარკის” მკითხველი