ბახტაძე: ,,შევეცდები, საქართველო სამი რიცხვით დაგამახსოვროთ – 1, 28, 8000″

ბახტაძე: ,,შევეცდები, საქართველო სამი რიცხვით დაგამახსოვროთ - 1, 28, 8000",,საქართველო პატარა, თუმცა დიდი ხედვის მქონე ქვეყანაა, რომელიც იმ გზაჯვარედინზე იმყოფება, სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს, ჩრდილოეთი – სამხრეთს, უძველესი ტრადიციები – ინოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს და სადაც ეკონომიკური შესაძლებლობები უხვადაა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლისას განაცხადა.

-შევეცდები, სამი რიცხვით დაგამახსოვროთ საქართველო: ესენია 1, 28 და 8000.

პირველი რიცხვია 1. საქართველოში პირველად გვყავს ქალი პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი. ის პირველი ქალი პრეზიდენტია საქართველოში და მთელ რეგიონში და არჩეულია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 6-წლიანი ვადით. თავად არჩევნებიც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქვეყნის წინსვლის გამო მრავალფეროვნებისა და დემოკრატიის მიმართულებით.

მეორე რიცხვია 28. ზუსტად ამდენი წელია, გავთავისუფლდით საბჭოთა კავშირიდან და დემოკრატიული განვითარების საკუთარ გზას დავადექით, როგორც დამოუკიდებელი ერი. სიამაყით ვაცხადებ, რომ შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით იდგა ამ გზაზე ყველა ნაბიჯის გადადგმისას.

არქეოლოგების კვლევების შედეგად, საქართველო მსოფლიოში მეღვინეობის სამშობლოდაა აღიარებული. საქართველოში მეღვინეობის ტრადიცია 8 000 წლის წინ დაიწყო, დამწერლობის შექმნამდე 3 000, ხოლო რკინის ხანის დაწყებამდე 5 000 წლით ადრე. ქართული დამწერლობაც კი ვაზის ლერწმის მოხაზულობას წააგავს.

ახლა, 8000-წლიანი მეღვინეობის ტრადიციისა და საბჭოთა ოკუპაციის 70-წლიანი გამოცდილების შემდეგ რუსეთს არ მივცემთ ჩვენი მომავლის განსაზღვრის უფლებას. სრულად ვაკონტროლებთ ჩვენს ბედისწერას და მომავლის ხედვას, რაც შემდეგ ამბიციას ეფუძნება: საცხოვრებლად, სამუშაოდ და განსავითარებლად შევქმნათ მსოფლიო დონის  ქვეყანა. ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ საბოლოო ჯამში აუცილებლად მივაღწევთ მიზანს. ეს ნამდვილად არ მოხდება ძალის გამოყენებით. მხოლოდ დემოკრატიული გზით, შესაძლებლობების გაჩენის, განვითარებისა და ჰუმანური გზით, – განაცხადა პრემიერმა.

პრაიმტაიმი