ვახტანგ ძაბირაძე: ,,სააკაშვილი ან ,,ოცნებასთანაა” გარიგებული, ან ძალიან ეჩქარება”

ვახტანგ ძაბირაძე: ,,სააკაშვილი ან ,,ოცნებასთანაა" გარიგებული, ან ძალიან ეჩქარება"19 მაისის არჩევნების შედეგებსა და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

ვახტანგ ძაბირაძე:

– დარჩა შთაბეჭდილება, რომ ხანდახან სააკაშვილის გამოსვლა უფრო ხელისუფლების წისქვილზე ასხამდა წყალს, ვიდრე ოპოზიციის. მხედველობაში მაქვს 19 მაისის შუადღეს მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ „ნაციონალები“ ქუჩაში გამოვიდოდნენ. შესაძლოა, „ნაცმოძრაობის აქტივი მზადაა, საპროტესტო აქციები დაიწყონ, მაგრამ ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებას მხოლოდ ‘ნაციონალების“ აქტივის მზადყოფნა არ შველის. ამგვარი მუხტი მოსახლეობაში უნდა არსებობდეს. ეს მუხტი არ არსებობს, ამიტომ, რამდენიც უნდა ილაპარაკოს სააკაშვილმა ამაზე, ფაქტია, რომ იგი ამით თავის მხარდამჭერებს აფრთხობს.

სამეგრელომ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ათასი უბედურება გადაიტანა, იქ არავის უნდა ახალი ესკალაციისა და დაპირისპირების კერის გაჩენა. მით უმეტეს, რომ ვიღაც-ვიღაცები ხშირად აკეთებდნენ განცხადებებს, რომ აპირებდნენ თბილისისკენ ერთობლივი მარშით წასვლას.

– ხელისუფლება 19 მაისის არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს, მაგრამ თუ არჩევნების შედეგებს კარგად დავაკვირდებით, „ოცნებას“ არც ისე დამაჯერებლად აქვს მოგებული არჩევნები.

-ასეა, რადგან ფაქტია, რომ ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობდა არა მხოლოდ მრავალრიცხოვანი ადმინისტრაციული რესურსი, არამედ ძალოვანი სტრუქტურები. ასეთ პირობებში მისი გამარჯვება არც ისე შთამბეჭდავად გამოიყურება.

-ვითარებაში, როცა „ოცნების“ რეიტინგი არც ისე მაღალია, შეიძლება ითქვას, რომ იგივე ზუგდიდში ხელისუფლების სასარგებლოდ „ნაციონალების“ დაბრუნების შიშმა იმუშავა?

– ოპოზიციამ თავისი მოქმედებით ბევრად შეუწყო ხელი ხელისუფლებას. 2016 წლის არჩევნებში სანდრა რულოვსი მეორე ტურში გავიდა, მაგრამ მასში მონაწილეობა არ მიიღო. მას რომ მაშინ მეორე ტურში ამომრჩეველი არ მიეტოვებინა, 19 მაისს ახლა შესაძლოა სხვაგვარი შედეგი დამდგარიყო. ამომრჩეველთან უაზრო თამაში არ შეიძლება.

19 მაისს იმუშავა თუნდაც ზუგდიდში „ნაციონალების“ დაბრუნების შიშმა. ამას ხელი თავად სააკაშვილმა შეუწყო, როცა არჩევნების მიმდინარეობისას განაცხადა, რომ ისინი საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. მაგრამ ამ განცხადებით, „ოცნების“ გარდა, თავისი ამომრჩეველიც დააფრთხო.

რაც შეეხება საერთო სურათს. ყველა ოლქში ამომრჩევლის აქტივობა დაბალი იყო. ხელისუფლებამ თავისი ამომრჩევლების 90% ყველა თავისი რესურსის გამოყენებით მაინც მიიყვანა უბნებზე, ოპოზიციამ კი თავისი მომხრეების სრულად მიყვანა ვერ შეძლო.

ხელისუფლება გამარჯვებას კი ზეიმობს, მაგრამ მასაც საფიქრალი აქვს ის, რომ თუ 2020 წლის არჩევნებზე არააქტიური 15-20% მივიდა, მაშინ ვითარება მის სასარგებლოდ ვერ იქნება.

– თქვენ 19 მაისს სააკაშვილის განცხადებამ გაგაკვირვათ. სხვათა შორის, ახლა ბევრი ამგვარადაც სვამს კითხვას – საერთოდ უნდოდათ თუ არა „ნაციონალებს“ ამ არჩევნებში გამარჯვება. მათ საკმაოდ ბევრი ისეთი ნაბიჯი გადადგეს, რაც ხელისუფლების სასარგებლოდ გადადგმულს ჰგავდა.თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს მიზანსწრაფული და საკმაოდ ორგანიზებული „ნაციონალების“ მიერ ოპონენტების სასარგებლოდ გადადგმული გაუგებარი ნაბიჯები?

– დიახ, სააკაშვილის განცხადება მართლაც უცნაური გახლდათ, რადგან იგი აშკარად ამოვარდნილი იყო ლოგიკიდან.

სააკაშვილს ან ძალიან ეჩქარება, ან ხელისუფლებასთანაა გარიგებული. არ ვიცი, ამ ორიდან რომელი უფროა, მაგრამ იმედი მაქვს, ამაზე პასუხს დრო გასცემს.
თუ სააკაშვილმა არ იცის, რა განწყობაა დღეს მოსახლეობაში, მაშინ მისმა თანაგუნდელებმა უნდა ჩაყენონ საქმის კურსში. თუ იცის და მაინც აკეთებს ხალხისთვის შემაშფოთებელ განცხადებებს, მაშინ გამოდის, რომ რაღაც სხვა თამაშს თამაშობს.

კობა ბენდელიანი, “ინტერპრესნიუსი”