,,ორსული გოგო წამალს ითხოვდა და არ მისცეს, კინაღამ მუცელი მოეშალა…” – მამა ნექტარიოსმა ისრაელში ქართველების ჯოჯოხეთი ნახა

,,ორსული გოგო წამალს ითხოვდა და არ მისცეს, კინაღამ მუცელი მოეშალა..." - მამა ნექტარიოსმა ისრაელში ქართველების ჯოჯოხეთი ნახასქემ-მღვდელმონაზონი ნექტარიოს მჭედლიძე იმ განუკითხაობასა და გულგრილობაზე წერს, რასაც ისრაელში საქართველოს საკონსულოს მხრიდან წააწყდა, ასევე – იმ არაადამიანურ მოპყრობაზე, რისი მსხვერპლიც ის და სხვა სასულიერო პირები, მათ შორის დედები აღმოჩნდნენ. ყველაზე მეტად კი იმაზე წუხს, რომ ისრაელის ციხეში უამრავი ქართველი ქალი დატოვა, რომლებიც საქართველოს საკონსულოსგან ამაოდ ითხოვენ შველას. მოძღვრის თქმით, მათ შორის არის 6 თვის ორსული გოგო.

,,ეს წუთია, დავბრუნდი ისრაელიდან. საიდან დავიწყო და რა ვთქვა. ცხოველს არ მოექცევიან როგორც ქართველებს ექცეოდნენ. ისრაელში საქართველოს საკონსულო არის უნამუსო, უსინდისო და არა ადამიანები 3 დღე გაგვაჩერეს, არა წყალი, არა საჭმელი, არა ადამიანური მოპყრობა. ქართველ ქალებს, რომლებიც ციხეებში სხედან, პატრონი არ ჰყავთ. ორსული ქალბატონი იყო ჩვენთან ერთად, წამალს ითხოვდა, კინაღამ მუცელი მოეშალა და წამალი და წყალი არ მისცეს.

მათი მხრიდან ყვირილი, შეურაცხყოფა, არაადამიანური დამოკიდებულება… ვუკავშირდებოდი საქართველოს საკონსულოს და არანაირი რეაგირება, უყურადღებობა მათი მხრიდან. იქ დარჩნენ ციხებში და საბაჟოზე ქართველი ქალები, რომლებიც 1 თვეა და მეტია, ელოდებიან გამოფრენას და ყურადღებას არ აქცევენ. შველას ითხოვენ და პატრონი არ ჰყავთ.

ამ ქვეყანაში არის ვინმე, ვისაც თავისი მოქალაქეების ბედი ადარდებს? 15 ქართველი ვიყავით და ერთი სკამი მოგვცეს, მორიგეობით რომ დავმსხდარიყავით. ესა ისრაელი და მათი დამოკიდებულება ქართველების მიმართ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თქვენ ხართ უყურადღებო და უპასუხისმგებლო ადამიანების თავშეყრის ადგილი. მათ მაინც დაეხმარეთ, იქ ვინც დარჩნენ…

სამი დღე იყო ჯოჯოხეთი ისრაელში. იმიტომ კი არა, მე მომექცნენ ცუდად, იმიტომ, რომ ქართველ დედებს ექცეოდნენ არაადამიანურად. 3 დღე ისრაელში საქართველოს საკონსულოს ვთხოვდით დახმარებას და ტელეფონზე არ გვპასუხობდნენ. ჯოჯოხეთი იყო, როდესაც ვუყურე, 6 თვის ორსული გოგო ითხოვს წამალს და წყალს და არძლევენ. ებრაელი მებაჟების მხრიდან ყვირილი, ლაძღვა, საცინად აგდება…

იქ დავტოვე გაუბედურებული ქალბატონები, რომლებსაც პატრონი არ ჰყავთ… რას აკეთებს ისრაელში საკონსულო, რა საჭიროა, როდესაც შველას და დახმარებას სთხოვ და ტელეფონზე არ გპასუხობენ… ეს არის ჩვენი ქვეყანა, არავის ადარდებს ხალხი”, – წერს სქემ-მღვდელმონაზონი. იმედია, საგარეო საქმეთა სამინისტრო რეაგირებას მოახდენს, ციხეში გამომწყვდეული ადამიანების ბედით დაინტერესდება და საერთოდ იმით, თუ რა ხდება ისრაელის საბაჟოზე, საქართველოს მოქალაქეებს ასე სასტიკად რატომ ექცევიან.