,,ეროვნული განძი ყველის ყუთებშია ჩალაგებული” – ნინო მიქიაშვილის ღია წერილი პრეზიდენტს

,,ეროვნული განძი ყველის ყუთებშია ჩალაგებული" - ნინო მიქიაშვილის ღია წერილი პრეზიდენტსჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი წერს, რომ ეროვნული განძი საფრთხეშია და საქართველოს პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს.

,,ქალბატონო პრეზიდენტო, ყველის ყუთებში ჩაწყობილი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა სასტუმროს ავტოფარეხის ქვეშ მოწყობილ სივრცეში ჩააქვთ! გთხოვთ, იმოქმედოთ!

საქართველოს ხელისუფლების წევრებს შორის ერთადერთი ბრძანდებით, ვინც ევროპაში დაიბადეთ და გაიზარდეთ. გთხოვთ, გაიხსენოთ, საფრანგეთში ან სხვაგან მუზეუმის შენობას ზედ სასტუმრო თუ აქვს მიდგმული და ამ სასტუმროს ავტოფარეხის ქვეშ მუზეუმის ფონდები თუ არის დაბინავებული.

ევროპაშია ასეა, ევროპაშია ისეაო, – სულ სამაგალითოა ევროპის ქვეყნები და ამიტომ მოგმართავთ და თან  დარწმუნებული ვარ, თქვენთვის სულერთი არ არის, რა ბედი ეწევა ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას. ვფიქრობ, როგორც ყველა ღირსეული ქართველი, უპირველესად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სადარაჯოზე დადგებით.

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის არქეოლოგიურ ფონდში დაცული სამუზეუმო ნივთები ყველის ყუთებშია ჩალაგებული. ასე აპირებს ეროვნული მუზუემის ხელმძღვანელობა სასტუმრო ,,ვინდამის” ,,გარაჟების” ქვეშ მოწყობილ ,,ფონდაცავში” გადაიტანოს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა.