ორი დღის წინ 40 წლის თამარ ნეფარიძე იტალიაში ტბაში გაყინული ნახეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.
სოციალურ ქსელში ემიგრანტი ნაია მინდიაშვილი ამ ტრაგედიას ეხმიანება და უცხოეთში მყოფ ქართველებს თხოვნით მიმართავს:
„არ შემიძლია, რომ არ დავწერო – ვწერ მაშინ, როცა რაღაც ძალიან მაწუხებს. ყოველგვარი განკითხვისა და შეფასებების გარეშე. ხომ შეიძლება უფრო თვითკრიტიკულები ვიყოთ, ემიგრანტებო?! ხომ შეიძლება გავუსწოროთ სიმართლეს თვალი?! სხვის განვლილ გზას დავაკვირდეთ და იგივე არ გავიმეოროთ, ყველაფერი შეიძლება თუ მოვინდომებთ!!!
როგორ ფიქრობთ, რამდენი წელია საჭირო იმისათვის, რომ ემიგრანტმა, ზოგადად ადამიანმა ყველა სურვილი დაიკმაყოფილოს?! პასუხი არ არის. ერთს მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე და …
გადის ამასობაში ჩვენი ცხოვრება. ბავშვები უჩვენოდ იზრდებიან, მშობლები ბერდებიან, მეგობრები იფანტებიან და ის საშუალება, რისთვისაც ჩვენ აქ წამოვედით, ბოლოს მიზნად გადაიქცევა ხოლმე. დაწვრილებით აღარ მოვყვები ჩვენს აქაურ ცხოვრებას. ჩვენს განცდებს, ფსიქოლოგიურ წნეხს. ეს ყველამ კარგად ვიცით.
ახალგაზრდა ულამაზესმა ქართველმა ქალმა თავი დაიხრჩოო ტბაში. თვალებს არ ვუჯერებდი, თამუნას სურათს რომ დავყურებდი. დეპრესიაში იყო და ეტყობა ვერ გადალახაო – მითხრა მისმა ახლობელმა. ემიგრანტობამდე ძალიან ლაღი და მხიარული გოგო იყო, ვერავინ ვერ გაიხსენებს მის დაღონებულ სახეს.
მაგრამ ამის გაძლება ყველას ხომ არ შეუძლია?! ცხადია, არა! ზოგი ჭკუიდან იშლება. ზოგი უდროოდ კვდება. ზოგიც თვითმკვლელობაში ჰპოვებს შვებას. და რა გამოდის! სიცოცხლის ფასად ვშოულობთ ფულს. იქნებ დროა, რაღაც სხვაგვარად შევხედოთ ჩვენს თავს. ზოგი ოჯახიდან შორს ყოფნას ვერ ეგუება. ზოგი შვილების მონატრებას. ზოგს ლიბიდო არ ასვენებს. ათასი მიზეზია. ზოგი სოციალური და ზოგიც ინდივიდუალური.
ერთხელ დავწერე ჯგუფში, საქართველოში დავბრუნდეთ და სოფლის მეურნეობის პროექტები განვახორციელოთ მეთქი. სერიოზული მხარდაჭერის ნაცვლად სერიოზული კრიტიკა მივიღე. არ ჯობია, მცირედი გვქონდეს, მცირედით დავკმაყოფილდეთ და სულიერად ჯანმრთელნი ვიყოთ?! ადამიანს არსებობისთვის გაცილებით ნაკლები სჭირდება, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. ამდენი ფუფუნების საგანი როდის ჰქონია ქართველს. მთელი დღე და მოსწრება თავის გადასარჩენად იბრძოდა და შრომობდა. ერთი იყო მისი ზრუნვის საგანი – მამული!
ახლა მამული უპატრონობით სულს ძლივსღა ითქვამს და ჩვენ რას გამოვკიდებივართ, თავად არ ვიცით. ღმერთმა ქნას თამუნას ცხედარი უკანასკნელი ყოფილიყოს უცხო მიწიდან სამშობლოს გზაზე მიმავალი.
პრობლემები უსაშველოდ გრძელდება და ვერ ვდგავართ ნაბიჯს წერტილის დასასმელად, მეც ძალიან მეშინია, ასეთ რამეებს რომ ვიგებ, ვგრძნობ, აღარაა ჩემი ადგილი აქ და უნდა წავიდე. იმედია, მშვიდობით. ღმერთმა ყველა ჯანმრთელი და ყველა პრობლემა მოგვარებული დააბრუნოს შინ. ვწუხვარ ამ ლამაზ გოგონაზე”.

