ანგრევენ თუ არა კინოთეატრ რუსთაველს

ანგრევენ თუ არა კინოთეატრ რუსთაველსმთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გრიგოლ გეგელიას ინფორმაციით,  რუსთაველის კინოთეატრის ფასადის დემონტაჟი მიმდინარეობს.

„დღეს კინო-რუსთაველის ისტორიული ფასადის დემონტაჟი დაიწყო! კიდევ ერთხელ, ჩვენ  თვალწინ უპასუხისმგებლო პოლიტიკა მთამწინდის უნიკალურ ძეგლს მოსპობით ემუქრება! კინო-რუსთაველის ძეგლი მაღალი ისტორიული, კულტურული და არქიტექტურული ღირებლების მატარებელია. ის წარმოადგენს უნიკალურ სტილს – ე.წ. პოსტკონსტრუქტივიზმს, რომლის ნიმუშიც ქალაქში სულ რამოდენიმეღა შემოგვრჩა!

ჩვენ არ დავუშვებთ ამ ძეგლის მოსპობას!

1939 წლიდან მოყოლებული, ისტორიულად აქ მუდამ იყო კინოთეატრი. ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ შენარჩუნდეს ძეგლის უნიკალური არქიტექტურული სტილი და ფუნქციური დანიშნულება.

მოვუწოდებთ მთაწმინდელებს, სოლოლაკელებსა და ყველა მოქალაქეს, შემოგვიერთდეს კინოთეატრის დასაცავად!” – ნათქვამის გეგელიას შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ამ შენობაზე არანაირი სადემონტაჟო ან სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს“ – ასე პასუხობს გრიგოლ გეგელიას „ტფილისის ჰამქარის“ წევრი, კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი.

„ძალიან მოკლედ ვიტყვი:

1 – თბილისი პატარაა და შესაბამისად მე ვიცნობ კინო-რუსთაველის მეპატრონეებს.

2 – სრულიად მიუღებელი იყო მათი მხრიდან წარმოდგენილი პროექტი, რომელიც ძეგლზე უსახურ და გაუაზრებელ დაშენებას გულისხმობდა.

3 – ნაცნობობის მიუხედავად მეპატრონეთათვის საკუთარი პოზიცია არც შემირბილებია და არც დამიმალავს.

4 _ ამ შენობაზე არანაირი სადემონტაჟო, ან სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს.

5 – გრანიტის ფილები ფასადიდან რამდენიმე თვის წინ მოიხსნა, როგორც მითხრეს არქიტექტორების მიერ, ზონდაჟისათვის. აქვე უნდა ითქვას, რომ ზონდაჟს ორი სვეტის მთლიანი გაშიშვლება არ სჭირდება და ეს რომ არ მოხდეს, სწორედ ამიტომ უნდა იყოს საპროექტო ჯგუფში ჩართული რესტავრატორი !

5 – ძალიან დიდ პატივს გცემთ გრიგოლ გეგელია / Grigol Gegelia და ვფიქრობ, რომ სწორედ თქვენნაირმა ადამიანებმა უნდა გვაჩვენოთ სამართლიანი პოლიტიკის მაგალითი. ამიტომ “დღეს კინო რუსთაველის ისტორიული ფასადის დემონტაჟი დაიწყო!”, რბილად რომ ვთქვა სიცრუეა. არ ეძებოთ პრობლემა იქ, სადაც არ არის. არ ითამაშოთ ადამიანთა გრძნობებზე. თქვენგან ყველაზე ნაკლებად ველოდები რეიტინგის გასაზრდელად გადადგმულ უსამართლო ქმედებებს. ამიტომ, ეჭვი არ მეპარება თქვენს გულწრფელობაში, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ ამ ეტაპზე განგაში უსაფუძვლოა.

6 – ამ, ან სხვა ურბანულ მემკვიდრეობას საფრთხე რომ დაემუქროს, თქვენთან ერთად რა თქმა უნდა მეც გარეთ ვიდგები”.