,,ვგრძნობ, რომ შეყვარებულის მეგობარს ვუყვარვარ”

,,ვგრძნობ, რომ შეყვარებულის მეგობარს ვუყვარვარ"17 წლის გოგო ვარ, მაგრამ კარგად ვხვდები, ვინ როგორი თვალით მიყურებს და ჩემზე რას ფიქრობს. ბიჭების ყურადღება არასოდეს მაკლდა და ვიცი, ისინი როგორი თვალით უყურებენ გოგოს, როცა ის მოსწონთ.

ბევრმა ამიხსნა სიყვარული სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მე მხოლოდ ერთადერთი ბიჭი შემიყვარდა. მეუბნებიან, უკეთესებიც არიან შენ გარშემოო, მაგრამ უკეთესი არ მაინტერესებს, რადგან უკვე მყავს გვერდით ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს. სახლშიც იციან, რომ ყურებამდე ვარ შეყვარებული და ზოგჯერ დამცინიან კიდეც. ჩემი უფროსი და მეუბნება, ნეტა, შენ რა იცი სიყვარულისო, მაგრამ ძალიან ცდება. მის დანახვაზე რომ გული გიჩქარდება ან სიგიჟემდე რომ გენატრება და ადგილს ვერ პოულობ, მისი დანახვა რომ გაბედნიერებს, რა ჰქვია ამ გრძნობას? ჩემი აზრით, სიყვარული ჰქვია და ეს არ არის უბრალო გატაცება.

კარგი ის არის, რომ მისი მხრიდანაც იმავეს ვგრძნობ. დღეში რამდენჯერმე მირეკავს, მესიჯებს ხომ ლამის ყოველ წუთში მწერს. ერთად როცა არ ვართ, მაშინაც კი ჩემ გვერდით არის, მარტო არასოდეს მაგრძნობინებს თავს. ის საუკეთესოა მათ შორის, ვისაც ვიცნობ.

ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს. ხშირად ვეუბნები, ამდენ რამეს და ამდენ ადამიანთან ურთიერთობას როგორ ასწრებ-მეთქი. ის სტუდენტია და უნივერსიტეტშიც ყოველდღე დადის, ლექციებს არ აცდენს და კარგადაც სწავლობს. მოკლედ, ბევრი რამ აქვს ისეთი, რითიც ვამაყობ.

ახლა ერთი საფიქრალი გამიჩნდა. ჩემს შეყვარებულს ჰყავს მეგობარი, რომელიც ძალიან ცუდად იქცევა. ვგრძნობ და დარწმუნებულიც ვარ, რომ ვუყვარვარ. სულ ცდილობს, ჩემთან ახლოს იყოს. რაღაც მიზეზებს ეძებს, რომ ტელეფონით ან სოციალური ქსელით დამეკონტაქტოს. არ მინდა, რამე ვუთხრა, რატომღაც ვამჯობინე, არაფერი შევიმჩნიო და თავი ისე მოვაჩვენო, თითქოს ვერაფერს ვხვდები. სინამდვილეში კი ძალიან ვნერვიულობ, მეშინია, ჩემი და ჩემი შეყვარებულის ურთიერთობაში ცუდად არ ჩაერიოს და ერთმანეთს არ დაგვაშოროს.

სარკის  ერთგული მკითხველი