რამდენიმე დღის წინ ოზურგეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის მამუკა ნაცვალაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მოტოციკლი და ავტომობილი შეეჯახნენ, ნაცვალაძე მოტოციკლს მართავდა. შეჯახების შედეგად იგი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. ის და მისი მეუღლე პირველ შვილს ელოდებოდნენ.
გარდაცვლილის მეუღლე ქეთევან ნარიმანაშვილი ,,ფეისბუქზე” ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
,,რამდენიც არ უნდა ვეცადო, ალბათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვერ ვიპოვი საჭირო სიტყვებს და ალბათ ამ ფორმით ამ თემასაც აღარ შევეხები…
გაუაზრებლად, გაყინული და არ ვიცი საიდან მოსული ძალით ვწერ ბიჭზე, რომლის ჩემს ცხოვრებაში არსებობისთვისაც სამყაროში არსებულ ყველა ძალას ყოველდღე მადლობას ვუხდიდი და ვფიქრობდი (ახლაც ვფიქრობ), რომ მე მისი ღირსი არ ვიყავი და არ ვიმსახურებდი… ვწერ ბიჭზე, რომელმაც დამავიწყა აქამდე არსებული ყველაფერი ცუდი და რამდენიმე თვეში მომცა იმაზე მეტი, რასაც ყველაზე თამამად ბედნიერ ოცნებაშიც კი ვერ დავსახავდი…
ვწერ ბიჭზე, რომლისთვისაც სიცოცხლის დათმობაც უყოყმანოდ შემეძლო და რომ შეიძლებოდეს, ახლაც სიხარულით გავაკეთებდი იმავეს… ვწერ ბიჭზე, რომელიც ქარიშხალივით შემოვარდა ჩემს ცხოვრებაში, დამაყარა თავზე ყველა სიხარული, სიყვარული, ბედნიერება ერთად აღებული და ასევე ქარიშხალივით წავიდა და თან წაიღო სულ ყველაფერი, ყველაფერი ერთი „პატარა“ ბედნიერების გარდა. რისთვისაც ვაგრძელებ სიცოცხლეს და რისთვისაც ვეცდები, რომ ყველაფერი შევძლო…
იმისთვის არ ვწერ, რომ კიდევ ერთხელ თანაგრძნობა გამოვიწვიო, ისედაც ვიცი და დარწმუნებული ვარ. არც იმისთვის, რომ გაგაცნოთ ბიჭი, რომელმაც ჩემი ცხოვრება თავისი გამოჩენით თავდაყირა დააყენა და ამქვეყნად ყველაზე ბედნიერ ადამიანად მაგრძნობინა თავი… ჰო, ყველაზე ბედნიერ და სრულყოფილ ადამიანად…
უბრალოდ, ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ამდენი სიყვარულის, სითბოსა და გვერდში დგომისთვის… მაპატიე, ეს შენთვის საძულველი დიდი და საჯარო პოსტი და ყველაზე დიდი მადლობა შენ უნდა გითხრა, ჩემო… მადლობა, წარმოუდგენლად ბედნიერი დღეებისთვის, მადლობა შენი ჩემს ცხოვრებაში არსებობისთვის და მადლობა იმისთვის, რომ სიკვდილის უმცირესი შიშიც გამიქრე და გპირდები, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარ შეხვედრას შეძლებისდაგვარად მშვიდად დაველოდები…”, – წერს ნარიმანიშვილი.