მარი თაბაგარი: ,,9 წლის ნანატრი შვილი ცუდად გამიხდა, რეანიმაციის კართან ლოცვით ვათენებდი…”

მარი თაბაგარი: ,,9 წლის ნანატრი შვილი ცუდად გამიხდა, რეანიმაციის კართან ლოცვით ვათენებდი..." მარი თაბაგარი საოცარ ისტორიაზე ყვება მისი და დაჩის დედაშვილობიდან. წერს, როგორი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა, რა გზა გაიარა შვილის სიცოცხლის ბრძოლისთვის და ნათლობის საიდუმლომ როგორი სასწაული მოუვლინა.

,,რამ გამახსენა (ან კი რა დამავიწყებს?!)… მადლობა, ღმერთო, მისი ჯანმრთელობისთვის (გადარჩენისთვის).

ცხრა წლის ნანატრი შვილის მონათვლას დიდი ზარ-ზეიმით მეორმოცე დღეს ვაპირებდით. ერთი თვის თავზე ცუდად გახდა. ძალიან ცუდად. ორი დღე იკვლევდნენ მიზეზს და არასამედიცინო ენით რომ ვთქვათ, ნაწლავის გადახლართვა (გაუვალობა) დაუდგინდა. ოპერაციის დაყოვნება სიკვდილის ტოლფასი იყო.

იაშვილის კლინიკაში პალატა გამომიყვეს, რომ რეანიმაციიდან გამოსულ შვილს დავლოდებოდი (სახლში წამოსვლაზე პროტესტი განვაცხადე). დაჩი კი წარმატებულად დასრულებული ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაში გადაიყვანეს. არც ერთი ღამე იმ პალატაში არ გამიტარებია. რეანიმაციის კართან ლოცვით ვათენებდი. სამი დღე გადიოდა და ოპერაციის შედეგს ვერ ვხედავდით. თუ ასე გაგრძელდებოდა, მეორე ოპერაცია გარდაუვალი იყო.

მესამე დღეს რეანიმაციაშივე სასწრაფოდ მოვნათლეთ დაჩი. ნათლობის მეორე დღიდან კი ჯერ ის გვაცნობეს, რომ მეორე ოპერაცია საჭირო აღარ გახდებოდა, მეხუთე დღეს კი ნაწლავის სრული აღდგენაც აჩვენა ექოსკოპიამ. დარჩა გასაფრთხილებელი ნაოპერაციები და მაღალი სიცხე.

მახსოვს, რეანიმაციაში შესულს ერთმა სათნო და მზრუნველმა ექთანმა მითხრა, ამას ახლა დედის გვერდით ყოფნა უნდა, სხვა აღარაფერიო. იმ დღესვე პალატაში გადმოვაყვანინე.
მის შემდეგ ყოველ ღამით მისი სუნთქვა ჩემი იავნანაა.

პირველ ფოტოზე 1 თვის დაჩი მეორე ფოტოზე – 10 წლის!”, – წერს მარი თაბაგარი.