,,ახლა მარტო ხარ სახლში?..” – მამაკაცი 9 წლის გოგონას ფოტოების გამოქვეყნებით აშანტაჟებდა

,,ახლა მარტო ხარ სახლში?.." - მამაკაცი 9 წლის გოგონას ფოტოების გამოქვეყნებით აშანტაჟებდა9 წლის გოგონას დედა სოციალურ ქსელში შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებს. წერს, რომ მის შვილთან უცნობი  მამაკაცი კონტაქტს სხვადასხვა ხერხით ცდილობდა. საქმეს უკვე პოლიცია იძიებს. დამნაშავის ვინაობა დადგენილია.

,,ახლა მარტო ხარ სახლში? რამდენის ხარ?” – ასე იწყება მიმოწერა ჩემს შვილსა და უცნობ ტიპს შორის…
ექვსსაათიანი დაკითხვის და პოლიციაში ყურყუტის მერე ძალაგამოცლილი დავბრუნდი სახლში. ბევრი ვიფიქრე, დამეწერა თუ არა. გადავწყვიტე, დავწერო, რათა ჩემი გამოცდილება სხვებისთვის მაგალითი იყოს. ვერასოდეს ვიფიქრებდი, მეც თუ დავდგებოდი ამ საფრთხის წინაშე.

მწერს ლიზი ფეისბუქზე, რომ ვიღაც კაცი გადაეკიდა, ემესიჯება და ემუქრება. შევვარდი მის ფეისბუქზე და ვხედავ, ბავშვს უწყობს დაკითხვას, სთხოვს, რომ (ჩემთვის გაურკვეველი) თამაშიდან მესენჯერში გადაინაცვლონ და იქ გააგრძელონ მიმოწერა. ეკითხება, სად ცხოვრობს, მარტოა თუ არა სახლში, ჰყავს თუ არა შეყვარებული, სად მუშაობს დედა.

არიგებს, რომ ჩუმად ემესიჯოს, არავის უთხრას და მესიჯები წაშალოს. მას შემდეგ, რაც ბავშვმა აღარ მიწერა, დაემუქრა, რომ თუ არ მისწერდა, მის ფოტოებს ,,სადღაც” ატვირთავდა.

შოკში ჩავვარდი. მაშინვე განყოფილებაში წავედი. დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, ამიტომ
აღიძრა საქმე. ვინაობა დადგინდა. ამ ყველაფერს ვწერ იმიტომ, რომ ნაწილიბრივ მეც ვარ დამნაშავე. 9 წლის ბავშვს არ სჭირდება სოციალური ქსელი.

გთხოვთ, მკაცრად აკონტროლეთ თქვენი შვილები, გაუუქმეთ ფეისბუქი, მართლა არაფერში სჭირდებათ. ბავშვს რომ არ ეთქვა ჩემთვის, წარმოდგენაც არ მინდა, სადამდე მივიდოდა საქმე. გამოძიების დამთავრებამდე ვერ ვუუქმებ ფეისბუქს. გთხოვთ, გაფრთხილდით. სანამ ჩვენს კარებზეც არ დააკაკუნებს ხიფათი, ვერ ვგრძნობთ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს”.