სოციალური ქსელში ეკა ლეყვას საოცრად ემოციური პოსტი ვრცელდება, რომელიც ფეისბუქში ეკა ამირანისას სახელით არის დარეგისტრირებული. ის აფხაზეთის ომის ოშმარს ყვება და გარდაცვლილ დედას ბოდიშს უხდის.
,,25 წლის წინ, დღევანდელ დღეს, ზუსტად ამ საათებში, ჩვენ თვალწინ დაგცხრილეს, დე.. ძლივს მოვიპოვე ეს ფოტო, “ოდნოებში” მქონია შენახული. გპირდები, შენს შესახებ მოვუყვები ყველას… თუ რა ბარბაროსულად გაგიმეტეს და ჩაგცხრილეს უდანაშაულო, უმწეო ქალი, შვილი და პატარა შვილიშვილების თვალწინ. ნათელში იყოს შენი სული და შენთან ერთად აფხაზეთში უმოწყალოდ ჩახოცილთა სულები…
27 სექტემბრის საღამოს, ბევრ ვიდეოს ვუყურე აფხაზეთის ომზე გადაღებულს თუ მიძღვნილს… ძალიან იმოქმედა, ალბათ იმიტომ, რომ მე ჩემი ისტორია მაქვს ცალკე და არც თუ ისე უბრალო. ვერ დავიძინე და მომინდა აქ მეთქვა სათქმელი. დავიწყე კიდეც, წინა პოსტში აღწერა ჩემი მოგონებების და ვერ შევძელი, სერიოზულად ცუდად გავხდი.
25 წელია, ჩუმად ვარ. ამ ამბავზე ტაბუ მედო. ალბათ იმიტომ, რომ სინდისის ქეჯნას ვერ ვუძლებდი და სადღაც, ტვინის უფსკრულში, ცხრაკლიტული მედო. 25 წლის მანძილზე ეს ამბავი ხუთი ადამიანისთვის თუ მაქვს მოყოლილი, შეიძლება ორით მეტი იყოს… და ისიც ეტყობა, ძალიან მომაწვა მაგ დროს ბურთი ყელში… მინდა, განვთავისუფლდე ამ ფიქრებისგან, ტანჯვისგან. მიიღეთ, როგორც აღსარება…..
მე მომაკვდავი, სულთმობრძავი დედა მივატოვე და გავიქეცი… ფეხმოგლეჯილი, სისხლში მცურავი მივატოვე ღვთის თუ მტრის ანაბარა და გავიქეცი… მე მას ვუღალატე. დედაშვილობას ვუღალატე.
ოღონდ მე თავის საშველად არ გავქცეულვარ, შვილებს, თამთას და ირაკლის გავეკიდე, რომლებსაც ასევე დაჭრილმა და სისხლში მცურავმა მათმა ბებიამ (ჩემმა დედამთილმა) ხელი ჩაავლო და გააქცია.
,, ეკა, მე მივდივარ. თუ არ მოდიხარ, დარჩი დედაშენთან მაშინ და მიხედე… მე ბავშვები მიმყავს” – თქვა, დაავლო ხელი ბავშვებს და გაიქცა. ასეთი არჩევნის წინაშე არასდროს დაგაყენოთ უფალმა, არასდროს, რამეთუ…
მე დაჭრილი დედა ავიყვანე ხელში, მივაწვინე ლოგინზე, გადავუჭირე ფეხზე მაგრად ნაჭერი. სისხლს ვაჩერებდი ჩემი ჭკუით. თვალებში ვერ ვუყურებდი. სული, გული ბავშვებს გაჰყვა, 6 და 7 წლის ბავშვებს. დამიცხრილავენ, მომიკლავენ, რა ვქნა? არადა დედა როგორ მივატოვო?.. და ბავშვები?..
,,დე, ბავშვებს გადავმალავ სანდო ადგილას და დავბრუნდები. ცოტა მოითმინე, კარგი?” – პასუხს არ ველოდები, სამი თვის ქრისტინას ვიტაცებ ხელში, ინსტინქტურად იქვე მიგდებულ ,,პილიონკებით” სავსე, სპორტულ ჩანთას ვიკიდებ მხარზე და მივდივარ კარებისკენ…
ზდურბლთან ვქვავდები წამიერად და უკან ვიხედები. ,,უკანასკნელად შეხედე დედაშენს!” მიბრძანა ვიღაცამ, თითქოს გაბრაზებულმა. მივიხედე… მარჯვენა ფეხი ხელებით ეჭირა. ფეხს რომ ვამბობ, მუხლის ქვემოთ, შუა წვივზე გადამსხვრეული, ერთ ტყავზე ეკიდა მთელი ტერფით… სისხლი? არც იკითხოთ… იცლებოდა… თავი ჩემკენ ჰქონდა მობრუნებული და… თვალები… თვალები… იქნებ არ დამიჯეროთ, მაგრამ მე ახლა სიმწრისგან ვყმუი… ვტირი, ვღმუი და ვაგრძელებ წერას… უნდა ვთქვა ბოლომდე, შევპირდი დღეს, ანთებულ სანთელთან დედას…
თვალები… იცით, რა იყო თვალებში?.. ,,მიდიხარ? მტოვებ? რა მეშველება?.. მეშინია… არ წახვიდე, მეშინია…” – ეწერა თვალებში…. შიში და უიმედობა ეწერა.. სასოწარკვეთა ეწერა… და მე მაინც გადავდგი ფეხი და გავიქეცი.. რატომ გააჩინე, ღმერთო, დედაშვილობა? რატომ დგას ყველაფერზე წინ შვილი? რატომ დამაყენე არჩევანის წინაშე, რატომ? რა შეგცოდე ასეთი მიუტევებელი?.. მოკლედ, გავეკიდე შვილებს, რომ ისინი გადამერჩინა…
სიმინდის ყანებში წამოვეწიე ბავშვებს… დილამდის ისროდნენ და აფეთქებდნენ სახლებს, ძარცვავდნენ, ყვლეფდნენ, ხოცავდნენ და ვერ ძღებოდნენ მაინც… ეშმაკი ეჯდათ სულში და სხეულში და არ ინდობდნენ არაფერს და არავის. მეორე დღესაც ვერ გადავედი… იწვოდა და ქოთქოთებდა იქაურობა.. ჯოჯოხეთი მიწაზე გამეფებულიყო, სიკვდილი არ ინდობდა, მოხუცს, ქალს, კაცს, ბავშვს, ღორს, ძაღლს, ძროხას… ყველა ერთად ეყარა ქუჩებსა თუ ორღობეებში… შიშისგან გადალეული და მწუხარებისგან განადგურებული ბავშვებს ვერ ვტოვებდი. თანაც, სტრესისგან რძე გამიშრა. სამი თვის ბავშვი მშიერი მყავდა და ვერ ვაჩუმებდი. დედამთილი ვერ დგებოდა, დაჭრილი და სიცხიანი იწვა…
მესამე დღეს გავეპარე დედამთილს და ბავშვებს და გადავედი უკანა ქუჩაზე, სადაც დედა დავტოვე. სახლი გადანახშირებული დამხვდა. შეშინებული, ფეხაკრეფით დავდივარ დამწვარ სახლში და დედას დავეძებ. ჰმ… მართლა მქონდა იმედი ნეტავ, რომ ვიპოვიდი, და თანაც ცოცხალს? უცებ საიდღანაც, ვიღაც კაცი ამეტუზა… გული გადამიქანდა.
– ვის ეძებ? – მეკითხება ცივად.
– გუშინწინ აქ დაჭრილი ქალი დავტოვეთ.. – ვლუღლუღებ დარცხვენილი, რომ დავტოვე, მრცხვენია…
– აა, უმერლა, პახარანილი მი (სომეხი იყო)… ბედნაია, დვა ჩასა მუჩალას, ი უმერლა…
იცით, რას ყვიროდა თურმე?. არავინ არ ხართ ქრისტიანი, დამეხმარეთ, ღმერთი არ გწამთო. იცი, რას გეტყვი, დეე? შენნაირი სიკვდილი მარგუნოს ღმერთმა მეც და უპატრონოდ მომკლას. აი, მაშინ დამშვიდდება სინდისი. მანამდე, რაც უნდა ვიმართლო თავი, ფუჭია… და არც ერთ ნუგეშს არა აქვს აზრი ჩემთვის…”.

