მარგველაშვილი – “ავლაბრის სასახლეში გადმოსვლით ბიძინას ვაჩვენე, რომ არ ვემორჩილებოდი”

მარგველაშვილი - "ავლაბრის სასახლეში გადმოსვლით ბიძინას ვაჩვენე, რომ არ ვემორჩილებოდი"პრეზიდენტის სასახლემ 5 წლის გატარების შემდეგ შეიძინა სიმბოლიკა, რომ აქ ყველა ერთი ადამიანის ჭკუაზე არ დადის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „რადიო თავისუფლების“ ეთერში, გოგი გახარიას გადაცემაში „ანარეკლები“ პრეზიდენტის სასახლეზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, თავდაპირველად ის უარს აცხადებდა პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში გადასვლაზე, თუმცა, მას შემდეგ, რაც მისი და კოალიცია „ქართული ოცნების“ გზები გაიყო, პრეზიდენტის სასახლემ შეიძინა სიმბოლური დატვირთვა, რომ ის არ ემორჩილება არავის.

„თავიდან უარს ვამბობდი ამ სასახლეში გადმოსვლაზე. თუმცა, ეს არ იყო წინასაარჩევნო დაპირება. წინასაარჩევნო დაპირებაა, მაგალითად: უფასო ფული გექნება, გაზი დაიკლებს, ბენზინიდან ლარი აღარ წავა „ნაცების“ ჯიბეში და წინასაარჩევნო დაპირებაა სამუშაო ადგილების შექმნა. ეს არ იყო წინასაარჩევნო დაპირება, ეს იყო ჩემი შეხედულების გაზიარება, რომ მე არ მინდა. არ მიმღებლობა გამომდინარე იყო იქედან, რომ ჩემთვის მიუღებელი იყო წინა პრეზიდენტი. ეს იყო საფუძველი არ მიღების.

მაგრამ არჩევნების შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენი, ჩემი და მმართველი კოალიციის გზები გაყოფილია. ბევრი პერსონაჟი იყო შიგნით და რა თქმა უნდა მთავარი როლი ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა. არჩევნების შემდეგ ეგრევე გაიყო ჩვენი გზები.

ამ გაყოფას სჭირდებოდა პოლიტიკური სიმბოლო, ჟესტი. ეს ყველაფერი მიმდინარეობდა კულისებში და საჭირო იყო ჟესტი, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, ვისაც ეტყვიან „მესტა“ და სადაც ეტყვიან იქ დაჯდება ან დაწვება. ყველა აქტორთან მიდიოდა ჩემი დისკრედიტაცია და მე ამას წყნარად ვითმენდი.

აქ გადმოსვლამ ნათლად აჩვენა, რომ ეს არ არის ის, ვინც ემორჩილება. ამაზე წამოვიდა აგრესია, რომ ჩვენ ყველანი ვართ მორჩილებაში და შენ რა უფლება გაქვს არ დაემორჩილო.

ამ სასახლემ 5 წლის გატარების შემდეგ შეიძინა სიმბოლიკა, რომ აქ ასე არ არის და ყველა არ დადის ერთ ჭკუაზე“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ინტერპრესნიუსი