თამუნა მუსერიძე: ,,მეგონა, დედის გარდაცვალებაში მეც მიმიძღოდა ბრალი”

თამუნა მუსერიძე: ,,მეგონა, დედის გარდაცვალებაში მეც მიმიძღოდა ბრალი"ყოფილი ტელეწამყვანის, თამუნა მუსერიძის ცხოვრებაში ბევრი რთული პერიოდი იყო, მაგრამ როგორც ძლიერ ქალებს სჩვევიათ, ყველაფერს უმკლავდებოდა. ყველაზე მძიმედ დედის გარდაცვალება გადაიტანა. თავის გაუყუჩებელ ტკივილზე თამუნამ ,,სარკესთან” მაშინ ისაუბრა, როცა ყველაზე მეტად უჭირდა.

თამუნამ დედა 2016 წლის აგვისტოში დაკარგა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალი, მარინა კუხიანიძე, მოულოდნელად ანევრიზმით გარდაიცვალა.

თამუნა მუსერიძე:

-ძალიან ცუდად ვიყავი, სასწრაფო სასწრაფოზე მოდიოდა ჩემთან. დამამშვიდებელ, საძილე და გულის წამლებს ვსვამდი.

– ავადმყოფობდა დედა?

– არა. რაღაცები აწუხებდა, მაგრამ ის, რითიც გარდაიცვალა, იმ პრობლემებთან არაფერ კავშირში იყო. საგანგაშო მდგომარეობა არასდროს ჰქონია. დედა ანევრიზმით გარდაიცვალა.

– გვიამბეთ თქვენს დედაშვილობაზე, ურთიერთობაზე.

– დედა ჩემ მიმართ განსაკუთრებულად მკაცრი და მომთხოვნი იყო. მე ფიცხი და ემოციური ვარ. რაც არ მსიამოვნებს, შემიძლია ყველას პირში მივახალო. ამის გამო ხშირად შემქმნია პრობლემა. დედა, ჩემგან განსხვავებით, მომთმენი და მშვიდი ქალი იყო. კონფლიქტი არასდროს არავისთან ჰქონია. რამე თუ არ მოეწონებოდა, იშვიათად მეუბნებოდა.

დედას ერთი რამით ვგავარ. შეიძლება ადამიანისგან რაღაც მეწყინოს და თვალი დავხუჭო იქამდე, სანამ არ გამანადგურებს. ისიც ასეთი იყო.

– დედის რჩევებს, მის სურვილებს ითვალისწინებდით, უჯერებდით თუ ურჩობდით?

– განათლებული და დასაქმებული რომ ვყოფილიყავი, ამაზე მაქსიმალურად ზრუნავდა. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ შესაბამისი განათლება მიმეღო. მიუხედავად იმისა, რომ სიმკაცრით გამოირჩეოდა, რაღაც საკითხებში მის აზრებს არ ვითვალისწინებდი და მაინც ისე ვიქცეოდი, როგორც საჭიროდ მიმაჩნდა.

მოჩხუბარი ქალი არასდროს ყოფილა. ერთს მეტყოდა და ის უნდა გამეგო. ემოციური, მაგრამ უთქმელი დედა მყავდა. გამუდმებით იმას მირჩევდა, რომ სულსწრაფი და დაუფიქრებელი არ ვყოფილიყავი ან ემოციური ნაბიჯი არ გადამედგა, რასაც, სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვითვალისწინებდი. ბევრი ისეთი ნაბიჯი მაქვს გადადგმული, რომელიც არ სიამოვნებდა.

– კონკრეტულად რა იყო ეს ნაბიჯები, რა არ მოსწონდა?

– ორჯერ ისე გავთხოვდი, მისთვის არაფერი მიკითხავს. ორივე ნაბიჯით უკმაყოფილო იყო, რადგან მისგან რჩევაც არ მითხოვია. რამე რომ მეკითხა, შეიძლებოდა იმდენად არ სწყენოდა. ჩემი ქმარი, სანდრო, ძალიან მოსწონდა და უყვარდა. სიძე-სიდედრს საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდათ.

– თქვენი ძმა როგორ გრძნობს თავს?

– ჩემი ძმა მარტო დარჩა. სიმართლე გითხრათ, ხშირად ვერ ვუყურებ და ვერც ვეკონტაქტები. მის მდგომარეობას იმდენად განვიცდი, რომ ყველაზე მეტად მეცოდება. ისიც ძალიან ცუდად იყო. ამას წინათ მივედი და დავინახე, სარეცხს როგორ რეცხავდა… კინაღამ მოვკვდი! ძალიან განვიცადე. მე მაინც ქმარი მყავს და შვილი, გიორგის კი – არავინ. გვერდში რომ ვერ ვუდგავარ, ეს გრძნობა საერთოდ მკლავს.

– სინანული გაგიძლიერდათ?

– დედასთან დაკავშირებით ბევრ რამეს ვნანობ. ძირითადად სახლში ვარ და ამ ბოლო დროს ვფიქრობ იმაზე, რამე ისეთი არ გავაკეთო, რაც დედას არ მოეწონებოდა. საშინელი დეპრესია მქონდა იმის გამო, რომ მეგონა, მის გარდაცვალებაში მეც მიმიძღოდა ბრალი, თუნდაც სხვანაირად რომ მეპატრონა მისთვის, იქნებ ეს საშინელება არ მომხდარიყო. ყველაფერს გვიან ვხვდებით ხოლმე ადამიანები.

ანალიზების გაკეთებას ვაძალებდი, მაგრამ არ მიჯერებდა. რადგან ექიმი იყო, ეგონა, რომ მნიშვნელოვანი არაფერი აწუხებდა.

 სოფიო ბოჭორიძე, სარკე