ნაზიბროლა (ნაზი) ფერცულიანი აქვეყნებს ისტორიას, რომელიც შეუძლებელია გულგრილად წაიკითხო და ამ ტრაგედიამ არ შეგძრას.
,,ძალიან დიდი მადლობა და ბოდიში ყველას, ვისაც გული გატკინეთ ნანახით თუ წაკითხულით. ეს 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ მოხდა და ჯერ კიდევ მოურჩენელ იარაზე ისევ იარები გაჩნდა. ბავშვებმა ლამაზად გაწყობილ ხელოვნურად გაკეთებულ ბომბს, რომელსაც სანთლის ფორმა ჰქონდა, მოუკიდეს ისე, რომ აზრზე არ იყვნენ, რას აკეთებდნენ. ვერც გაიგეს, რა მოხდა, ისე დამთავრდა მათი ბავშვობა იმ წამში.
აფეთქების ხმაზე ყველაზე პირველი მე მივედი და რაც ვნახე, იმან გამანადგურა, მას მერე მე ქალი აღარ ვარ. ეს იყო საშინელება ჩემთვის და მარინასთვის და არა მარტო ჩვენთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, უძვირფასეს სამეზობლოსთვის (ჩვენ 50 მეტრში ვცხოვრობდით ერთმანეთან), სანათესაოსთვის და ვიტყვი: მთელ იმდროინდელი საქართველოსთვის.
სასაფლაო 10 კილომეტრში იყო და ხელით ატარეს ეს ბავშვები. ქუჩაში მანქანები ჩერდებოდნენ, ძირს ჩამოდიოდნენ და დაჩოქილები ხვდებოდნენ. ქალაქი მოკვდა, ჩვენი უბანი, ხმაურიანი კინოპრაკატი, დაემსგავსა ნაუბნარს, არ ისმოდა ხმა, არ რთავდენ ტელევიზორებს, ბავშვებს ხმამაღლა ლაპარაკის უფლებას არ აძლევდნენ, იმდენად გვიფრთხილდებოდნენ განადგურებულ დედებს.
სასაფლაო ერთმანეთის გვერდიგვერდ გავაკეთეთ, სხვანაირად არც შეიძლებოდა. გვერდში გვედგა ყველა რჯულის ადამაინი – რუსი, აფხაზი, სომეხი, ბერძენი, ოსი თუ ჩეჩენი… 40 დღე მთელმა ქალაქმა წვერი ატარა და ამით გამოხატეს თანადგომა და წუხილი. გადაიქცა ერთ ტკივილიან ქალაქად სოხუმი. და ყველას ეკერა პირზე: რატომ? რატომ? რატომ?.. პასუხი კი დღესაც გაუცემელია.
ამ ტრაგედიას ახლდა კიდევ იმდენი გულისტკივილები, თუ ეროვნულ მოძარაობასთან დაკავშირებით, თუ პირადული ამ ოჯახებს შორის, თუ… ჩვენ ორი გამწარებული დედა ოჯახის წევრებთან ერთად დავდიოდით სასაფლაოზე და ეს იყო ზეიმი ჩვენი, როცა ცოცხალმკვდრები მიცვალებულებს ვაკითხავდით და ასე იყო ყოველდღე მანამ, სანამ იქიდანაც არ გამოგვყარეს.
ყველა რომ რაღაცას მისტიროდა, ჩვენ ჩვენს განძს, ჩვენი შვილების სასაფლაოს მივტიროდით. 2 თვე რუსთაველის ქუჩაზე იდო სურათები და არავინ უვლიდა გვერდს. სულ სავსე იყო ყვავილებით, ვიღაცები ფსალმუნებს კითხულობდნენ, ენთო კანდელი და სანთლები. მადლობა მათ, ვინც ეს გაკეთა, მაგრამ მართლა არ ვიცი, ვინ იზრუნა ამაზე.
მადლობა ყველას, ვისაც არ გბეზრდებით და არ მეუბნებით საყვედურს და მიტანთ. კიდევ ძალიან ბევრია, ძალიან ბევრი, რაც გადავიტანე, მაგრამ ძალა აღარ მაქვს იმაზე სასუბროდ”.

