მარინა თექთუმანიძე ფეისბუქში წლების წინანდელ აბავს იხსენებს, რომელიც შეუძლებელია უემოციოდ წაიკითხო.
,,ეს ამბავი შარშან გავიხსენე. თუმცა ალბათ სულ უნდა მახსოდეს…
ერთი მეგობარი მყავს. ისე მოხდა, რომ ერთ წელს დასასვენებლად ერთად წავედით. მე ჩემს შვილთან ერთად, ის – თავის გოგონასთან. დიდი ფულის პატრონი არც ერთი ვიყავით და გადავწყვიტეთ, რაც შეიძლება ეკონომიურად გვეცხოვრა, ამიტომ შვილებს ხშირად ვეუბნებოდით უარს ტკბილეულზე, ლიმონათებზე…
გვერდით ეზოში ბებია-შვილიშვილი ცხოვრობდა. ბავშვს დედ-მამა ავტოკატასტროფაში დაღუპვოდა და მოხუცი ბებია ზრდიდა. ფიქრიანი, გულჩათხრობილი ბავშვი იყო. რატომღაც ჩვენს შვილებს დაუმეგობრდა და მთელ დღეს მათთან ერთად ატარებდა.
ერთ დღეს ჩემს მეგობარს მისმა შვილმა რაღაცაზე დაუძახა: – დედა… მეგობარმა შვილი სახლში შეიყვანა და საშინლად გაუბრაზდა, ხომ გთხოვე, სიტყვა ,,დედა” სანამ აქ ვართ, არ გამაგონო. რამდენჯერ ,,დედას” დამიძახებ, იმდენჯერ ატკენ გულს ობოლ ლალიკოს, ის ხომ ვერავის ვერასოდეს დაუძახებს დედას?!
ასეთი გაბრაზებული არასოდეს მენახა. მეორე დღეს ბავშვები სასეირნოდ წავიყვანეთ და წინასწარ გავაფრთხილეთ, არაფერი მოეთხოვათ. ლალიკოც ჩვენთან ერთად წამოვიდა. თუ რამისკენ გაექცა თვალი ობოლ გოგონას, მეგობარმა ყველაფერი უყიდა. ლალიკო მუხლებზე შემოეხვია და დიდი, ცისფერი თვალები მადლიერებით შეანათა. მათ დღესაც საუცხოო ურთიერთობები და დიდი სიყვარული აკავშირებთ…
ეს ამბავი გამახსენდა, როცა ამას წინათ მეზობლის გაქსუებული ბავშვი ობოლ ბავშვს ველოსიპედზე არ სვამდა და დედამისი თავისი სიჩუმით აქეზებდა შვილის უზნეობას…”, – დაწერა ქალბატონმა მარინამ.

