თეა აბაშიძე: “ქართველი პაციენტი რომ მოდის, მგონია, ჩემი ოჯახის წევრი მესტუმრა” – გზა ჩაბნელებული თბილისიდან ამერიკის ცნობილ კლინიკებამდე

თეა აბაშიძე: "ქართველი პაციენტი რომ მოდის, მგონია, ჩემი ოჯახის წევრი მესტუმრა" - გზა ჩაბნელებული თბილისიდან ამერიკის ცნობილ კლინიკებამდექართველი ექიმი, თეა აბაშიძე, ამერიკაში 17 წლის წინ გაემგზავრა, 5 წლის წინ ვაშინგტონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ორ წამყვან კლინიკაში შინაგან დაავადებათა სპეციალისტად მუშაობს.

ემიგრაციაში მყოფი ექიმი ამბობს, რომ თბილისი იმ რწმენით დატოვა, ამერიკაში წარმატებისთვის მიეღწია და პროფესიონალი ექიმი გამხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი ორი შვილიც ამერიკაში იზრდება, ქართულ ფესვებს არ წყდებიან, სამშობლოში ხშირად ჩამოდიან.

ქალბატონი თეა ამერიკაშიც დიდ ქართულ საქმეს აკეთებს – მომავალ ქართველ ექიმებს ასწავლის, თავის ცოდნას, გამოცდილებას უზიარებს.

– ქალბატონო თეა, სად გაიარა თქვენმა ბავშვობამ, სტუდენტობის წლებმა?

– თბილისში გავიზარდე, 53-ე საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. ოჯახში ოთხი დედმამიშვილი ვიზრდებოდით. ჩვენთვის სწავლა-განათლების საკითხი ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა. დედაჩემისგან პატარაობიდანვე ჩაგონებული მქონდა, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამომეყენებინა. თვითონ სტომატოლოგი იყო და ყოველთვის სრულ განაკვეთზე მუშაობდა.

სურვილი, რომ განათლება საზღვარგარეთ მიმეღო, ბიძისგან, მენტორისგან, ავთანდილ მიქაბერიძისგან გამიჩნდა, სულ მინდოდა, მისნაირი ვყოფილიყავი. თავის საქმეში გამოცდილი იყო, რამდენიმე უცხო ენას ფლობდა, განათლება საზღვარგარეთ ჰქონდა მიღებული, თავისი ქვეყნის მოყვარული გახლდათ.

გამიმართლა და ბატონ მოროშკინის ბიოლოგიის კლასში მოვხვდი, რომელმაც რამდენიმე ბავშვი ამოგვარჩია და თბილისში ახალგახსნილ ამერიკულ სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება შემოგვთავაზა.

– გასული საუკუნის 90-იან წლების თბილისში ძალიან რთული იყო განათლების მიღება. როგორ გახსენდებათ ის პერიოდი?

– გეთანხმებით, რთული იყო. ბევრჯერ ფეხითაც წავსულვარ უნივერსიტეტში, რადგან საოცარი გაჭირვება იყო. მიუხედავად უშუქობისა, სიცივისა, წიგნების არასაკმარისი რაოდენობისა, მაინც ჩავაბარე ამერიკის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდები. გამიმართლა, რომ კლივლენდ კლინიკის ერთ-ერთი რეზიდენტურის შინაგან სნეულებათა პროგრამაში მოვხვდი.

– ანუ თბილისში განათლების მიღების შემდეგ ამერიკაში წახვედით?

– დიახ. საქართველო 2001 წელს დავტოვე, სამ წელში რეზიდენტურა გავიარე, შემდეგ მთავარი რეზიდენტის პოზიციაზე ვიმუშავე და იქვე შევუერთდი ერთ-ერთ პრაქტიკას, სადაც 12 წელი ვიმუშავე სხვადასხვა განყოფილებაში, როგორც შინაგან სნეულებათა ექიმმა. გამოცდილება შევიძინე ამბულატორიულ განყოფილებაშიც, როგორც კლივლენდ კლინიკის, ასევე საუნივერსიტეტო ჰოსპიტალებში, მწვავე საარეაბილიტაციო განყოფილებაში.

უკვე 5 წელია, რაც ვაშინგტონში ვარ და შევუერთდი მედსთარის სისტემას, რომელსაც ჯორჯთაუნის საავადმყოფოც ეკუთვნის. ასევე ვარ ჯონ ჰოპკინსის სისტემის ექიმი. ყოველთვის ვცდილობ, პროფესიულად და პიროვნულად გავიზარდო და ახალი შევითვისო. ვაშინგტონში მედსთარისა და ჯონ ჰოპკინსის სისტემაში მუშაობამ ბევრი რამ მასწავლა.

– რამ გაგიადვილათ უცხო ქვეყანაში ადაპტაცია?

– ჩემი პროფესიის სიყვარულმა, მეგობრებმა, ჯგუფელებმა, რომლებსაც ერთი მიზანი გვაერთიანებდა. ეს იყო უდიდესი დასაყრდენი ჩემთვის და ასევე, რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი. მათ გარეშე ძალიან ძნელი იქნებოდა ადაპტაცია.

– უცხო ქვეყანაში, კონკრეტულად ამერიკაში, თავის დასამკვიდრებლად რა გზის გავლაა საჭირო?

– ჩემი აზრით, კარგად დასახული გეგმით, დისციპლინით, თავდაუზოგავი შრომით ყველაფერი შესაძლებელია. და, რაც მთავარია, ჩავარდნის, იმედგაცრუების შემთხვევაშიც არ უნდა შეგეშინდეს, საქმეს ისევ უნდა მიჰყვე.

– ქართველი პაციენტები ხშირად გყავთ ხოლმე?

– ქართველი პაციენტები მყოლია. მათი დახმარება ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ყველა პაციენტს თანაბარი ყურადღებით ვემსახურები, მაგრამ ქართველებთან განსაკუთრებული ვარ. მგონია ხოლმე, რომ ჩემი ოჯახის წევრი მესტუმრა და მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციო.

– თქვენი ოჯახი ამერიკაში ვისგან შედგება?

– ორი შვილი მყავს, 17 წლის ლიზი, რომელიც წელს სამედიცინო მოსამზადებელ კოლეჯში ჩაირიცხა არიზონის შტატში და 10 წლის ნიკოლოზი. ჩემი მშობლები ხშირად ჩამოდიოდნენ ამერიკაში და მეხმარებოდნენ, რომ ბავშვები ქართული ტრადიციებით აღმეზარდა.

სახლში ყოველთვის ქართულად ვსაუბრობთ და ბავშვებმა ძალიან კარგად იციან ქართული. ჩემს შვილებს ვუყვები ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურაზე, ქართული სუფრის ტრადიციაზე და ა.შ.

– ახერხებთ საქართველოში ხშირად ჩამოსვლას?

– საქართველოსთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. ჩემი სული და გული მუდმივად მანდ არის. ჩვენ ყოველ ზაფხულს საქართველოში ვატარებთ, ჩემს შვილებს სხვაგან წასვლას ვერც უხსენებ.

– ამერიკიდან როგორ ჩანს საქართველოს ჯანდაცვის სფერო, როგორ აფასებთ თქვენი ქართველი კოლეგების პროფესიულ დონეს?

– იმ პირობების გათვალისწინებით, როგორშიც ქართველი მედიკოსები მუშაობენ, გეტყვით, რომ ისინი ნამდვილი გმირები არიან. მათ არ აქვთ ელემენტარული სამედიცინო აღჭურვილობაც კი, მაგრამ, ამის მიუხედავად, თავიანთ საქმეს შესანიშნავად აკეთებენ. ხშირად მაქვს შეხება ჩემს ქართველ კოლეგებთან და მათი პროფესიონალიზმით აღფრთოვანებული ვარ.

ჩემი გეგმები ყოველთვის დაკავშირებულია საქართველოსთან. ჩემს ჰოსპიტალში სამედიცინო უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებს ვზრდი. მინდა, მათთვის დასაყრდენი ვიყო, რომ საუკეთესო ექიმებად ჩამოყალიბდნენ. ისინი აქ პერიოდულად ჩამოდიან საქართველოდან. ვფიქრობ, ამით დიდი წვლილი შემაქვს ჩემი ქვეყნის განვითარებაში.

მსურს, უფრო მჭიდრო კავშირი დავამყარო საქართველოში სხვადასხვა კლინიკებთან, რათა ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ.

 ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე