მარინა თექთუმანიძე ფეისბუქში თავისი ბავშვობის მოგონებას აქვეყნებს, რომელიც მისთვის დღემდე ტკივილს უკავშირდება. სამწუხაროდ, იგივე სცენები დღესაც მეორდება მოზარდებს შორის და მათ გულში უსიამოვნო ნაკვალევს ტოვებს.
,,მას შემდეგ ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ ხშირად მახსენდება და დღესაც მეტირება. ძალიან პატარა ვიყავი. პატარა ქუჩის საკუთარ სახლში ვცხოვრობდით თბილისში.
ერთ დღეს გადავწყვიტე, ქუჩაში გავპარულიყავი და თანატოლებთან მეთამაშა. ისე ვჩქარობდი, რომ ვერც კი შევამჩნიე, როგორ ჩავიცვი ცალ-ცალი ფეხსაცმელი. ჩემი ქუჩის ბავშვებს ერთ-ერთის მამის მანქანაში მოეყარათ თავი. მაშინ მანქანები არც თუ ბევრს ჰყავდა და ბავშვებს ძალიან გვიხაროდა შიგ მოკალათება.
როგორღაც მეც შევძვერი და აქ მოხდა, რაც მოხდა.
–შეხედეთ, სხვადასხვა ფეხსაცმელი აცვია, გადავაგდოთ მანქანიდან, – წამოაყენა წინადადება მანქანის მეპატრონის შვილმა.
–ცალ-ცალი აცვია, გადავაგდოთ, გადავაგდოთ, – აყვნენ სხვებიც და სანამ რამეს გავიაზრებდი, ,,ბორტის მიღმა” აღმოვჩნდი. აღრიალებული შევედი სახლში.
ზემოთ გითხარით, დღემდე მეტირება ამ ამბის გახსენებაზე-მეთქი. დღემდე ვეძებ ამ ტკივილის არდავიწყების მიზეზს. რა იყო ეს, ჩემი პაწია ამპარტავნება, შელახული თავმოყვარეობა, თუ პირველ არაადამიანურ საქციელთან შეჯახება. ის კი ზუსტად ვიცი, რომ პირველი ნაწიბური გულზე სწორედ ამ ამბავმა დამამჩნია”, – წერს ქალბატონი მარინა.

