უცხოეთში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქის დახმარება დანაშაულად გამოცხადდება

უცხოეთში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქის დახმარება დანაშაულად გამოცხადდებავროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების მიზნით, საპარლამენტო უმრავლესობა კანონპოექტს ამზადებს.

სისხლის სამართლის კოდექსს ერთი მუხლი დაემატება, რომელიც უკანონო მიგრაციის საკითხს დაარეგულირებს.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანისთვის ან მისთვის უცხო ქვეყნაში უკანონოდ ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, ხელის შეწყობა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.

ასევე, თავისუფლების აღკვეთას, ვადით სამიდან ექვს წლამდე გამოიწვევს საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა.

გარდა ამისა, კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ზემოთაღნიშნული რომელიმე ქმედება, ჩადენილი: არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მიმართ, ყალბი საბუთების გამოყენებით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას, ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ხოლო მითითებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას, ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

ცვლილებების პროექტი „ქართული ოცნების” დეპუტატებმა: არჩილ თალაკვაძემ, ეკა ბესელიამ, მამუკა მდინარაძემ, გიორგი ვოლსკიმ, კახა კუჭავამ, ოთარ დანელიამ, გიორგი ხატიძემ და ზვიად კვაჭანტირაძემ მოამზადეს. მისი ინიცირება ბიუროს უახლოეს სხდომაზე იგეგმება.

 

რეზონანსი