თაკო ჩარკვიანი: ,,ეს გოგო-ბიჭები პურსა და წიწიბურაზე გაზრდილი თაობაა”

თაკო ჩარკვიანი: ,,ეს გოგო-ბიჭები პურსა და წიწიბურაზე გაზრდილი თაობაა"პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ფეისბუქში იმ თაობის შესახებ წერს, რომელიც ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინაა შეკრებილი.

,,ეს გოგო-ბიჭები _ ზოგი კარგი, ზოგიც ძალიან კარგი, ზოგი, როგორც მავანი ამბობს, ,,დაბოლილები” და გაბრუებულები, ზოგი – განათლებული, ზოგიც – გაუნათლებელი, ზოგი –  უკიდურესად გაჭირვებული, ზოგი – უდედმამო, ზოგს ემიგრაციაში ჰყავს გადახვეწილი მშობლები და იქიდან არჩენენ ოჯახს, ზოგის მშობელი მთელი დღე გავარდნილია გარეთ, სარჩო-საბადებლისთვის…

ძირითადად პურზე და წიწიბურაზე გაზრდილი თაობაა და ზოგიერთი განკითხვას და ლანძღვას რომ დაიწყებთ, არ დაგვავიწყდეს, რომ 25 წელია მათ ყველა ხელისუფლება  მხოლოდ ჰპირდებოდა და დაპირებების ნაცვლად კორუფციას, უმუშევრობას და 14-დან 180 ლარიან პენსიას აწვდიდა.

ეს თაობა ასე წვალებით გაზრდილი თაობაა, არც უშუქობა აკლდათ, არც მეორადი ტანსაცმელი და არც ფქვილის მაგივრად ქატო, არც ნარკოპოლიტიკაზე და პრევენციაზე ზრუნავდა რომელიმე ხელისუფლება და პირიქით, კი ითბობდნენ ხელს.

ასე რომ, პასუხისმგებლობა და ისრები სხვაგან უნდა გადაიტანოს ყველამ და ყოველთვის (ყველა) ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ და თუ მაინცდამაინც განკითხვა მოუნდება ვინმეს, მრავლად იპოვიან ბიუჯეტის მჭამელებს, ვინც  ამ ახალგაზრდების და მოხუცების სიცოცხლე შეიწირეს თავიანთი გაუძღომლობით. ჩვენი შემოქმედებაა ეს ყველაფერი,  ჩვენი”, – დაწერა ფეისბუქსი თაკო ჩარკვიანმა.