მარგველაშვილი პრეზიდენტობას მეორე ვადითაც აპირებს – “სააკაშვილის მოკავშირე ვერ ვიქნები”

მარგველაშვილი პრეზიდენტობას მეორე ვადითაც აპირებს - "სააკაშვილის მოკავშირე ვერ ვიქნები"როგორც ჩანს, პრეზიდენტი მარგველაშვილი მეორე ვადითაც აპირებს პრეზიდენტობას, ოღონდ მას სურს, რომ კანდიდატად ის არა პოლიტიკურმა პარტიებმა, არამედ საზოგადოებამ წარადგინოს.

– თუ ვიქნები კანდიდატი, ვიქნები საზოგადოების წარმომადგენელი და პოლიტიკური ჯგუფები რა როლს ითამაშებენ, ეს ამ ეტაპზე განხილვადი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, მას არ აქვს გადაწყვეტილი, იბრძოლებს თუ არა მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის. ერთადერთი საკითხი, რასაც გიორგი მარგველაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, ისაა, რომ ის მისი წინამორბედის პოლიტიკური მოკავშირე არ გახდება.

– ჩემი მოკავშირე მხოლოდ ქართული საზოგადოებაა და თუ გადავწყვეტ, კენჭი ვიყარო პრეზიდენტობაზე, სწორედ საზოგადოება იქნება ამოსავალი წერტილი. სხვათა შორის ასე იყო „ქართული ოცნების“ ფარგლებშიც. მე „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ძალა, მიჭერდა მხარს, მაგრამ მე არ ვიყავი ოცნების, როგორც პარტიის ან კოალიციის წევრი, ვიყავი ზეპარტიული. შეუძლებელია, რომ მე პარტიაში გავწევრიანდე. ჩემი პოზიციაა, რომ თუ ვიქნები კანდიდატი, ვიყო საზოგადოების წარმომადგენელი და პოლიტიკური ჯგუფები რა როლს ითამაშებენ, ეს ამ ეტაპზე განხილვადი არ არის. არავისთან მქონია კონსულტაცია, მაგრამ სააკაშვილის მოკავშირე მე ვერ ვიქნები, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.