ეკა ბესელია: ,,უცხო ნივთიერებაა შემოტანილი… განგაშის ზარები უნდა შემოვკრათ!”

ეკა ბესელია: ,,უცხო ნივთიერებაა შემოტანილი... განგაშის ზარები უნდა შემოვკრათ!"ბოლო დღეების განმავლობაში ნარკოტიკული ნივთიერებების შედეგად რამდენიმე ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ეკა ბესელიას განცხადებით, ეს სიგნალი უნდა იყოს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასთან აქვს შეხება.

-ბოლო დღეებია თანმიმდევრობით ვისმენთ ტრაგიკულ ისტორიებს. ეს სიგნალი უნდა იყოს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასთან აქვს შეხება. მით უფრო, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ისეთი ნივთიერებების შემოტანას, რომელიც აქამდე არ იყო ბრუნვაში და არის სხვა ტიპის კომბინაცია.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ძალიან სახიფათოა სიცოცხლისათვის. ბუნებრივია, ამ მხრივ საჭიროა გამკაცრება რეაგირების თვალსაზრისით. ვმუშაობთ და ინტენსიურად ვართ ჩართული ნარკოპოლიტიკის შემუშავებაზე, რათა შეიცვალოს მიდგომები, მეორე მხრივ, ვხედავთ ასეთ სახიფათო გამოვლინებებს, რასაც სჭირდება რეაგირება და მაქსიმალური პრევენცია, განგაშის ზარებია შემოსაკრავი – ახალი ტიპის სიმპტომები სხვა ტიპის რეაგირების საფუძველს იძლევა,  – განაცხადა ბესელიამ.

ნიუს.ჯი