კაბუ: ,,ნარკოტიკებს აღარ ვიღებ და მალე საქართველოში ჩამოვალ” – რას ყვებოდა მსახიობი დაკავებამდე 2 დღით ადრე

კაბუ: ,,ნარკოტიკებს აღარ ვიღებ და მალე საქართველოში ჩამოვალ” - რას ყვებოდა მსახიობი დაკავებამდე 2 დღით ადრემსხიობი და რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, 3 წლის წინ საფრანგეთში სამკურნალოდ წავიდა, რომ ნარკოტიკებისთვის დაეღწია თავი. წელიწადნახევრის განმავლობაში იმკურნალა და საკუთარ თავზე გაიმარჯვა, დღეს უკვე ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს.

მიუხედავად იმისა, რომ კახა წლების განმავლობაში მოიხმარდა ნარკოტიკებს, ციხეში არ მჯდარა, როგორც “სარკესთან” ამბობს, დაინდეს. მასთან ინტერვიუ კოლეგაზე, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილზე საუბრით დავიწყეთ, რომელსაც საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანა ბრალდება.

— კახა, თქვენს კოლეგას, გიორგი გიორგანაშვილს, მძიმე ბრალდება აქვს წაყენებული. რას ფიქრობთ ამ საქმეზე?

– ამ თემაზე ლაპარაკი ძალიან რთულია. ბახალას ვიცნობ და მისგან წამლის გაყიდვა არასდროს მინახავს. სამართალდამცავების არ მჯერა, არც ერთი ხელისუფლების მჯეროდა, რადგან ჩემს სამშობლოზე არც ერთი ფიქრობს. ამ საკითხზე საუბარი ძალიან მიჭირს. 3 წელია საფრანგეთში ვარ და საქართველოში ვინ რა გაყიდა, ვინ რა იყიდა, არ ვიცი.

— სოციალურ ქსელში თქვენი სიმღერის ტექსტიდან ამონარიდი გეწერათ – “შეცვალე ჩვენება”. ეს გიორგი გიორგანაშვილს ეხებოდა?

– ბახალას არანაირად უკავშირდებოდა. ეს ბიჭი ჩემი მეგობარია და ძალიან მიყვარს. საერთოდ, ნარკორეალიზატორების მიმართ კარგად განწყობილი არ ვარ, არ მიყვარს ისინი და პატივს არ ვცემ. ვერაფერს გეუბნებით, რადგან არ ვიცი, რა ხდება. ბევრი მაგალითი ვიცი, რომ ჩაუდიათ და გაუწირიათ. ეს რომ არ ვიცოდე და საკუთარი თვალით არ მქონდეს ნანახი, სხვანაირად ვილაპარაკებდი.

– რამე თუ გსმენიათ ირაკლი ქორიძეზე, რომელიც ასევე ფიგურირებს ამ საქმეში?

– ბახალას წირავენ. რაღაცაშია საქმე, ოღონდ არ ვიცი, რაში. საქმე ისე არ არის, როგორც ყველას ჰგონია, მანდ სულ სხვა რამეა. Xვიცნობ ამ ადამიანს, ვიცი, კარგ საქმეებს აკეთებდა და მიჭირს საუბარი.

— გიორგი პირველად რომ დაიჭირეს, ციხიდან გირაოს გადახდის შემდეგ გამოუშვეს. ამ დროს ხომ არ გისაუბრიათ მასთან?

– დიდიხანია ბახალასთან ურთიერთობა არ მქონია. საქართველოში რა ხდება, ვერ ვხვდები. ახლა, მარიხუანის რეალიზაციის მომხრეები რომ არიან, ის ადამიანები მაშინ სად იყვნენ, ასფალტზე თავს რომ მარტყმევინებდნენ? მაშინ არ იყო საქართველო? მაშინ არ იყო დემოკრატია და თავისუფლება? 9 წელი რომ გამაწამეს, მაშინ სად იყვნენ?

აქამდე მიშა სააკაშვილის უკან იმალებოდნენ და ახლა დაიწყეს ლაპარაკი. მომხმარებელი რომ არ უნდა დასაჯონ და შუა ქუჩაში რომ არ უნდა მოაშარდვინონ, ახლა მიხვდნენ? მაშინ რატომ არ ამბობდნენ? მთელი ერი რომ გაგვამწარეს და ცხოვრება წაგვართვეს იმის გამო, რომ ერთხელ “გავიკეთეთ”…

არ ვამბობ, რომ კარგი რამ ჩავიდინე, ძალიან ცუდი იყო, მაგრამ ამის გამო ცხოვრების წართმევა ხომ არ შეიძლება?

— ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მომხრეა მოძრაობა “თეთრი ხმაური”. თქვენ ამ აქციაში არ ერთვებით?

– საქართველო არ არის მზად იმისთვის, რომ მანდ “წამალი” ლეგალურად გაიყიდოს – დავიღუპებით! მაგრამ არ შეიძლება, ვიღაცას მიადგე და სასტიკად დასაჯო იმის გულისთვის, რომ ფეხი გადაუბრუნდა ან ბარში რაღაც მოწია და 3 წლით მართვის მოწმობა წაართვა. ეს სასაცილოა. კულტურულ, ჩამოყალიბებულ ქვეყანაში ასე არ უნდა ხდებოდეს, ევროპაში ასე არ არის.

— საფრანგეთში ამ მხრივ როგორ არის საქმე?

– ჩვეულებრივად, ლამაზად. ქუჩაში არავინ გაშარდვინებს. თუ ნარკოტიკების მომხმარებელი ხარ, მეტადონის პროგრამაში გსვამენ. თუ ნარკოტიკს ყიდი, გიჭერენ.

— ნარკოტიკებთან დაკავშირებით საქართველოში სერიოზული პრობლემები შეგექმნათ. იქნებ დეტალები გვითხრათ, რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში.

– ციხეში არ მოვხვედრილვარ. მათგან განსხვავებით, რომლებიც ნარკოტიკების მოხმარების გამო ციხეში დაალპეს, მე გადავრჩი. იყო ასეთი შემთხვევაც, რომ ერთს ცარიელი ნემსები უპოვეს და 10-14 წელი მიუსაჯეს. ასეთი სასჯელები რიგდებოდა. ვინც ასე არიგებდა სასჯელს, ყველანი მშიშრები იყვნენ და ყველა ასეთი ადამიანის დედა ვატირე!

— თქვენ როგორ გადაურჩით სასჯელს? თქვენი ნარკოდამოკიდებულება არ გამორჩებოდათ სამართალდამცავებს.

– არ ვიცი, როგორ გადავრჩი… ფული ვიხადე და გადავრჩი. ეტყობა, არ გამწირეს, ცხოვრებაში ალბათ რაღაც გამიკეთებია, არავინ ჩამიშვია და არავინ დამიჭერია.

ისე, ვაშლიჯვარში მანქანით როგორც კი დამინახავდნენ, მეძახდნენ, კაბუ, გადააყენეო და კვირაში სამჯერ მაშარდვინებდნენ. დამღალეს! მაშინ სად იყვნენ ეს უფლებამცველები, ხმას რატომ არ იღებდნენ? მთელმა საქართველომ რომ ენა ამოიდგა, ახლა თუ არის ნარკოტიკი კარგი, მაშინ რატომ იყო ცუდი? ჩვენ ცუდად “ვიკეთებდით” და ესენი კარგად თუ რა ხდება?!

— საფრანგეთში წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც ხომ არ იყო, რომ ნარკოტიკებისთვის თავი დაგენებებინათ?

– ერთ-ერთი კი არა, პირველი მიზეზი ეს იყო. ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ საკუთარი თავისთვის მიმეხედა და ცოტა აზრზე მოვსულიყავი. დაშინებული დავდიოდი, ცხოვრება აღარ მინდოდა.

— მკურნალობის კურსი დაასრულეთ თუ გრძელდება?

– დავასრულე, ფხიზელი ვარ და მალე საქართველოშიც ჩამოვალ.

– რთული პროცედურების გავლა დაგჭირდათ?

– ძალიან რთული იყო, წელიწადნახევარი ვიწვალე, მაგრამ მოვახერხე და დავძლიე ის საშინელი სენი. მორჩენილი ვარ, კარგად ვარ, ჯანმრთელად ვარ და ამ თემაზე საუბარი აღარ მსურს.

— “სარკეს” წინა ინტერვიუში უთხარით, რომ სიმღერებსაც წერთ. კიდევ რა სიახლეები გაქვთ შემოქმედებაში?

– ერთი სიმღერა ჩავწერე და ახლა კიდევ ერთს ვამზადებ. მინდა, რომ რაღაცები გავაკეთო და საქართველოში ისე წამოვიდე. საფრანგეთში კარიერის აწყობაზე არ ვფიქრობ.

— როდისთვის დაბრუნდებით საქართველოში?

– ჯერ არ ვიცი, მაგრამ ალბათ მალე წამოვალ.

— სიმღერებს წერთ, არ ჩერდებით, მაგრამ თქვენი სამსახიობო კარიერა როგორ გაგრძელდება?

– იცით, რა არის? სადაც საკუთარ თავს დავინახავ, რაც არ გამიკეთებია ან ვერ გამიკეთებია, ყველგან ყველაფერს გავაკეთებ.

.

კახა აბუაშვილი 18 აპრილს საფრანგეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სხვა ქართველებთან ერთად დააკავეს. მსახიობის ექტრადირებაზე საფრანგეთმა უარი თქვა. მას საფრანგეთში გაასამართლებენ.

მარი მგალობლიშვილი, სარკე