ფეისბუქგვერდზე ,,მე თბილისის მოტრფიალე” მანანა გაგნიძე 30 წლის წინ თბილისში მომხდარ ტრაგედიაზე წერს:
,,ტრაგედია, რომელიც ჩვენი დედაქალაქის დამღად იქცა, 30 წლის წინ მოხდა, მისი პერსონაჟები კი კვლავ 20 წლისანი არიან – გარდაცვლილი ბიჭებისა და მათი მეგობრებისთვის ბავშვობა იმ დღეს დამთავრდა… ხუთი მეგობარი: გოგლიკო ჩოგოვაძე, გიგი ხაბეიშვილი, ვახო დუჩიძე და ძმები – გოგიტა და კახა ჩხაიძეები 1984 წლის 27 მაისს ბედისწერამ თბილისის ზღვაზე მიიყვანა.
ბიჭებმა იალქნიანი იახტით გადაწყვიტეს გასეირნება, რომელიც უეცრად წყალზე დაშვებულ ელექტროსადენს გამოედო. იმის გასარკვევად, რა აფერხებდა იახტას, ვახო დუჩიძის გარდა, ყველანი წყალში გადახტნენ. გოგლიკო ჩოგოვაძე და ძმები გოგიტა და კახა ჩხაიძეები დენმა მაშინვე იმსხვერპლა. ვახოს გარდა, სიკვდილს სასწაულით გადაურჩა გიგი ხაბეიშვილი, რომელსაც დენის დარტყმის შედეგად ე.წ. რეტროგრადული ამნეზია განუვითარდა – მომხდარ ფაქტამდე ორი დღით ადრე და შემდეგი ათი დღის განმავლობაში რა მოხდა, დღემდე არ ახსოვს.
ტრაგედიამ შეძრა მთელი საქართველო… ჭავჭავაძის გამზირი ხალხსა და ყვავილებს ვერ იტევდა – გოგლიკო ჩოგოვაძე და ძმები ჩხაიძეები მეზობლებიც იყვნენ და სამივეს ერთად ეთხოვებოდა მთელი ქალაქი”.

