სასიკვდილო ინტერნეტთამაშმა ,,ლურჯი ვეშაპი” კიდევ ერთი მოზარდი და მისი ოჯახი დააყენა განსაცდელის წინაშე. რამდენიმე დღის წინ 16 წლის ბიჭი მერვე სართულიდან გადახტა. ის მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. საბედნიეროდ, გადარჩა.
მოზარდის და, ბლოგერი სალომე შონია სოციალურ ქსელში თავისი ძმის შესახებ წერს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მერვე სართულიდან გადახტა და საბედნიეროდ, გადარჩა.
“მინდა, უკანასკნელად მივმართო ხალხს, რომელიც დამრიგებლური ტონით გამოდის და ოჯახებს უყურადღებობაში ადანაშაულებს! პატრონი ჩემს ძმას რომ ჰყავს სახლიან, სკოლიან (Tbilisi Green School – თბილისის მწვანე სკოლა ), ოჯახიანად, ხუთ ბავშვს ეყოფა! ღამე მის სუნთქვასაც კი ვაკონტროლებდით! იდეალური მოსწავლე, იდეალური მეგობრები, იდეალური სკოლა, პირობები, ხასიათი და გარემო ჰქონდა! ნუ ბოდავთ იმას, რაც არ იცით.
კვირას შეამჩნიეს ხელი დასერილი და განგაშიც ვერ მოვასწარით, ორშაბათს რომ აივნიდან გადაფრინდა, მთელი ოჯახი სახლში იყო! სანამ რამეს დაწერთ, დაფიქრდით!
ჩემი სანდრო გადარჩა, უპრეცენდენტო შემთხვევა, როცა მერვე სართულიდან გადამხტარმა ბავშვმა გონებაც კი არ დაკარგა და მოტეხილობებით “გამოძვრა” სიტუაციიდან! არასოდეს თქვათ გადაჭრით ის, რისი წარმოდგენაც საერთოდ არ გაქვთ! გამოიჩინეთ ოდნავი პატივისცემა ოჯახების მიმართ!..
საბოლოოდ უნდა დაესვას წერტილი ამ ყოვლად უკონტროლო სიტუაციას! სახელმწიფოს იმედი საბოლოოდ გადამეწურა, ახლა მხოლოდ მედია და ხალხი თუ ვიბრძოლებთ ამ ბოროტების წინააღმდეგ!”

