ფილმი ,,ექვთიმე ღვთისკაცი” უკვე რამდენიმე კვირაა, ქართულ კინოთეატრებში გადის. ფილმის რეჟისორი და პროდიუსერია ნიკოლოზ ხომასურიძე, სცენარის ავტორები – ლაშა კანკავა და ნიკოლოზ ხომასურიძე,
ექვთიმე თაყაიშვილის როლს რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს, ექთიმეს მეუღლის, ნინო პოლტორაცკაიას როლს _ ანა წერეთელი. ფილმის შეფასებისას ყველა აღნიშნავს მსახიობების ოსტატობას, მაგრამ ზოგისთვის მისი შინაარსობრივი მხარე საკამათოა.
მწერალი მიხეილ ღანიშაშვილი წერს:
,, კინოთეატრიდან საკმაოდ იმედგაცრუებული დავბრუნდი სახლში. ვეღარ წარმომედგინა, XXI საუკუნის საქართველოში პირსისხლიანი ჯალათების – სტალინისა და ბერიას – განსადიდებლად თუ კიდევ შეიძლებოდა ფილმის გადაღება…
დასანანია და ისტორიის გაბიაბრუებაა ნოე ჟორდანიას ფიგურისა და პირველი რესპუბლიკის მთავრობის ასე უსუსურად და კარიკატურულად წარმოჩენა, როგორც საქართველოში, ისე ემიგრაციაში ყოფნისას. რომ არა სწორედ ემიგრირებული მთავრობის სრული მხარდაჭერა, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ექვთიმეს, როგორც ერთ კაცს, ნამდვილად გაუჭირდებოდა იმ მისიის სრულფასოვნად შესრულება, რაც მან ასე პირნათლად შეასრულა.
შეუსაბამოა, როდესაც ცდილობ, აჩვენო ფილმში ფაშიზმის სისატიკე და ვერ გამოკვეთო 1921 წლის ბოლშევიკური რუსეთის აგრესიის, ოკუპაციისა და ანექსიის მთელი სისასტიკე, რაც, პრინციპში, იყო კიდეც ერთადერთი მიზეზი განძის უცხოეთში გატანისა და ხიფათიანი გზისა.
ვერაფრით ესადაგებიან ქაქუცა ჩოლოყაშვილის ლეგენდარულს პიროვნებას და ბიოგრაფიას, აგრეთვე ნინო პოლტორაცკაიას როლებს შერჩეული მსახიობი.
სუსტია და ისტორიული წარსულის არადეკვატური ფილმის სცენარის რამდენიმე ეპიზოდი.
ამბის აშკარად დაუმთავრებლობის შეგრძნებას ტოვებს ის ფაქტი, რომ ფილმში არ არის ნაჩვენები, თუ რა სავალალო პირობებში აიძულა ცხოვრება საბჭოთა რეჟიმმა ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნებულ ექვთიმეს და, სპეცსამსახურების ზეწოლის გამო, როგორი უმადური და უღიმღამო იყო მისი დაკრძალვის ცერემონია…
ფილმის გადაღება 500 000 დოლარი დაჯდა და ეს თანხა, ძირითადად, სახალხო შემოწირულობით შეგროვდა. ნიშანდობლივია, რომ მანამდე რაღაც საეჭვო და ყოვლად წარუმატებელი ფილმის გადაღებაში ივანიშვილმა და მისმა “ქართუ”-ბანკმა რამდენიმე მილიონი ჩადო, ამ ეროვნული თემატიკის ფილმისთვის კი კაპიკიც არ გაიმეტა”, _ წერს მიხეილ ღანიშაშვილი.

