,,დაგვირიგეს ფაროსნების მოსაკვდინებელი წამალი, რომელსაც აქვს მომშხამველი სუნი და ახლოს თუ ფუტკარია, სულ გაანადგურებს” _ მანანა ტონია საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

,,დაგვირიგეს ფაროსნების მოსაკვდინებელი წამალი, რომელსაც აქვს მომშხამველი სუნი და ახლოს თუ ფუტკარია, სულ გაანადგურებს"  _ მანანა ტონია საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს,,ფეისბუქში” მანანა ტონია საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ფაროსნებთან ბრძოლისთვის მოსახლეობას დაურიგეს ხსნარი, რომელიც ადამიანებისთვის ძალიან საშიშია, თუკი მისი გამოყენება არ იციან.

,,sos! ხალხო, ამდენ ხანს არ ვთქვი, არ მინდოდა, ხასიათი გამეფუჭებნა თქვენთვის!
ალბათ ერთი თვის წინ ჩამოიარა სანეპიდსადგურმა ჩემს ქუჩაში. დაგვირიგეს ფაროსნების მოსაკვდინებელი წამალი მთელი ერთი ლიტრა. აღრიცხეს, რამდენს რამდენი მისცეს, ჩაინიშნეს პირადობის ნომრები და დაგვიბარეს, როცა გაზაფხულდება, მარტის დასაწყისში შეგვეწამლა ხეხილი.
მე არ ვიყავი სახლში და რომ შევეკითხე მეზობლებს, როგორ უნდა შევწამლოთ-მეთქი, მითხრეს, რომ თუ გაქვს პულვერიზატორი, ხომ კარგი და თუ არ გაქვს, ცოცხით მიასხურებ ხეებსო.
ცოტა კი ჩავფიქრდი, ამოდენა ხეებს ცოცხით როგორ მივასხუროთ-მეთქი ან ამოდენა პულვერიზატორი, რომლის შეძენაც საკამოდ სოლიდური თანხაა, ვის აქვს სახლში?
დღეს მოვიცალე და ინსტრუქცია გადავშალე. რას ვხედავ, მეგობრებო?! უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია, შეწამვლის დროს ადამიანს ეცვას წყალგაუმტარი ტანსაცმელი, ჩექმები, ნიღაბი და სათვალეები. არ უნდა დაესხუროს მწვანილს და საჭმელ-პროდუქტებს ბოსტანში. ახასიათებს საშინელი მომშხამველი სუნი და თუ ახლოში ფუტკარია, სულ გაანადგურებს.
აი, მითხარით თქვენ ახლა, წამლის ასეთ დარიგებას თუ აქვს აზრი და რას ემსახურება,გაუხსნელი წამლის ბოთლი რომ მიდევს ,,ჩულანში?’. ასე დაიხოცებიან ფაროსნები?
ვინ არიან ეს ხალხი, კაცო, გადავირიე რა. უნდათ, რომ ხალხი დახოცონ?!
ხომ შეიძლება ვინმემ მართლაც გახსნას წყალში და ცოცხით მიასხუროს ხეებს?
გასკდა ტვინი ფიქრით და გული _ უმოქმედობით. გაზაფხულდება ახლა და დაიწყება კიდევ ფაროსნების შემოსევა. არანაირი მოსავალი აღარ იქნება წელსაც”, _ წერს სოციალურ ქსელში მანანა ტონია.