“რაც თავი მახსოვს, სულ ვიღაც ძალადობს ჩემზე” – 16 წლის გოგონა საკუთარი ძმის წინააღმდეგ

"რაც თავი მახსოვს, სულ ვიღაც ძალადობს ჩემზე" - 16 წლის გოგონა საკუთარი ძმის წინააღმდეგეს წერილი 16 წლის გოგონამ მოგვწერა. საკმაოდ რთულ მდგომარეობაში. ფსიქოლოგის მომსახურება უკვე შევთავაზეთ, თუმცა მისივე თხოვნით, ანონიმურად ვაქვეყნებთ იმ იმედით, რომ ჩვენი მკითხველები გამოცდილებას გაუზიარებენ და ისინიც ურჩევენ რაიმეს:
“გამარჯობა! არ ვიცი როგორ მოვიქცე. ვინმეს დახმარება (ან რჩევა) მჭირდება. ერთი წლით უმცროსი ძმა მყავს – 15 წლისაა. გამუდმებით მაყენებს შეურაცხყოფას. დღე ისე არ ჩაივლის, რომ ყოველგვარი მიზეზის გარეშე ან თავში არ წამომარტყას, ან ღირსების შემლახველად არ მელაპარაკოს, იფურთხება. ჩემს ნივთებს აფუჭებს – ჯერ ჩემი ყურსასმენები გაგლიჯა შუაზე, მერე ქლიბი გამიფუჭა, მანამდე კი ჩემი პომადა შეჭამა. ადამიანებისთვის ტკივილის მიყენება სიამოვნებას ანიჭებს, და არა მარტო ადამიანებისთვის – ცხოველებსაც აწვალებს, სასტიკად ეპყრობა. დედასაც კი არ სცემს პატივს.

თავიდან ვფიქრობდი, რომ ის ასე შეიძლება ორი მიზეზის გამო იქცეოდეს:
1. ადრე მასზე ძალადობდნენ: მამა სცემდა მას და იმასაც უყურებდა, როგორ სცემდა ის დედასაც. და შეიძლება მამას დაემსგავსა;
2. გარდატეხის ასაკის გამო.
რაღაც პერიოდის განმავლობაში ვცდილობდი, მისთვის გამეგო, მის მდგომარეობაში შევსულიყავი. როცა შეურაცხყოფას მაყენებდა, როგორც სიტყვიერს, ისე ფიზიკურს, შეურაცხყოფითვე არ მეპასუხა, მომეთმინა და მშვიდად ამეხსნა, რომ სხვისთვის ტკივილის მიყენება და მისი დამცირება არ შეიძლება. ამან შედეგი ვერ გამოიღო. მერე საერთოდ არ ველაპარაკებოდი, როცა მამცირებდა, მაგრამ ვერც ამან მიშველა. გარდატეხის ასაკში მეც ვარ, მეც მომიწია იგივეს გადატანა, რაც ჩემს ძმას, მაგრამ სხვებს არ ვცემ.
აღარ ვიცი, რა დავარქვა მის საქციელს. რაც თავი მახსოვს, სულ ვიღაც ძალადობს ჩემზე. ყველა მე მაყენებს შეურაცხყოფას, რადგან მასზე სუსტი ვარ. ათასჯერ მაინც მიფიქრია, გადავიჭრი ვენებს და დამთავრდება ჩემი ტანჯვაც… ათასჯერ მაინც მიფიქრია, გავიქცევი სახლიდან და აღარასდროს დავბრუნდები იქ, სადაც ტკივილს მაყენებენ, მაგრამ მე სიმამაცე არც ერთისთვის მეყო და არც მეორისთვის…
ჩემი ოჯახის წევრებთან თავს ბედნიერად არ ვგრძნობ. ვხვდები, რომ ამქვეყნად ერთი ადამიანიც კი არ არსებობს, ვინც ძმისგან დამიცავს. რა შეიძლება გავაკეთო, რომ ოდნავ მაინც შეიცვალოს? არსებობს რაიმე ისეთი ხერხი, რითაც მისი გაკონტროლება იქნება შესაძლებელი?”
სამწუხაროდ, გოგონა ისეა შეშინებული, რომ უარს ამბობს ვინაობის დასახელებაზეც და საქმეში სამართალდამცავების ან სახალხო დამცველის ჩართვაზე. იმედი გვაქვს, წერილის გასაჯაროვებით სათანადო უწყებები დაინტერესდებიან და შეძლებენ მისი მდგომარეობის შემსუბუქებას.

მშობლები