კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა ბაქრაძე თბილისის აეროპორტში დააკავეს

კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა ბაქრაძე თბილისის აეროპორტში დააკავესამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოსვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს. აღნიშნულის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

როგორც სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2013 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი საქართველოს მოქალაქე, 1969 წელს დაბადებული ზაზა ბაქრაძე თბილისის საერაშორისო აეროპორტში დააკავეს. ის ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია.- გამოძიებამ დაადგინა, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე მომხდარი შემთხვევის დროს, ზაზა ბაქრაძემ, სხვა პირებთან ერთად, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა შემთხვევის ადგილზე მიიტანა.
2004 წელს ზაზა ბაქრაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა – იგი თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსი იყო.
ზაზა ბაქრაძეს, ჩადენილი დანაშაულის გამო, 2013 წლის 7 თებერვალს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რის საფუძველზეც, მასზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა. დაკავებულს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, – განაცხადა ჭელიძემ.
ბაქრაძე, რომელიც წლებია მიმალვაში იმყოფებოდა, საქართველოში ჩვენების მისაცემად რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის თემაში“ რობაქიძის საქმეზე მისთვის წარდგენილი ბრალი აღიარა და საქმის გაყალბების დეტალებზე ისაუბრა.
ინტერპრესნიუსი