საქართველოში, შესაძლოა, ამერიკული სამხედრო ბაზა განთავსდეს

საქართველოში, შესაძლოა, ამერიკული სამხედრო ბაზა განთავსდესრა შეცდომები დაუშვა საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკასთან ურთიერთობაში, რა სარგებლობას მოუტანს ჩვენს ქვეყანას ქურთისტანში მიმდინარე პროცესები, რატომ აღარ უნდა გვეშინოდეს რუსეთის? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება.
გოჩა მირცხულავა:
– საქართველოდან ახლოს, რამდენიმე ასეულ კილომეტრში მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილი წარმოიქმნა. ქართული დიპლომატია და ქართველი ობივატელი იშვიათად იყურება ამ მიმართულებით. მაგრამ ის, რაც ამჟამად ქურთისტანში ხდება, სწორი ხედვის, გადაწყვეტილებებისა და ინტერესების სწორად შეჯერების შემთხვევაში საქართველოსთვის, შესაძლოა, ძალიან სასარგებლოც კი აღმოჩნდეს.
ქართული დიპლომატია და ზოგადად, საქართველოს ამჟამიდელი ხელისუფლება ძნელად იჩენს ინიციატივებს და ყველა საგარეო პოლიტიკური მიღწევა შესაძლოა, პარტნიორების იძულებადაც კი მივიჩნიოთ. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ისტორიული შანსი თავად მოგვადგა კარზე და ახლა ჩვენი გადასაწყვეტია, ამ კარს გავაღებთ თუ არა და კარსმომდგარ სტუმარს ვაიძულებთ ჩვენთან შემოსვლას თუ თვალს მოვარიდებთ და ჩავრჩებით უპერსპექტივობაში.
– რა ისტორიულ შანსზე საუბრობთ?
– თურქეთმა ქურთისტანში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ქურთების წინააღმდეგ დაწყებული საჰაერო და სახმელეთო ოპერაცია ორ მნიშვნელოვან ფაქტს ადასტურებს: პირველი – სწორედ ამ ოპერაციისთვის გაჩნდა სიამტკბილობა ანკარასა და მოსკოვს შორის და მეორე – ეს ოპერაცია ადასტურებს, რომ თურქეთმა აშშ-ს დიპლომატიური და პოლიტიკური სილა გააწნა. რუსეთისა და ირანის ინტერესები, რომელიც ასევე ფაქტია, რომ კრემლმა განაწყო ანკარას მიმართ კეთილად, ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს. არც ირანს ეპიტნავება ქურთების რესპუბლიკა, ხოლო რუსეთს თურქეთის სახით რეგიონში სირიისთვის მოკავშირე სჭირდება.
საკმაოდ ჩახლართულ კონფიგურაციაში ყველაფერი თითქოს დალაგდა. რეგიონში ახლა უპირობო მოკავშირეების განლაგება ასე გამოიყურება: ერთის მხრივ თურქეთი-რუსეთი-ირანი-სირია, მეორეს მხრივ – ისრაელი-აშშ-საუდის არაბეთი. შესაძლოა, ვინმეს მოეჩვენოს რომ ძალთა თანაფარდობა ანტიქურთული კოალიციის მხარეს არის, თუმცა ეს საკმაოდ სათუო და არაარგუმენტირებული მსჯელობა იქნება.
როდესაც ერთის მხრივ ანტიქურთული კოალიციაზე ვსაუბრობთ. მეორე მხარეს – აშშ-ს გვერდით – დგას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი ნამდვილად არ უწევს ანგარიშს, მაგრამ გამორიცხულია, რომ ალიანსმა აშშ მინიმუმ პოლიტიკური თანადგომის გარეშე დატოვოს.
თუმცა ამ დაპირისპირებაში, ვგულისხმობ თურქეთისა და აშშ-ის დაძაბულ ვითარებას, ერთი რამ ნამდვილად ცხადია – ანკარასა და ვაშინგტონის ურთიერთობის დათბობას დიდი დრო დასჭირდება. პირიქით, მოსალოდნელია ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა.
დააკვირდით თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ რელიზს ტრამპისა და ერდოღანის სატელეფონო საუბრის შესახებ და ყველაფერი ნათელი გახდება. ერდოღანი, რომელმაც აბსოლუტურად უგულვებელყო ქემალ ათათურქის პრინციპები, რაც გახლდათ დასავლეთისა და თურქეთის ურთიერთობის ქვაკუთხედი, რეალურად ვაბანკზე მიდის. ახლა ერდოღანისთვის მიმდინარეობს უმთავრესი ბრძოლა მისი პოლიტიკური ცხოვრების პერიოდში. მას სურს, რომ მსოფლიოსა თუ რეგიონის ახალი გადანაწილების პროცესში უმთავრესი როლი ჰქონდეს.
თეთრი სახლი ჯერ კიდევ ერაყის კამპანიიდან მოყოლებული მხარს უჭერს ქურთებს და მფარველობს მათ. ეს ყოველთვის იწვევდა ანკარის გაღიზიანებას. თუმცა, ასე ღია და მასშტაბურ დაპირისპირებამდე საქმე არ მისულა, მიუხედავად ლოკალური და მცირემაშტაბიანი შეიარაღებული კონფრინტაციისა.
დღითიდღე ცხადი ხდება, რომ აშშ-ს ინჯირლიყის ბაზის საპირწონე ბაზა სჭირდება და საქართველოს ალტერნატივა ამ მხრივ არ აქვს. არც ყატარის და არც ქუვეითის სამხედრო ბაზები, არც მეექვსე ფლოტი რეგიონის გამოწვევებსა და უსაფრთხოებას ვერ აკმაყოფილებს. მოკლედ, შანსი რეალურია, თუ ეს პროცესი თავად საქართველოს ხელისუფლებამ არ ჩაშალა. არადა, აშშ-ის ბაზის არსებობა საქართველოში ქართული სახელმწიფოსთვის მრავალმხრივ მომგებიანი იქნებოდა.
ცხელი წერტილი საქართველოს საზღვრიდან სულ რაღაც 300-350 კილომეტრშია და საქართველოს მოსახლეობა და, ვგონებ, პოლიტიკური სპექტრიც ვერ აცნობიერებს ამ პროცესს.
– როგორ შეხვდება რუსეთი პროცესების ასე განვითარებას?
– გაბრაზდება, მაგრამ ცივი წყლის დალევა მოუწევს.
– რატომ მოუწევს ცივი წყლის დალევა?
– სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულებით, რუსეთის საქმე არ არის ის, რა ხდება საქართველოს ტერიტორიაზე. სწორედ ამ ხელშეკრულების გამო მოუწია კრემლს ეცქირა, თუ როგორ გადაადგილდებოდა მარშირებით ფოთიდან თბილისამდე აშშ-ის სამხედრო ტექნიკა და სამხედრო მოსამსახურეები და ერთი საპროტესტო განცხადებაც ვერ გააკეთა.
ესეც არ იყოს, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს ნების გარეშე რუსეთი ოკუპირებულ ტერირორიებზე სამხედრო ბაზებს აშენებს, საქართველოს აბსოლუტურად პრაგმატულად და მეორე მხრიდან ძალდატანების გარეშე შეუძლია დაუთმოს თავის სტრატეგიულ მოკავშირეს საკუთარი სამხედრო ბაზები და ამაზე მოსკოვი ვერც კი დაიჩივლებს. უბრალოდ, საკუთარი უგუნური ქმედებით კრემლი საზღვარს პირობით მოწინააღმდეგესთან, სარფის ნაცვლად, გორთან და ენგურთან გაავლებს და ეს მისი უდიდესი მარცხი იქნება, აღიარებს ამას თუ არა.
რას შეეხება უსაფრთხოებას, რუსეთი ნამდვილად ვერ გაბედავს საქართველოს რომელიმე დასახლებული პუნქტის დაბომბვას იმ შემთხვევაში, თუ აქ აშშ-ის სამხედრო ბაზები განლაგდება. გავითვალისწინოთ ისიც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქართველოს ეკონომიკისა და სოციალური თუ კულტურული გარემოსთვის.
ჯერ კიდევ 2016 წლიდან ქართული კულუარული დიპლომატია დღენიადაგ ვაშინგტონში უნდა მჯდარიყო და ეს საკითხი ახლა ფაქტობრივად შემდგარი და დასრულებული უნდა იყოს. და რაკი ჩვენ უინიციატივო და არაპრაგმატული ხელისუფლება გვყავს, შესაბამისად, ახლა ალბათ ის მომენტია, როცა შეთავაზება თავად აშშ-სგან უნდა წამოვიდეს. ასეთ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვის კვირიკაშვილი, ვოლსკი, თუ ქანთარია. როგორც იტყვიან, “იეს”, იტყვის ივანიშვილი და ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა