როგორ ჩააცვა ავთანდილმა ლედი გაგას წითელი კაბა – “ეცადეთ თქვენი ქმრები გაახალისოთ!”

როგორ ჩააცვა ავთანდილმა ლედი გაგას წითელი კაბა - "ეცადეთ თქვენი ქმრები გაახალისოთ!"დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე ცოტა ხნის წინ მსოფლიო მასმედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ პოპ ვარსკვლავი ლედი გაგა ლაიონელ რიჩის კონცერტზე ავთანდილის მიერ შექმნილი ძალიან ეფექტური წითელი კაბით მივიდა. ამ ამბავმა თავად დიზაინერიც და მისი მოდის ხაზის მიმდევრებიც ძალიან გაახარა. თუ რას უნდა ველოდოთ კიდევ ავთანდილისგან, ამაზე “სარკეს” უამბობს.

_ ავთანდილ, რა შეგრძნებაა, როცა ისეთი ვარსკვლავი, როგორიც ლედი გაგაა, თქვენ მიერ შექმნილ კოსტიუმს ატარებს?

– ეს ჩემთვის საოცარი სიახლეა, რომელიც დიდ საშუალებას მაძლევს იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზარზე რეკლამირება სწორად მოხდეს. ჩემი სამოსი ა კლასის ვარსკვლავს აცვია. პირველი იყო მერი ჯი ბლეიჯი, ახლა კი – ლედი გაგა. მალე ჩემს სამოსს ა კლასის სხვა ვარსკვლავებიც ჩაიცვამენ.

_ როგორ აღმოჩნდა თქვენ მიერ შექმნილი კაბა ლედი გაგას ყურადღების ცენტრში?

– დაგვიკავშირდა სტილისტი და რამდენიმე ლუქი გავუგზავნეთ. ამ შემთხვევაში წითელ კაბაზე შეაჩერეს არჩევანი, რომ ლედი გაგას ლაიონელ რიჩის კონცერტზე ჩაეცვა.

_ საქართველოში ბევრ ადამიანს გაუხარდა თქვენი ეს წარმატება, სოციალურ ქსელებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემებიც კი გადაფარა. ალბათ ბევრი მილოცვა მიიღეთ.

– შუაღამიდან მოყოლებული მეორე ღამემდე ინტერნეტსივრცე აფეთქდა. ჩემთვის საყვარელი, მნიშვნელოვანი ადამიანები, ასევე უცნობები ამაზე წერდნენ. მგონი, ამ ამბავმა იმ დღეს მართლაც ყველაფერი გადაფარა.

ათიათასობით თბილი კომენტარი, დიდი სითბო მივიღე. ნაცნობები თუ უცნობები წარმატებას მილოცავდნენ. ეს საოცარი ემოცია იყო. ასეთ დროს გრძნობ, როგორ გაფასებენ, როგორ უხარიათ შენი წარმატება.

მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის განმავლობაში, რაც ამ სფეროში ვარ, “ავთანდილის” ბრენდის მიმართ ინტერესი არ წყდება,ახალი თაობა ითვისებს და ატარებს მას, ასეთი რამ მაინც ძალიან მაგარი შეგრძნებაა. როცა ამას აცნობიერებ, მერე ხვდები, რა მაგარია, რომ ცხოვრობ, რომ დაიბადე და ის ადამიანი არ ხარ, რომელსაც არ ამჩნევენ.

_ მსოფლიო ვარსკვლავებს შორის თუ არის ვინმე თქვენთვის განსაკუთრებულად გამორჩეული, ვისზეც გსურთ თქვენი შექმნილი სამოსი იხილოთ?

– ამაზე ხშირად არ მიფიქრია. როცა პატარა ვიყავი, ჩემთვის ყველაფერი სოფი ლორენი იყო და დღემდე ვთვლი, რომ ის ძალიან მაგარი ქალი გახლდათ.

ახლა მომღერლები უფრო არიან პოპულარულები. ყველა იმ მომღერლის სტილისტებთან გვაქვს განხილვები, რომლებიც დღეს ზენიტში არიან. ასე რომ, ვნახოთ, რა როგორ, ანდა ვინ რა ხასიათზე იქნება, ჩაიცვამენ თუ არა “ავთანდილს”.

_ ბოლო დროს ქართველი დიზაინერები საერთაშორისო წარმატებებით ძალიან გვანებივრებთ. რამ გამოიწვია მოდის ინდუსტრიაში ეს სასიამოვნო ცვლილება?

– ეს ყველაფერი “მერსედეს ბენცის” ფეშენ ვიკის დამსახურებაა. ეს არის ძალიან კარგი მოდის კვირეული, სადაც ჩამოდის უცხოური პრესა. მსოფლიო გაჯერებულია ლუქს კლასის ახალგაზრდა დიზაინერებით. ამიტომ ყველა ეძებს სიახლეს, რომ მომხმარებელი სერიოზულად დააინტერესოს. ჩვენ მასობრივად არ ვართ მსოფლიოს მოდებული, შესაბამისად, ჩვენი კაბები ყველა ვარიანტში განუმეორებელი იქნება იმ კონკრეტული პერსონისთვის თუ მაღაზიისთვის, რომლებიც არჩევანს ჩვენზე გააკეთებენ.

_ მოკლედ, ძალიან კარგი სიახლით დაასრულეთ 2017 წელი.

– 2017 წლის დასასრული ძალიან ვარსკვლავური გამოდგა, შოკირებულად ვარსკვლავური! ფანტასტიკური წელი მქონდა, რადგან “გალერია თბილისში” გაიხსნა ჩემი ახალი მაღაზია, ფაბრიკის მშენებლობა დამთავრდა, ჩვენ მიმართ საერთაშორისო ბაერების მოთხოვნა გაიზარდა და უკვე 140 კონცეფტუალური მაღაზია გვაქვს.

_ 2018 წელს რა უნდა ჩაიცვან ქალებმა? რა იქნება ტრენდული?

– მოდა იმდენად მრავალფეროვანია, მთავარია, ინდივიდუალიზმი არ დაკარგოთ. მოდიდან ის უნდა აიღო, რაც შენია, რაც შენს სულს, გარეგნობას უხდება. 2018 წელს წითელი სუპერაქტუალური ფერია, ბრჭყვიალა ქსოვილებისგან გაკეთებული კაბები, ქვედატანები, დიდი ზედატანები ნაქსოვ ან ბრჭყვიალა ქვედატანებთან.

მინდა, ქალებს მივულოცო, რომ, როგორც იქნა, წვრილი ქუსლი დაბრუნდა და ის ყველაზე პოპულარული ფეხსაცმელი იქნება. ასევე, წელი ძალიან გამოიკვეთა. უკვე აღარ “ტეხავს”, გამოყვანილი კაბები თუ გაცვია.

ჩემი აზრით, ქალი ყოველთვის ქალური უნდა იყოს. ეცადეთ, თქვენი გული, მეგობრები, შეყვარებულები, ქმრები თქვენი ვიზუალით მუდმივად გაახალისოთ და ურიცხვი კომპლიმენტი მიიღოთ.

ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”