ორი დღის წინ მამუკა კუდავამ ნიუ იორკში ფეისბუქზე დაწერა:
”ეს გოგო რომ დაიბადა, პირველად ვესწრებოდი მშობიარობას – ბუნებაში ყველაზე საოცარ მოვლენას. შეახვიეს და ეგრევე ხელში მომაჩეჩეს ვიღაც არსება, სულ გალურჯებული ახალშობილი. ბრიუსელის სან-პიერის საავადმყოფოში. იმ დღის დანარჩენი გრძნობები აღარ მახსოვს, იმდენად გაუგნებული ვიყავი.
გამოვქანდი სახლში, რომ მის 3 წლის დას მარტო არ ეგრძნო თავი და საწოლში მივწოლოდი. გზაზე რომ ვბრუნდებოდი, დიდი სიჩქარე ავკრიფე ბედნიერებისგან. ალბათ განტვირთვის გამო ასე გამოვხატე. იქ ხომ თოფის სროლა და კაპოტზე შამპანური არ იციან.
ეს გოგო გაიზარდა და დღეს წერილი მოუვიდა, რომ ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ამ სასწავლებლის ბიუჯეტი 8 მილიარდი დოლარია და მსოფლიოს ყველაზე საერთაშორისო უნივერსიტეტად ითვლება.
სხვათა შორის, იქ გააგზავნა, სადაც მისი და უკვე სწავლობს. მაინცდამაინც იქვე მოინდომა სტუდენტობა. შეიძლება ეს უფრო მასთან ახლოს ყოფნის სურვილია, ვიდრე დებს შორის შეჯიბრი.
რა მნიშვნელობა აქვს. მე ეს უკვე არანაირად არ მანაღვლებს, ყველა ვარიანტში გამარჯვებული ვარ. აბა რა, ვის ყავს 2 შვილი მსოფლიოს ნებისმიერი რეიტინგით საუკეთესო ათეულის უნივერსიტეტში, თან ერთდროულად? თავმდაბლობის გარეშე, გინესის წიგნში შესატანი მამა ვარ მგონი.
სერიოზულად კი, შვილის ბედნიერებას და წარმატებას არაფერი შეედრება. მასთან შედარებით ხომ სხვა ადამიანური სიამოვნებები მხოლოდ დროებითი გართობებია.”

