„მამაჩემის სიმთვრალეში გადაღებული ვიდეო მეზობელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა”

„მამაჩემის სიმთვრალეში გადაღებული ვიდეო მეზობელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა"„„სარკე“

არასოდეს, არასოდეს ვაპატიებ ჩემს მეზობელს იმას, რაც გამიკეთა! ჩემს მეგობრად ვთვლიდი და თურმე ყველაზე დიდი მტერი ყოფილა!

მამაჩემი ძალიან მორიდებული, მშვიდი ადამიანია, მაგრამ მთვრალი როცაა, სულ იცვლება. ბევრს ლაპარაკობს, არც ცეკვას აცდის ვინმეს და არც სიმღერას. არც ერთი გამოსდის კარგად და არც მეორე, მაგრამ თავს ვერ აკონტროლებს ხოლმე. სამაგიეროდ, მერე ძალიან განიცდის და ხალხში გამოჩენის რცხვენია. აი, ასეთ კაცს ჩემმა მეზობელმა, რომელსაც მეგობარს ვუწოდებდი, მამაჩემს ვიდეო გადაუღო და სოციალურ ქსელებში გაავრცელა. ყველა იმაზე იცინის, როგორ ცეკვავს და მღერის. კომენტარები რომ წავიკითხე, ლამის გული გამისკდა!

ამ ამბის შემდეგ შეყვარებულსაც დავშორდი, რადგან მითხრა, ამ ვიდეოზე ბევრი ვიცინეო. მე მინდოდა, ამეხსნა, რომ თავს ცუდად ვგრძნობდი. მინდოდა, ვინმეს ჩემი მდგომარეობა გაეზიარებინა, ეთანაგრძნო ჩემთვის, მაგრამ ამას შეყვარებულისგანაც ვერ ვეღირსე. გამოვუცხადე, ერთმანეთს ვშორდებით-მეთქი. მეუბნება, ჩაბოღმილი გოგო ხარო, მაგრამ არ მაინტერესებს, რაც უნდა, ის იფიქროს.

სხვებიც მეუბნებიან, იუმორის გრძნობა არ გაქვს, არ შეგიძლია, ხალხს კარგი თვალით უყუროო. ვერ ვხვდები, ეს რა შუაშია, იუმორიც მაქვს და არც დაბოღმილი ვარ, მაგრამ უსიამოვნოა, როცა 16 წლის გოგოს მამის გამო დაგცინიან და ყველა იმას გეუბნება, მამაშენი რა მაგარი ტიპიაო. რომ იცოდნენ, მამაჩემიც როგორ განიცდის, ამას აღარ იტყვიან!

მინდა, ადამიანებს მივმართო: სანამ ვინმეზე იღადავებთ, იქნებ იმაზე დაფიქრდეთ, რომ იმ ადამიანის გვერდით ოჯახი, შვილები და თავად ის პიროვნება დგას! მთვრალ კაცზე რომ “კაიფობ”, არა მგონია, კარგი საქციელი იყოს.

რაც შეეხება ჩემს მეზობელს, მისი დანახვაც არ მინდა! ბოდიშებს კი იხდის, მაგრამ არაფრის გაგონება მსურს! მან უდიდესი ტრავმა მოგვაყენა და ამას არასოდეს ვაპატიებ!

`სარკის” ერთგული მკითხველი