„სარკე“, მოამზადა ავთო ჩიტიძემ
ვარსკვლავური რომანი თითქმის 30 წელი გრძელდებოდა. სპენსერ ტრეისი ყველაზე პოპულარული კინოგმირი იყო ამერიკაში, თანაც მექალთანე და გამოუსწორებელი ლოთი. კეტრინ ჰეპბერნი კი ულამაზესი კინოვარსკვლავი გახლდათ. მათი წყვილი პრესის პირველი გვერდებიდან არ ჩამოდიოდა. ჟურნალისტები მათ ფოტოებს ხანდახან კიდევ ერთი ქალის ფოტოს მიუმონტაჟებდნენ ხოლმე. ეს ლუიზა ტრედველი, სპენსერის კანონიერი ცოლი გახლდათ, რომელიც, ქმრის გახმაურებული რომანის მიუხედავად, ბოლომდე მის ცოლად დარჩა.
ყოველი მისი ლოთობა ერთნაირად იწყებოდა: სპენსერი დგებოდა ლოგინიდან, კოცნიდა ცოლს, ალაგებდა ჩემოდანს, ანუ ჩემოდანში ალაგებდა ვისკის „ჯონ ვოლკერის” ბოთლებს, დაისხამდა ოდეკოლონს და ავტოსადგურში მიდიოდა. მისი რეისი, ტრადიციულად, ნიუ იორკი-ლოს ანჯელესი იყო. ის ფრენას ვერ იტანდა და ყოველთვის ავტობუსით მგზავრობა ერჩივნა. თანაც ამ დროს შეეძლო, საყვარელ სასმელთან განმარტოებულიყო. კარგი შენიღბვის მიუხედავად, მას ხშირად ცნობდნენ და ავტოგრაფებს სთხოვდნენ.
სპენსერ ტრეისი ლოს ანჯელესში ყოველთვის ერთსა და იმავე სასტუმროში, „ცისფერ მთვარეში” ჩერდებოდა. მისთვის ამ სასტუმროში ნომერი ყოველთვის დაჯავშნული იყო. მაშინვე იკეტებოდა სააბაზანოში და მანამ არ გამოდიოდა, სანამ ჩემოდანი ვისკისგან სრულად არ დაცარიელდებოდა.
ამ სასტუმროში სპენსერის რთული ხასიათის შესახებ ყველა მომსახურე პერსონალმა იცოდა. მთვრალი მსახიობი შემდეგ ავეჯის მტვრევაზე გადადიოდა. ამ დროს მის ოთახში დამლაგებელიც ვერ შედიოდა. სასტუმროს მეპატრონე კი ასეთ დებოშიორ სტუმარს მშვიდად იტანდა, რადგან სპენსერის სტუმრობა და სასტუმროს ტურისტებით გადავსება ერთი იყო. თანაც სპენსერი ბოლოს ყველაფერს პატიოსნად იხდიდა. სასტუმროს მეპატრონეს შეეძლო, ჩვეულებრივი ავეჯი ანტიკვარად გაესაღებინა და სამმაგი თანხა ამოეღო ლოთი კინოვარსკვლავისაგან.
სპენსერ ტრეისის მამა ირლანდიელი კათოლიკე იყო, რომელიც საშინელი შიმშილის დროს ამერიკაში გაიქცა. ბიჭმა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას გამოავლინა ინტერესი ალკოჰოლის მიმართ. ხშირად სკოლიდან იპარებოდა და ლუდის ბარში იმალებოდა. მსახიობობისადმი ლტოლვაც ამ პერიოდში გამოავლინა. კლასს შეკრებდა, ფულს ააგროვებდა და შემდეგ საოცარ ისტორიებს მთელი იმპროვიზაციით წარმოადგენდა.
სპენსერმა 15 სკოლა შეიცვალა და რამდენჯერმე სახლიდანაც გაიქცა. ამის შემდეგ მშობლებმა მასზე ხელი საბოლოოდ ჩაიქნიეს. მამამისიც არ გამოირჩეოდა კარგი ხასიათით. უყვარდა გართობა, ვისკი და ფეხბურთი, მაგრამ შვილის საქციელი საგონებელში აგდებდა.
სამომავლო გეგმებში სპენსერი კარგა ხანს ვერ გაერკვია. ჯერ მღვდლობა უნდოდა, მაგრამ ერთ კვირაში ყველაფერი მიატოვა საყვარელი კალათბურთის გამო. ჩაწერილი იყო კრივის სექციაშიც. ყველაზე უკეთ კი მასზე სამხედრო-საზღვაო ფლოტში სამსახურმა იმოქმედა. იქიდან დაბრუნებულმა განაცხადა, რომ მსახიობობა სურდა. ამჯერად კი ვეღარ მოითმინა ტრეის უფროსმა და მსახიობობაზე მეოცნებე შვილი სახლიდან გააგდო. ის თვლიდა, რომ ყველა მსახიობი პოტენციური გეი იყო.
ახალგაზრდა ირლანდიელი ნიუ იორკში დიდი დეპრესიის დროს მოხვდა. მიზერული ანაზღაურებით სპენსერი კინოთეატრში დამლაგებლად მოეწყო, სამაგიეროდ ფილმების უფასოდ ყურების საშუალება ჰქონდა. რამდენიმე წლის განმავლობაში მისი საკვები ბრინჯი და წყალი იყო. მოგვიანებით მიუზიკლში პატარა როლი მიიღო. კვირაში 10 დოლარს უხდიდნენ და სცენაზე ერთი რეპლიკაც კი არ ჰქონდა. მალე სპექტაკლი დახურეს. სპენსერმა ეს უსამართლობად მიიჩნია, რადგან თვლიდა, რომ მასზე უნიჭო მსახიობები ბროდვეიზე თამაშობდნენ, თვითონ კი პროვინციულ თეატრშიც კი ვერ ახერხებდა გაბრწყინებას.
იმ პერიოდში სპენსერმა გაიცნო მსახიობი ქალი, რომელიც უკვე ამაყობდა თავისი კარიერით. კაცი მიხვდა, რომ ასეთი ქალის გვერდით უფრო ადვილად მიაღწევდა წარმატებას და იგი ცოლად მოიყვანა. ეს გახლდათ ლუიზა ტრედველი. ერთი წლის შემდეგ კი ჯონ ტრეისიც დაიბადა.
სპენსერი უბედნიერესი იყო, როდესაც ვაჟი შეეძინა. ფულს არ იშურებდა სათამაშოებისათვის და იავნანასაც თავად უმღეროდა შვილს, მაგრამ 9 თვის შემდეგ მიხვდა, რომ ჯონს მისი იავნანა არ ესმოდა. ის დაბადებიდან ყრუ იყო. ამ ფაქტმა ძალიან იმოქმედა მსახიობზე, რადგან თვლიდა, რომ მაგარ ირლანდიელ ბიჭებს ასეთი შვილები არ უნდა ჰყოლოდათ. სწორედ ამ ეტაპიდან იწყება მისი ლტოლვა ალკოჰოლისაკენ. რამდენადაც გემრიელად თვრებოდა საღამოს, იმდენად მონდომებით თამაშობდა მეორე დღეს როლს სცენასა თუ კინოში.
მალე ის კინოსტუდია „ფოქსის” ხელმძღვანელობამ შენიშნა და ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა არნახული ჰონორარით – 350 ათასი დოლარი. კინოკრიტიკოსებმა მას ჰოლივუდის ყველაზე იმედისმომცემი ვარსკვლავის ტიტულიც მიანიჭეს. ტრეისმა ცხოვრებაში პირველად ირწმუნა საკუთარი თავის, რადგან მამაც და მისი პირველი აგენტიც მუდმივად უმეორებდნენ, რომ ძალიან მახინჯი იყო კინოსათვის.
ვარსკვლავური ცხოვრება სპენსერს ძალიან მოეწონა. გაზეთებში ხშირად იბეჭდებოდა ფოტოები სპენსერისა და მორიგი ლამაზმანის ჩახუტებით. ლუიზა ქმრის ღალატის იგნორირებას ცდილობდა. მას არც მაშინ ჰქონია რეაქცია, როდესაც მთელი ჰოლივუდი სპენსერისა და 55 წლის ქალის რომანზე ალაპარაკდა. პირველი ვარსკვლავური რომანი კი სპენსერს ლორეტ იანგთან ჰქონდა.
ცოლ-ქმარი შეთანხმდნენ, რომ განქორწინება არ იქნებოდა. ისინი, პირველ რიგში, შვილების მომავალზე ფიქრობდნენ. მათ მეორე შვილიც ჰყავდათ, რომელიც სრულიად ჯანმრთელი გახლდათ.
სპენსერი სკანდალებს არც კარიერაში ერიდებოდა. მან ხმაურით გაწყვიტა კონტრაქტი „ფოქსთან” და „ემჯიემთან” გააფორმა ხელშეკრულება კვირაში 5 ათასი დოლარის ანაღზაურებით. 1938 წელს ფილმისათვის „მამაცი კაპიტანი” მსახიობმა ოსკარი მიიღო, თუმცა ცერემონიას ვერ დაესწრო, რადგან საავადმყოფოში იწვა. პრიზი მისმა ცოლმა აიღო, რომელმაც სცენაზე განაცხადა: „ამ ჯილდოს ვიღებ სპენსერის სახელით, ჩვენი შვილების სახელით და თავად ჩემი სახელით!”.
ამ სიტყვებზე დარბაზი მქუხარე ტაშმა გააყრუა. ამ ცერემონიალს სპენსერი საავადმყოფოს პალატის ტელევიზორით უყურებდა. გვერდით კი ეჯდა ქალი, სახელად კეტრინ ჰეპბერნი, რომელიც ლუიზას ქმარსა და საყვარელ მამაკაცს სიცოცხლის ბოლომდე ეცილებოდა.
მათ ერთმანეთი ფილმ „წლის ქალის” გადაღებებზე გაიცნეს. კეტრინი ჟურნალისტის როლს თამაშობდა, რომელსაც უხეში სპორტული კომენტატორი შეუყვარდება. კომენტატორს სპენსერ ტრეისი ასახიერებდა. რეჟისორმა ჩათვალა, რომ ეს სამსახიობო წყვილი იდეალური შეყვარებულები იქნებოდნენ ეკრანზე და არც შემცდარა. თავად მსახიობებს კარგა ხანი არ სჯეროდათ, რომ ერთმანეთს გაუგებდნენ. თვით სპენსერი, რომელიც ახალ თავგადასავლებზე უარს არასოდეს ამბობდა, ამჯერად რეჟისორს არწმუნებდა, რომ ის და კეტრინი რადიკალურად განსხვავებულები იყვნენ და მაყურებელი მათგან შეყვარებულებს არ მიიღებდა.
კეტრინი ეგოცენტრულ ვარსკვლავად ითვლებოდა. მას წარსულში რომანი ჰქონდა ჰოვარდ ჰიუზთან. განსხვავება მართლაც დიდი იყო. კეტრინი მდიდარი ოჯახიდან იყო, რამდენიმე უცხო ენას ფლობდა, ფიგურულ სრიალში მედალი ჰქონდა მიღებული და ერთ-ერთ წარმატებულ ჩოგბურთელად და გოლფისტად ითვლებოდა. ყველაზე მთავარი კი ის გახლდათ, რომ ჰეპბერნი დასანახად ვერ იტანდა ლოთებს.
როდესაც სპენსერმა ჰეპბერნი გაიცნო, მეგობარმა სანაძლეო დაუდო, თუ რამდენ ხანში აღმოჩნდებოდა ქალი მის საწოლში. სპენსერის რეაქცია უცნაური იყო: „რა მინდა ლესბოსელის საწოლში?!”
მათი ერთობლივი მუშაობა ერთგვარ დუელს ჰგავდა. კეტრინი ითხოვდა ბევრ დუბლს, რათა უკეთ შესულიყო როლში. სპენსერი კი თვლიდა, რომ ნამდვილ მსახიობს ყველაზე კარგი კადრი პირველ მცდელობაზე გამოსდიოდა.
კეტრინი ვერ იტანდა უდისციპლინობას და ერთხელ თავად გამოათრია სპენსერი ბარიდან, თან პატარა ბავშვივით დატუქსა. სპენსერმა ჭირვეული ქალის მორჯულება გადაწვიტა და ვახშამზე დაპატიჟა. პაემანზე კეტრინი მხოლოდ ცნობისმოყვარების გამო წავიდა, რომანზე არც კი ფიქრობდა. ვახშამზე კი რაღაც დაუჯერებელი მოხდა. კეტრინმა ამ მამაკაცს უამბო თავისი ცხოვრების ისეთი დეტალები, რომლებიც მანამდე არავისთვის გაუმხელია. მოკლედ, კეტრინმა სპენსერს გული გადაუშალა.
მოუყვა, რომ მისი მშობლები სახლში შიშვლები დადიოდნენ, რომ თავად ქალიშვილობა 23 წლამდე შეინახა, მაგრამ ყველა თაყვანისმცემელ ბიჭს მისი შიშველი სხეული ნანახი ჰქონდა. უყვებოდა, რომ მისი პირველი მამაკაცი 20 წლით უფროსი და თანაც ლოთი იყო. კოლეჯიდან იმის გამო გამოაგდეს, რომ სასწავლებლის სახურავზე შიშვლდებოდა და სიგარეტს ეწეოდა. გულის გადაშლას ცეკვა მოჰყვა. შედეგად კი მეორე დღეს გადასაღებ მოედანზე არც ერთი გამოცხადდა. მთელი დღე სასტუმროს ნომერში ერთად გაატარეს.
სპენსერი მიხვდა, რომ კეტრინი ის ქალი იყო, რომელსაც ყოველთვის ეძებდა, მაგრამ მაინც მტკიცედ გადაწყვიტა, ოჯახი არ დაენგრია. კეტრინის არსებობის შესახებ ლუიზამ გაზეთებიდან შეიტყო, რომლებიც აჭრელებული იყო სათაურებით: „სპენსერ ტრეისი ერთდროულად ორ ცოლთან ცხოვრობს”, „ჰოლივუდის ჰარამჰანა”. ამ ინფორმაციების წაკითხვის შემდეგ ლუიზა კლინიკაში მოხვდა ნერვული შეტევით. მოღალატე ქმარი ცოლს საავადმყოფოში ყოველდღე აკითხავდა და საოცრად ფაქიზი და მზრუნველი იყო. საყვარლებმა კონსპირაციული შეხვედრები დაიწყეს და პრესამ ისინი მალე დაივიწყა.
ფილმ „წლის ქალის” ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ტრეისი ამერიკის ყველაზე პოპულარულ მსახიობად აღიარეს. მოგვიანებით სპენსერმა და ჰეპბერნმა ერთად კიდევ 8 ფილმში ითამაშეს.
კეტრინი სპენსერისათვის იყო მძღოლიც, მზარეულიც, დამლაგებელიც, ძიძაც, საყვარელიც და ნდობით აღჭურვილი პირიც. მან რამდენჯერმე სცადა საყვარელ მამაკაცთან დაშორება, მაგრამ ვერ მოახერხა. ლუიზაც კმაყოფილი იყო ქმრის გვერდში დგომით. დილით მისთვის ყავა ლოგინში მიჰქონდა. ბავშვებთან ერთად ხშირად დადიოდნენ დისნეილენდში და პიკნიკებზე.
კეტრინთან რომანის პარალელურად სპენსერმა ორი მოკლევადიანი რომანის გაბმაც მოასწრო გრეის კელისთან და ჯინ ტორნისთან. ეს ღალატი სპენსერს ორივე ქალმა, ლუიზამაც და კეტრინმაც უსიტყვოდ აპატიეს. მისი სექსუალური ცხოვრება ხომ წამებსღა ითვლიდა. 57 წლის ასაკში ის სრული იმპოტენტი გახდა.
ამ ასაკიდან მოყოლებული, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მას რთული ოპერაციის გადატანაც მოუხდა. ჟურნალ-გაზეთებში უკვე გამზადებული ჰქონდათ ნეკროლოგები, მაგრამ სპენსერმა კრიზისი დაძლია. მსახიობს არ სურდა, სიცოცხლის ერთი დღეც კი უქმად გაეტარებინა და საავადმყოფოშივე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კეტრინთან ერთად კიდევ ერთ ფილმში ეთამაშა. ეს იყო ფილმი „გამოიცანი, ვინ მოვა სადილზე”.
მსახიობი გრძნობდა, რომ ეს როლი კეტრინთან გედის სიმღერასავით იქნებოდა. მალე ინანა, რომ ფილმში მონაწილეობას დათანხმდა. გადასაღებ მოედანზე ხშირად განრისხებული ყვიროდა: „მე ცოცხალი ადამიანი ვარ, გვამივით ნუ მექცევით!”. გადაღებებზე ექიმების ბრიგადები მორიგეობდნენ, გადაღებების დასრულებიდან ორ კვირაში კი სპენსერი გარდაიცვალა.
ფილმმა უდიდესი წარმატება მოიპოვა. ის ოსკარზე ათ კატეგორიაში იყო ნომინირებული. დაჯილდოების ცერემონიალზე კეტრინ ჰეპბერნი არ წავიდა. ის ამ დროს სპენსერის საყვარელ სასტუმროში იყო გამოკეტილი და იქ შეიტყო, რომ ქალის საუკეთესო როლისათვის ოსკარით დაჯილდოვდა. კეტრინმა ჩაილაპარაკა: „ჩემი ჯილდოები ორივეს გვეყოფა”.
კეტრინ ჰეპბერნი საყვარელი მამაკაცის დაკარგვის შემდეგ კარგა ხანი ვერ გამოდიოდა მდგომარეობიდან. ის ოცნებობდა ტრეისთან სიბერის გატარებაზე, მაგრამ ბედმა ამის საშუალება არ მისცა.
კეტრინ ჰეპბერნმა 93 წელი იცოცხლა და სიცოცხლის ბოლომდე მხოლოდ სპენსერზე მოგონებებით ცხოვრობდა. მის სახლში მათი ერთობლივი 8 ფილმი მუდმივად ტრიალებდა ტელეეკრანზე.