,,სარკე”, აზა გაგოშიძე
ქალები აღმერთებენ უძვირფასეს კოსმეტიკურ საშუალებებს, მაგრამ არც ხალხური საშუალებების დავიწყება ღირს, მაგალითად, ხილის ნიღბების, რომელთა გამოყენების შემდეგ კანი სწრაფად ახალგაზრდავდება.
კოსმეტიკური ნიღ-ბების გამოყენება ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ. კრემებისაგან განსხვავებით, ნიღაბი საკმაოდ სქელ ფენად უნდა წაისვათ, რითაც მკვებავი ნივთიერებების კანში შეწოვას უწყობთ ხელს. ნიღაბი კვირაში 1-2-ჯერ 20-30 წუთით დაიდეთ. კურსი 15-20 ნიღაბია. ერთი თვე შეისვენეთ და მერე კვლავ განაგრძეთ.
სანამ ნიღაბს დაიდებთ, კანი კარგად უნდა გაისუფთაოთ მისი ტიპის გათვალისწინებით. ცხიმიანი – კოსმეტიკური საპნით სუფთავდება, მშრალი და მგრძნობიარე – სპეციალური ლოსიონით. იმისათვის, რომ მკვებავმა ნივთიერებებმა კანში კარგად შეაღწიოს, საჭიროა სახე წინასწარ დაიორთქლოთ ან თბილი წყალი შეისხათ. დაიმახსოვრეთ, ქუთუთოებსა და ტუჩებზე მხოლოდ მკვებავი კრემი უნდა წაისვათ, არავითარ შემთხვევაში – ნიღაბი.
კოსმეტოლოგები რეკომენდაციას იძლევიან, რომ ნიღბები უშუალოდ გამოყენების წინ მოამზადოთ, თუმცა შეგიძლიათ მომზადებული ფაფა მაცივარშიც შეინახოთ. პროცედურის დროს სახე უმოძრაოდ უნდა გქონდეთ, ამიტომ ნიღბის წასმის შემდეგ, უმჯობესია, წამოწვეთ, მოდუნდეთ და რაიმე სასიამოვნოზე იფიქროთ.
ყველაზე მარტივია ახალი კენკროვნები ან ხილი დაჭყლიტოთ და მაშინვე სახეზე წაისვათ. თუ კენკროვანი ან ხილი საკმარისად წვნიანი არაა, შეგიძლიათ, ფაფას ცოტა რძე დაამატოთ, თუ პირიქით, ძალიან თხევადია, ფქვილი ჩაუმატეთ. სასარგებლოა ასევე სახეზე ფორთოხლის, პომიდვრის, კიტრის ან ლიმონის ნაჭრების დადებაც.
ნიღბები ყველა ტიპის კანისათვის
ფორთოხლის ნიღაბი – გახეხეთ ფორთოხლის ცედრა, დაუმატეთ 1 კვერცხის გული, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და 1 ჩ.კ. მცენარეული ზეთი. ნიღაბი წასმიდან 10-15 წუთში ოხრახუშის ნაყენით ჩამოიბანეთ.
ვაშლის ნიღაბი – გასუფთავებული ვაშლი სახეხზე გახეხეთ. მიღებულ ფაფას 2 ს.კ. გაუცხიმოებული ხაჭო დაუმატეთ და კარგად აურიეთ. წაისვით სახეზე და 20 წუთში თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ნიღბები ცხიმიანი კანისათვის
გარგარის ნიღაბი – გახეხეთ გარგარი, შეურიეთ მჟავე რძე (1:1) და სახეზე წაისვით. გაიჩერეთ 10-15 წუთი, ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
ყურძნის ნიღაბი – 2-3 მარცვალი ყურძენი გახეთქეთ და წვენი სახესა და ყელზე წაისვით. 15 წუთში ჩამოიბანეთ.
ლიმონის ნიღაბი – 1 კვერცხის ცილა გათეთრებამდე ათქვიფეთ და წვეთწვეთობით ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი დაუმატეთ. განსაკუთრებით რეკომენდებულია ფორებიანი და მომჩვარული კანისათვის.
ნიღბები მშრალი კანისათვის
ბანანის ნიღაბი – მწიფე ბანანი გასრისეთ ისე, რომ პიურე მიიღოთ. აურიეთ 1 კვერცხის გული და 1 ჩ.კ. მცენარეული ზეთი. წაისვით სახეზე 20 წუთით. ეს ნიღაბი კარგია მგრძნობიარე კანისთვისაც.