ვინ მიიწვია ნუცა ბუზალაძემ სტუმრად თავის ამერიკულ სახლში – „სულ ვიცინით, სულ ვერთობით და მართლა ძალიან შემიყვარდა“
„ჩემი ოცნებები არასდროს ყოფილა პატარა“ - რა აღმოჩენები გააკეთა მომღერლმა „ნიჭიერის“ ჟიურიში

„სარკე“, ავთო ჩიტიძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელმაც ბოლო წლებში შეძლო, თავისი ნიჭი და შესაძლებლობები არა მარტო საქართველოში, არამედ ოკეანის გაღმაც დაემტკიცებინა და ახალ სიმაღლეზე აეყვანა, დაგროვილ გამოცდილებაზე, დაუვიწყარ ემოციებსა და სამომავლო გეგმებზე ჩვენი ჟურნალის მკითხველებს უყვება.

მისთვის 2026 წელი ნამდვილად გამორჩეულია _  სცენა, საერთაშორისო წარმატება,  ბათუმში გამართული სოლო კონცერტი, მუდმივი მოგზაურობა საქართველოს, ამერიკასა და შვეიცარიას შორის, სადაც კონცერტებში მონაწილეობს  და კიდევ ერთი საინტერესო გამოცდილება _ „ნიჭიერის“ ჟიურის სავარძელი.

ამჯერად მომღერალი თავად აღარ იბრძვის ჟიურისგან მხარდაჭერის  მოსაპოვებლად, პირიქით, მისი შეფასებები და ემოციები კონკურსანტებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

როგორია სცენის მეორე მხარეს ყოფნა, ვინ გახდა მისი ახალი მეგობარი, რა მოსწონს ყველაზე მეტად „ნიჭიერის“ ჟიურის წევრის ამპლუაში და რა სიახლეებისთვის ემზადება _  მისი ინტერვიუდან, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, თავად დარწმუნდებით, რომ ნუცას ამბიციური გეგმები მხოლოდ ახლა იწყებს განხორციელებას.

_ ნუცა, როგორი იყო ემოციები, როცა „ნიჭიერის“ ჟიურის წევრობაში შემოგთავაზეს და რა მოგწონთ ყველაზე მეტად ამ ამპლუაში?

_ ძალიან გამიხარდა! მთელი ცხოვრება კონკურსანტის ამპლუაში ვიყავი, უამრავი საერთაშორისო კონკურსი მაქვს გამოვლილი და ახლა უკვე ჟიურის სავარძელში აღმოვჩნდი. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ შემიძლია, მონაწილეებს ჩემი გამოცდილება გავუზიარო, გავამხნევო და საკუთარი თავის რწმენა შევმატო.

_  სიმღერის გარდა სცენაზე რა ჟანრები იწვევდა თქვენში დიდ ინტერესსა და ემოციებს?

_ ძალიან მიყვარს ცეკვა, აკრობატიკა და სანახაობრივი წარმოდგენები. განსაკუთრებით მაშინ ვიღებ სიამოვნებას, როცა ნომერს თავისი ისტორია აქვს და ემოციას იწვევს. ჩემთვის მთავარია, მონაწილემ რაღაც განსაკუთრებული მაგრძნობინოს.

_ როგორ შეეწყვეთ ჟიურის დანარჩენ წევრებს, რა რა კუთხით გაიცანით, აღმოჩენები გააკეთეთ მათში?

_ ჟიურის ყველა წევრს მანამდეც ვიცნობდი და ძალიან მიყვარდა, ამიტომ თავიდანვე საოცრად კომფორტულად ვიგრძენი თავი. ჩემი მთავარი აღმოჩენა ჯი ქეი,  ბრაზილიელი ინფლუენსერია. საოცრად კარგად გავუგეთ ერთმანეთს, თითქმის ერთნაირი ხასიათი გვაქვს! სულ ვიცინით, სულ ვერთობით და მართლა ძალიან შემიყვარდა! ახალი მეგობარი შევიძინე. თან შემპირდა, რომ ლოს ანჯელესში, ჩემთან სახლში ჩამოვა სტუმრად. ასე რომ, ველოდები!

_  როცა სცენაზე ნომერი ან გამომსვლელი არ მოგწონთ, გამოგდით, სიმართლე უთხრათ ისე, რომ გული არ ატკინოთ?

_ ვფიქრობ, სიმართლის თქმა ისე შეიძლება, რომ ადამიანს მოტივაცია არ დაუკარგო. თავადაც უამრავი კონკურსი მაქვს გამოვლილი და ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ჟიურის თითოეული სიტყვა. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი შეფასება იყოს გულწრფელი, მაგრამ ამავდროულად კონსტრუქციული და კეთილგანწყობილი.

_ თავად გახსოვთ ჟიურის მხრიდან ყველაზე ცუდი და ყველაზე კარგი შეფასება?

_ იმდენი კონკურსი მაქვს გამოვლილი, რომ უამრავი შეფასება მახსოვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. ჩემთვის ყველაზე ღირებული ყოველთვის კონსტრუქციული კრიტიკა იყო. ვისწავლე, რომ ერთმა უარყოფითმა შეფასებამ არ უნდა განსაზღვროს შენი შესაძლებლობები. პირიქით, ზოგჯერ სწორედ კრიტიკა გვაძლევს განვითარების ყველაზე დიდ მოტივაციას.

_  რა უნდა დაინახოთ ადამიანში, რომ მას ნიჭიერი უწოდოთ?

_ ჩემთვის ნიჭი არა მხოლოდ ტექნიკური შესაძლებლობაა. ეს არის ინდივიდუალიზმი, განსაკუთრებული ენერგია და უნარი, რომ ადამიანებში ემოცია გამოიწვიო. მჯერა, რომ ნიჭთან ერთად შრომისმოყვარეობა და დისციპლინა აუცილებელია.

_ რამე ისეთი ნიჭი ხომ არ გაქვთ, რომლის შესახებ  ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში არ ვიცით?

_ ალბათ ჩემი ფარული ნიჭი ადამიანებთან ურთიერთობაა! ძალიან კომუნიკაბელური ვარ და სრულიად უცხო ადამიანთანაც შემიძლია ხუთ წუთში ისე დავმეგობრდე, თითქოს, წლებია, ერთმანეთს ვიცნობთ. ძალიან მიყვარს ადამიანები და ახალი ნაცნობობა.

_ ალბათ ამ პროექტის გამო სულ საქართველო-ამერიკას შორის გიწევთ  ფრენები.

_ დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი მეორე სახლი თვითმფრინავია! ამჟამად ამერიკას, შვეიცარიასა და საქართველოს შორის ვანაწილებ ჩემს დროს. საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, რომ ამ ყველაფერს სიამოვნებით ვაკეთებ. საქართველოში დაბრუნება კი ყოველთვის განსაკუთრებულად მიხარია.

_  ალბომი, ახალი ჰიტები, სოლო კონცერტი საქართველოში… კიდევ რას უნდა ველოდოთ თქვენგან?

_ ეს წელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. განსაკუთრებით ემოციური ბათუმში გამართული ჩემი სოლო კონცერტი აღმოჩნდა. პარალელურად აქტიურად ვმუშაობ ახალ მუსიკაზე და საერთაშორისო თანამშრომლობებზე. ჩემი მთავარი მიზანია, ქართული სახელი მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში კიდევ უფრო ხმამაღლა ისმოდეს.

ძალიან საინტერესო სიახლეები მზადდება, რომლებსაც მალე გაგიზიარებთ! ჩემი ოცნებები არასდროს ყოფილა პატარა და მჯერა, რომ ყველაზე დიდი წარმატებები ჯერ კიდევ წინ არის.